14 ივლისი 2017
მარი ბექაური
სარა პენიპეკერი

პაქსი

დანაღმული მინდვრის აქეთ და იქით

სარა პენიპეკერი  „პაქსი“

„- ომი რა არის?

- არსებობს ერთი დაავადება, რომელიც მელიებს შეეყრებათ ხოლმე. ის მათ აიძულებთ, ჩვეულებას უღალატონ და ყველა უცხოს შეუტიონ. ომიც სწორედ ასეთი დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ემართებათ. ამ დროს მათ სხვა ადამიანების სისხლი სწყურიათ.“

    თორმეტი წლის პიტერისა და მელია პაქსის ამბავი ომისა და აფეთქებების ფონზე ვითარდება. მკაცრი მამა შვილს აიძულებს, საყვარელი მელია ტყეში დატოვოს, თავად კი ომში მიდის და ბიჭს ბაბუას აბარებს. მაგრამ როგორ უნდა გაძლოს პიტერმა მელიის გარეშე, როცა დედის სიკვდილის შემდეგ პაქსი მისი ერთადერთი მეგობარია?

    ზოგჯერ დიდი ტკივილი დიდ გამბედაობას გვმატებს ხოლმე და ბიჭის შემთხვევაშიც ასე ხდება. ის გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, ღამე ტყე-ტყე იაროს, თუ საჭირო გახდა, დანაღმული მინდორიც გადალახოს, მაგრამ აუცილებლად იპოვოს ის, ვინც უყვარს.

    ამ თავგადასავლებით აღსავსე გზაზე პიტერი ძალიან უცნაურ ქალს ხვდება, რომელსაც ვოლა („ფრენა“) ჰქვია და რომელიც ადამიანებისგან მოშორებით, ტყეში ბინადრობს. ვოლას თმაში ძვლები უკეთია და ხის ფეხი აქვს. თავიდან ბიჭს ვოლა გიჟი ჰგონია, თუმცა, მალე ხვდება, რომ ქალი ამ მდგომარეობამდე წარსულში მომხდარმა ამბავმა მიიყვანა, როცა ომის დროს ფრონტზე მედდად წავიდა და მძიმე საქმეების კეთება მოუწია.

    არისტოტელე ამბობდა, ადამიანი, რომელიც სოციუმისგან განცალკევებით ირჩევს ცხოვრებას, ან ცხოველია, ან ღმერთიო. ვოლამ კი ცალკე ცხოვრება საკუთარი თავის შესაცნობად გადაწყვიტა.

„-ჰო, მაგრამ შენ უკვე საკმარისად იცნობ საკუთარ თავს.

- მე მოულოდნელობებით სავსე, სასიკვდილო იარაღი ვარ. აბა, შენ რას დაარქმევდი იმ გოგოს, რომელიც უმალ მკლავს მოიჭრიდა, ვიდრე ერთ ციცინათელას მაინც რამეს დაუშავებდა, მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ კეთილშობილი უცნობი მოკლა...“

    ვოლას პერსონაჟი, მისი შეხედულებები და მოსაზრებები, ნათლად გვიჩვენებს, როგორ ანგრევს ომი ადამიანის ფსიქიკას. ეს გამარჯვების შეძახილებისა და პათეტიკური სიტყვების მიღმა არსებული ომის ბნელი მხარეა, როცა ადამიანს აიძულებენ, სხვისი სიცოცხლე გაანადგუროს - იმ უცნობი ადამიანისა, ვისაც შეიძლება სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდეს ან ჯიბეში „სინდბადის მოგზაურობა“ ედოს.

    ამერიკელი მწერლის, სარა პენიპეკერის საყმაწვილო რომანი მარადიულ ღირებულებებზე გვესაუბრება, როგორიც სიკეთე და სიყვარულია. „პაქსი“ არა მარტო თავდადებისა და ნამდვილი მეგობრობის ისტორიაა, არამედ ერთგვარი ომის საწინააღმდეგო მანიფესტიც, რომელიც გვასწავლის, რომ სწორად ცხოვრებისთვის ერთმანეთის მოფრთხილება და ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვაა საჭირო.