საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
10 მაისი 2017
მარი ბექაური
დათო სამნიაშვილი

MOX

დათო სამნიაშვილის ვირტუალური სამყარო

სამყაროს აღსასრული. ადამიანები აანალიზებენ, რომ საკუთარი თავის შესაცნობად არ წარმოშობილან და მატერიალურ ყოფაზე უარს ამბობენ. ცხოვრების საზრისი ილუზიაა, დედამიწა კი-„ერთი დიდი ჭამა-ჯმის ადგილი, რომელიც განავლის სუნად ყარს.“

სწორედ ამ მომენტში მივიწყებული მეცნიერის, კარლ მოქსის იდეები ცოცხლდება.მატერიალურ რეალობას ვირტუალური ანაცვლებს. იქმნება „მოქსი“ -იდეალურად მოწყობილი სამყარო, რომლისბინადრებიც მხოლოდ „მომხმარებლები“ არიან და არა „მწარმოებლები“;სადაც შიში, ტკივილი, სიკვდილი და სხვა ადამიანური ცნებები გამქრალია. არ არსებობს კონკურენცია და დომინაცია. ხოლო „იქ, სადაც არ არიან გამარჯვებულები, ვერ იარსებებენ დამარცხებულები.“

    მთელი ეს სიგიჟე დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომან „MOX“-ში ხდება.

    მოქსის სრულყოფილი სისტემა სუპერგონებით - სუპერკომპიუტერით იმართება. მას ადამიანები ისევე ვერ დააღწევენ თავს, როგორც თამაშის გმირი მარიო ვერ დააღწევს თავს საკუთარ პროგრამას. ეს არის სამყარო, რომელიც დროისა და სივრცის მიღმაა. თუმცა, სრულყოფილ პროგრამასაც შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები და ამ შემთხვევაში ეს ხარვეზი ვირტუალური არსების, M13-ის ვირტუალური რეალობიდან ამოვარდნა და მატერიალურ რეალობაში დაბრუნებაა, სადაც ის ადამიანურ განცდებსადა სურვილებს შეიცნობს, რის შემდეგაც ვირტუალური არსებობა უჭირს და კითხვები უჩნდება.მას სიმართლის გაგება სურს, რისთვისაც ეძებს სუპერგონებას, რომელიც მოქსის ვირტუალურ სამყაროში ღმერთის ჩანაცვლებული ფორმაა. 

ხოლო მოქსის ღმერთი ამბობს:

    „ადამიანის გონების ფუნდამენტი ეწინააღმდეგებოდა სამყაროს. ის მოითხოვდა განსაზღვრულობას, სამყარო კი განუზღვრელობის კანონით მოქმედებდა... ადამიანის გონება და ბუნება მიისწრაფოდა შემეცნებისკენ, რაციონალიზმისკენ, ამავდროულად კი სამყარო - შემქმნელი, უსასრულობაზე და განუზღვრელობაზე იყო დაშენებული... ნელ-ნელა თქვენ ამას ხვდებოდით. და მაშინ, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მომხდარიყო სრული უნიფიკაცია, ის მართლაც მოხდა და თქვენ აღმოჩნდით შეცნობად რეალობაში, გახვედით ფინიშის ხაზზე... ამით დასრულდა იდეალიზმი, რომელიც ნივთიერების, მატერიის მიმართ იდეა-გონის პირველობას აღიარებდა... ის, რომ მატერია მუდამ არსებულია, სიცოცხლე კი - მისი განვითარების - ევოლუციის უმაღლესი ფორმა, ჩანასახშივე აბსურდი გამოდგა, ხოლო მატერიის ცოცხალ ორგანიზმად ევოლუცია - უბრალოდ, ვირუსი“.

    ამ ბლოგის ავტორი კი ამბობს:

    დათო სამნიაშვილი გიჟია.

და ამ ბლოგის ავტორი ასევე ამბობს:

    დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კარგი წიგნი გვაქვს.

    რატომ მომეწონა ასე ძალიან „MOX”?

1.წიგნში სწორი აქცენტებია.

2.წიგნის ავტორი გონიერი ადამიანია, ობიექტური რეალობის შეფასების უნარით.

3.წიგნი აღწერს სინამდვილეს, რომელშიც ნაწილობრივ უკვე გადავინაცვლეთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ვაცნობიერებთ ამ ფაქტს.

4.საკითხები, რომლებიც წიგნშია განხილული, სავალალო და პრობლემურია, თუმცა, ადამიანების უმეტესობა ამას ვერ ხვდება.

5.ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების საუკუნეში, სადაც გაანალიზების გარეშე, თანდათან რეალობის აღქმის უნარს ვკარგავთ და გადავდივართ კომპიუტერულ რეალობაში. ურთიერთობები უმეტესწილად უკვე ვირტუალურია და არა ცოცხალი, რაც ბუნებრივად განაპირობებს იმას, რომ სინამდვილე ვირტუალური ხდება. ვირტუალური მყოფობა კი გვიჩლუნგებს ადამიანურ სურვილებსა და მისწრაფებებს. ჩვენ კავშირს ვწყვეტთ ბუნებასთან, სამყაროსთან და ვკარგავთ მისი შეცნობის, განცდის უნარს. იშვიათად ვსვამთ კითხვებს, რანი ვართ და რატომ ვართ, რადგან ეს უკვე ნაკლებად გვაინტერესებს. დაქვეითებული გვაქვს თანაგრძნობისა და თანაგანცდის უნარი და გვინდა მხოლოდ ბოლო მოდელის ტელეფონები, კომპიუტერები და ტელევიზორები, რომლებიც უკეთ შეგვიქმნიან არსებობის ილუზიას. 

    ასე რომ, დათო სამნიაშვილის წიგნი, შეიძლება, სულაც არაა სამეცნიერო ფანტასტიკა და აღწერს სასტიკ რეალობას, რომელიც უკვე დადგა.

დათო სამნიაშვილი

MOX