საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
07 მაისი 2018
მარი ბექაური
იტალო კალვინო

თუ ზამთრის ღამით მოგზაური

კალვინოს რთული თამაში

იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ არის რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟიც შენ ხარ, მკითხველი, ადამიანი, რომელიც ამ წიგნს გადაშლი და პირველივე გვერდებზე ამოიკითხავ, რომ ზამთრის ღამის მოგზაური საკუთარ თავს, უბრალოდ, „მეს“ უწოდებს; რომ სახელი არ აქვს წიგნის იმ პერსონაჟსაც, რომელიც მთელ ამ აბურდულ და დანაწევრებულ ამბავს მოგვითხრობს, და უფრო მეტიც - ის პირდაპირ გვეუბნება, რომ შენ (მკითხველი) წიგნის ნაწილი ხარ, შენ ხარ ის, ვინც ეს გაბნეული ისტორიები უნდა შეაკოწიწოს, და რომ „კითხვა პროცესია, რომელსაც ობიექტი არ გააჩნია.“

„თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ პირველი თავია, პირველი ამბავი მატარებლის სადგურზე აღმოჩენილი კაცისა, რომელსაც წიგნში მოთხრობილ სხვა ამბებთან კავშირი არ აქვს. მოგვიანებით თქვენ შეგხვდებათ დაბა მალბორკის შემოგარენში; უფსკრული, სადაც ჩრდილები მუქდებიან; გადახლართული და ურთიერთგადამკვეთი ხაზების ქსელები - სხვადასხვა ისტორია სხვადასხვა დროსა და სივრცეში (და, სხვათა შორის, დროის და სივრცის საკითხს კალვინო წიგნში რამდენჯერმე წამოჭრის), რომლებსაც საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ გარწმუნებენ: „ნებისმიერი ამბის არსს ორი მხარე აქვს: სიცოცხლის გაგრძელება და სიკვდილის გარდაუვალობა.“

რომანის ძირითადი სიუჟეტური ხაზი თითქოს გამქრალი და აკრძალული წიგნების ძებნის, მათ ავტორთა დადგენის, წიგნების ფალსიფიკაციის, მკითხველი კაცისა და მკითხველი ქალის უცნაური სასიყვარულო ურთიერთობის გარშემო ვითარდება. თუმცა, როცა იტალო კალვინოს ამ წიგნზე საუბრობ, ძნელია გადაჭრით თქვა, რაზე და ვისზეა წიგნი. ავტორს გამუდმებით ჩიხში შეყავხარ.

თავიდან მთავარი პერსონაჟი ლუდმილა გგონია - მკითხველი ქალი, რომელზეც ამბის მთხრობელია შეყვარებული. შემდეგ - ფალსიფიკატორი მარანა, მთელ მსოფლიოში მოდებული ქსელით. მოგვიანებით გიჩნდება ეჭვი, რომ ლუდმილას და მარანას ისტორიებს ავტორი იმისთვის გიყვებოდა, შემოქმედებით კრიზისში მყოფი ირლანდიელი მწერლის, სილას ფლანერის უჩვეულო შემთხვევამდე მიეყვანე. თუმცა, გაიგებ ფლანერის ამბავსაც და ხვდები, რომ ეს გამუდმებული დევნაა, დაუსრულებელი ძიება, რომელშიც მკითხველიც პერსონაჟივითაა ჩართული და რომელსაც, ღმერთმა უწყის, ექნება თუ არა დასასრული.

იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ რთული თამაშია, თხრობის, ენის თუ სტილის თვალსაზრისით. ჩახლართული ამბების ჯაჭვი, სადაც გასაღები ამბების არსია და არა მსგავსება ფორმაში. ასეთ იმპროვიზაციას ლიტერატურული თამაშების ღმერთთან, ხულიო კორტასართანაც კი ვერ შეხვდებით.

წიგნი მეტარომანად, ჰიპერრომანად შეაფასეს და ის მართლაც უნიკალური პოსტმოდერნული რომანია, სრულიად უჩვეულო იტალო კალვინოსთვისაც კი, რომელმაც იტალიურ პოსტმოდერნულ პროზას დაუდო სათავე. ასე რომ, „შეპყრობილ მკითხველებს“ და მაძიებლებს წინ დიდი პარტია გელით, ქაოსური და ჩამთრევი, პარტია, რომლის გამოტოვებაც უბრალოდ დაუშვებელია.