საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
19 ოქტომბერი 2017
ლემონი სნიკეტი

ქარიშხალი

„ქარიშხალი“ მორალის გარეშე

„სამი დათვის“ მორალია „სხვის სახლში არასოდეს შეიპარო“;  „ფიფქიას“ მორალია „ვაშლი არასოდეს შეჭამო“; პირველი მსოფლიო ომის მორალია „ერცჰერცოგ ფერდინანდს ნუ მოკლავ“... ამ ამბიდან კი მორალის გამოტანა გამიჭირდება.“

    წიგნის ავტორი არ აჭარბებს. პატარა და-ძმა ბოდლერების უიღბლო ისტორიებიდან მორალის გამოტანა მრთლაც ძნელია. თუმცა  ეს „უმორალო ამბები“ ალაგ-ალაგ ისეთი სასაცილოა, რომ ბავშვების უბედურებას გავიწყებს. ამის დასტურად კი ზემოთ მოყვანილი ფრაზაც გამოდგება: „პირველი მსოფლიო ომის მორალია „ერცჰერცოგ ფერდინანდს ნუ მოკლავ“.

    ამერიკელი მწერალი ლემონი სნიკეტი (ნამდვილი სახელი: დენიელ ჰენდლერი) დიდ რისკზე მიდის, როცა შავ იუმორს მიმართავს, თანაც ამას საბავშვო წიგნებში აკეთებს. მაგრამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მის ამბებში მხოლოდ ტრაგედიები ხდება და სიკეთისა და მხიარულების ადგილი არაა, საბოლოოდ მაინც ისე ასრულებს ყველაფერს, რომ შვებით ამოვისუნთქავთ და წიგნს გაღიმებულები ვხურავთ.

    მორიგ უიღბლო ამბავში, რომელსაც „ქარიშხალი“ ჰქვია, მწერალი ბოდლერებს დიდ ქარიშხალს დაატეხს თავს. თუმცა მანამდე ბავშვებმა სხვა განსაცდელებსაც უნდა გაუძლონ: საცხოვრებლად გადაბარგდნენ დეიდა ჟოზეფინასთან, რომლისთვისაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გრამატიკა და გრამატიკული წესებია,და რომელსაც ირაციონალური შიშები აწუხებს (მაგალითად, ტელეფონისა და ღუმლის შიში. ამ უკანასკნელის გამო კი, უკვე წლებია, მის სახლში ცხელი წვნიანი აღარ მომზადებულა);  დაუპირისპირდნენ გრაფ ოლაფს, რომელიც ქარიშხლის ისტორიაში ცალთვალა და ცალფეხა მეზღვაურ შემად გვევლინება; როგორც  ყოველთვის, უშედეგოდ უმტკიცონ ბატონ პოს მეზღვაური შემის ჭეშმარიტი ვინაობა...

     დეიდა ჟოზეფინას შიშების აღწერა წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია. ავტორი რაციონალური თუ ირაციონალური შიშების აღწერისას ისეთ მაგალითებს მოიხმობს, რომ სიცილისგან კარგა ხანს სულს ვერ მოითქვამ. მანამდე კი საუბრობს მოვლენათა საღი შეფასების უნარზე, რასაც შემდეგნაირად განმარტავს:

    „საკუთარი თავის ნუგეშისცემა იმით, რომ იწყებ შენი ამჟამინდელი მდგომარეობის შედარებას იმასთან, რაც სხვა დროს ან სხვა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა.“ „ვთქვათ, თუ ცხვირზე მუწუკი გამოგივიდა, რომელიც გაუშნოებს, ალბათ უმჯობესია, ეს მოვლენა საღად შეაფასო: მაგალითად ცხვირზე მუწუკის გამოსვლა შეადარო იმ ადამიანის ამბავს, რომელიც დათვმა შეჭამა. თუ ასე მოიქცევი, სარკეში შენს მუწუკიან ცხვირს რომ დაინახავ, საკუთარ თავს ეტყვი: „ეს არაფერი, კიდევ კარგი, დათვს მაინც არ შევუჭამივარ.“

    წიგნის ავტორივით მეც წინასწარ გაფრთხილებთ: ვიოლეტს, კლაუსსა და სანის ამ ამბავში არც დათვი შეჭამს და არც მუწუკები გამოუვათ, თუმცა ისეთი რამეები დაემართებათ, რომ დათვთან ბრძოლას, მით უმეტეს, ცხვირზე მუწუკის გამოსვლას არაფრით ჩამოუვარდებ, მაგრამ სამი ბავშვი,  როგორც სხვა დროს, ახლაც შეთანხმებული მოქმედებით აღწევენ თავს გარდაუვალ უბედურებას;  ვიოლეტი თავისი გამომგონებლური ნიჭითა და საზრიანობით, კლაუსი  უკიდეგანო განათლებით, ხოლო ნაბოლარა სანი სისწრაფითა და მოხერხებულობით ქმნიან ძალას, რომელსაც ნებისმიერი ბოროტების დამარცხება შეუძლია.

ასე რომ, შეიძლება ლემონი სნიკეტი ცდება კიდეც და ამ უიღბლო ამბების სერიასაც აქვს თავისი მორალი - ძალა ერთობაშია!

 

(c) მარი ბექაური

ლემონი სნიკეტი

ქარიშხალი