საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

მარი ბექაურის მომენტი

თუ უცხოური წიგნების ბაზარს გადაავლებთ თვალს და შეხედავთ წიგნების ონლაინ მაღაზიებს, დაინახავთ, რომ ბესტსელერების სიაში ყოველთვის ჟანრული წიგნები ჭარბობს. მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ჟანრული ლიტერატურა ძალიან დაფასებული და წინ წამოწეულია, იწერება უამრავი ისტორიული ჟანრის წიგნი, ხარისხიანად და უხარისხოდაც, იწერება საშინელებათა ჟანრის წიგნები, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, სასიყვარულო ჟანრის მარტივზე მარტივი რომანები, დეტექტივები, თრილერი, მისტიკა და მთელი მსოფლიოს მკითხველი დიდი ინტერესით ელოდება ამ წიგნებს. მათ ერთი უცნაურობა ახასიათებს - ისინი ხელიდან ხელში ძალიან მარტივად გადადის. ჟანრული ლიტერატურის ავტორები უფრო მალე ახერხებენ პოპულარობის მოპოვებას და, თავის მხრივ, ის მკითხველი, რომელიც ჟანრული ლიტერატურით იწყებს კითხვას, ეჩვევა წიგნთან ურთიერთობას და ხვდება, რომ ლიტერატურა არ არის მაინცდამაინც ხუთასგვერდიანი ისტორია კუზიანი კვაზიმოდოსი და ასგვერდიანი აღწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სვეტებისა და მისთვის წიგნი ისეთივე მოხმარების საგნად იქცევა, როგორც ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილურები.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჟანრულ ლიტერატურას ფეხის მოკიდება რატომღაც ძალიან გაუჭირდა. მე ვერ გავიხსენებ ბოლო წლებში დაწერილ ქართულ ისტორიულ რომანს და, ზოგადად, ისიც შესამჩნევია, რომ ქართველი ავტორისთვის ცოტა დამამცირებელიცაა ჟანრული ლიტერატურის ავტორად მონათვლა. ძალზე იშვიათად იწერება ე. წ. ბულვარული - სასიყვარულო  რომანები, რომლებსაც დიდი ხანია მთელს მსოფლიოში დაპყრობილი  აქვთ მკითხველის გულები და, საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ჩემი მარტივი დაკვირვებით, ქართულ ლიტერატურას ძალიან  მოკლე საზღვრებს უწესებს და ვერ სცდება ორას-, ქვა გასკდეს - სამასკაციან მკითხველთა ჯგუფს, რომელიც ძირითადად ლიტერატორებით, მწერლებით და მთარგმნელებით არის შემოფარგლული. 

ამ მხრივ მარი ბექაურმა, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და მის შემოქმედებას ფეხდაფეხ  მივყვები, ჟანრობრივად და სტრუქტურულად ძალიან განსხვავებული რომანი შესთავაზა ქართველ მკითხველებს. ავტორის რიგით მეხუთე წიგნი „ანას მომენტი“ სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს შეიცავს (დეტექტივი, თრილერი, მისტიკა), თან ყველაფერი ძალიან ზუსტად და გემოვნებიანად არის გაკეთებული და ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ჟანრულ ლიტერატურას ევალება, რომ ჰქონდეს. წიგნი იკითხება ძალიან სწრაფად და ყველასათვის გასაგები ენით არის აღწერილი მარტივი, თუმცა ძალიან საინტერესო და ჩახლართული ამბავი, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან მწვავე და პრობლემურია.

რომანში მოქმედება ჩვენს დროში,  თბილისში ხდება. ახალგაზრდა და ცნობილ ავტორს, ანა ნაკაშიძეს ქალაქის ერთი სკვერში პოულობენ. ქალი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს, არ იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან მოხვდა ამ სკვერში. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არა აქვს და ვარაუდობენ, რომ იგი ძალიან დიდი სტრესის შედეგად მივიდა გონების სრულ გათიშვამდე, თუმცა მას ახსოვს ყველაფერი, თავისი თავისა და საკუთარი  წარსულის გარდა.

მიზეზის დადგენას, თუ რამ გამოიწვია ამნეზია, მთავარი პერსონაჟი უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადაჰყავს, საქმეში მარტო ადგილობრივი პოლიცია კი არერთვება, არამედ მთელი მსოფლიო მომართავს ყურადღებას 32 წლის ქართველი მწერლისკენ და საბოლოოდ ქართული ლიტერატურისთვის უცხო და საინტერესო წიგნი გვრჩება ხელში, რომელიც, გარდა იმისა, რომ მკითხველს სასიამოვნოდ გაატარებინებს ერთ  დღეს, ბევრ რამეზე დააფიქრებს.  მარი ბექაური ცდილობს, ამ ფორმით გადმოგვცეს ის, რაც პირადად მას ძალიან აწუხებს და ვერაფრით ივიწყებს ჩვენთვის უპატიებელ წარსულს. იგი თითქოს ცდილობს, გვითხრას, რომ რაღაცების დავიწყება არ შეიძლება და თუკი მსოფლიო არ მოგვისმენს, ანა ნაკაშიძეს უნდა მივბაძოთ.

პირადად ჩემთვის ეს წიგნი კიდევ ერთი მიზეზის გამოცაა საინტერესო - მარი ბექაურმა მოახერხა, შეექმნა არა მარტო საინტერესო წიგნი, არამედ საინტერესო პერსონაჟი ქალიც, რომელიც ძლიერია,  წერს, არც ქმარზეა დამოკიდებული, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ახერხებს იმას, რის გაკეთებაც ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია - სხვა ადამიანებით მანიპულირება, მათი მოტყუება და თითქმის მთელი სამყაროს ყურადღების მომართვა 32 წლის ქართველი ქალისკენ. მარი ბექაურის ანა სიმართლის დასადგენად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. მას არც ხმის ამოღების ეშინია და არც რადიკალური მოქმედებისა. ალბათ დამერწმუნებით, რომ ამგვარი ქალი ქართული ლიტერატურისთვის ძალიან უცხო და ახალი პერსონაჟია.

ასეც რომ არა, რომანი თავიდან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ერთი ადამიანის პირად ტრაგედიაზეა წიგნი, წარსულზე, რომელსაც ვერ ივიწყებს, მაგრამ სიუჟეტი ისე ვითარდება და ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ სცდება ერთი ადამიანის პრობლემას და საყოველთაო ხდება. ყველა დეტალი წინასწარ არის მოფიქრებული. რომანისთვის ამგვარი სახე რომ მიეცა, ავტორმა ბევრი იმუშავა, ყველა დეტალი წინასწარ გათვალა და დაამუშავა. 

ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მე, როგორც მკითხველი, მივესალმები ამ სახის ექსპერიმენტებს და ვისურვებდი, რომ ავტორმა  მუდმივად განაახლოს თავისი შემოქმედება. მიხარია, რომ ეს წიგნის არსებობს, წიგნი, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს უნივერსიტეტის პროფესორს, იმავე უნივერსიტეტის სტუდენტს და უბრალო დიასახლისსაც და ის სამივე ტიპის მკითხველისთვის ერთნაირად  საინტერესო იქნება, თქვენ კი, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, გირჩევთ, დატკბეთ მარი ბექაურის მომენტით - ამგვარი სიახლეებით ქართველი მკითხველები არ ვართ განებივრებული.