22 სექტემბერი 2017
აიზეკ აზიმოვი

დასაბამი

ცოდნა, რომელიც არ გაქვს

აიზეკ აზიმოვის „დასაბამი''

 

            ჰეი შენ! წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას იზამს 1000 შენნაირი ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, და როგორ განვითარდება მოვლენები. საიდან ამდენი თავდაჯერება? ჰმ, კარგად მისმინე და ბოლოში დავუბრუნდები ისევ ამ თემას.

რაც უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი წარსულის შესახებ, მით უფრო მარტივი ხდება მომავლის პროგნოზირება. დიახ, გარემო იცვლება, მოცემულობები იცვლება, მაგრამ გლობალურად რომ შევხედოთ, ადამიანი სტრესულ სიტუაციებში მაინც იმავენაირად რეაგირებს, როგორც საუკუნეების წინ რეაგირებდა, უბრალოდ ახლა ფორმაა შეცვლილი და ეს ყველაფერი შეიძლება შემდგომ „ფეისბუქზე“ დაპოსტოს, ეგაა და ეგ. ცოტათი დამთრგუნველიც კია იმის გაანალიზება, რომ მსგავსი ადვილად პროგნოზირებადი პრიმიტიული არსებები ვართ, მაგრამ რაცაა ეგაა, თავს ზემოთ ძალა არაა. თითქოს ამის გაანალიზებისთანავე აზრი ეკარგება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას - რა აზრი აქვს მაგ შენს საყურეს მარცხენა ყურზე, რომლითაც გგონია, რამეს ცვლი, ან მაგ შენს სოციალურ აქტივობას, ან შენს ლურჯ თმებს თუ სოლიდურ პიჯაკს, არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ცალკე აღებული უმნიშვნელო ხარ, ხოლო როცა შენ სოციუმის წევრი ხდები, მნიშვნელობას იძენ. მინდა გითხრა, რომ ეს სოციუმი საბოლოოდ საით წავა და როგორ გაუმკლავდება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციას, შეიძლება ითქვას, წინასწარ ვიცით. არა, ისე კი არ გაიგო, თითქოს ზუსტად იცოდეს ვინმემ, როგორ დასრულდება კაცობრიობის ისტორია, ეს შეუძლებელია. უბრალოდ ზუსტად ვიცით ყველა ის შესაძლო ვარიანტი, რომელთა არჩევანის წინაშეც დადგება კაცობრიობა და ასევე შეგვიძლია ამ ერთიანი მასის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვივარაუდოთ, დიდი ალბათობით რომელ ვარიანტს აარჩევს ის.

მოდი, მეტი სიცხადე შევძინოთ საკითხს და წარმოვიდგინოთ ისეთი მეცნიერება, რომელიც ზემოთ აღწერილ ცოდნას მოგვცემდა. არსებობს ასეთი რამ დედამიწაზე? ასე ცალკე აღებული - არა, ცხადია. არც ერთი მეცნიერება არ ცდილობს დღეს ასე ცალსახად ადამიანის განვითარების პროგნოზირებას, ან რა ვიცით, შეიძლება ცდილობს კიდეც და გარკვეული პროგრესიც აქვს საქმიანობაში, უბრალოდ ჩვენ არ ვუწყით ამ ყველაფრის შესახებ, რადგან ჩვენ რომ მათი არსებობა ვიცოდეთ, მაშინ ამას შეიძლება ჩვენს არჩევანზე ემოქმედა. ასეა თუ ისე, ეს მეცნიერება, რომელიც ან არსებობს და ან არ არსებობს, სამი მეცნიერების ნაჯვარია - ფსიქოლოგიის, მათემატიკისა და ისტორიის. ისტორია, როგორც მასების მოქმედება გარკვეულ სიტუაციებში; ფსიქოლოგია, როგორც ინდივიდების მოქმედება გარკვეულ სიტუაციებში და მათემატიკა, როგორც ამ ყველაფერზე დაყრდნობით მომავლის პროგნოზირება და ალბათობების განსაზღვრა. რა კარგი იქნებოდა, ფსიქოისტორიკოსი რომ ყოფილიყავით, არა? თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ დიდ შრომას მოითხოვს.

ფსიქოისტორიკოსობას რამდენად შეძლებთ, არ ვიცი, მაგრამ მე შემიძლია ერთ რამეში დაგეხმაროთ და გითხრათ, სად შეგიძლიათ ამ ცოდნის მიღება და შემდგომ თქვენთვის ვარჯიში. მაგრამ სანამ ამას გეტყოდეთ, ნაწერის დასაწყისს მინდა დავუბრუნდე.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხარ, ზუსტად ვიცი, რას იზამს 1000 შენნაირი. ათასივე თუ არა, აბსოლუტური უმეტესობა მაინც. დაუკვირდი:  ამ მოცემულობაში ორი არჩევანი გაქვს - ან იყიდო/ითხოვო აიზეკ აზიმოვის „დასაბამი“ და სასწრაფოდ შეუდგე კითხვას ან არ იყიდო/ითხოვო და უბრალოდ გაატარო. 95% არის იმის ალბათობა, რომ პირველ ვარიანტს აირჩევ, რადგან ასეთ სიტუაციებში ადამიანების ქცევიდან გამომდინარე შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა, რომ ცნობისმოყვარეობა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი, მით უმეტეს ისეთის, როგორიცაა ფსიქოისტორია, საბედნიეროდ ჩვენი განვითარების წამყვანი ფაქტორია დღემდე. ჰოდა, ამ წიგნით შენ მიიღებ ცოდნას, რომელიც არ გაქვს.

 

(c) ჯაბა ზარქუა