საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

ამბავი ადამიანზე, რომელიც ჯერ კაცი იყო და მერე - ქალი

    „ორლანდო“ მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის და ქალ მწერლებში ლამის ღმერთად აღიარებული ვირჯინია ვულფის ფანტასმაგორიული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი სამ საუკუნეს ცხოვრობს. წიგნის პირველ ნახევარში ორლანდო ბიჭია - ბუნებისა და ქალების მოტრფიალე, მე-ზე ორიენტირებული და პოეზიაზე შეყვარებული, ბიჭი, რომლის ლამაზი ფეხებიც ქალებს გონებას აკარგვინებს, დედოფალს კი ტვინში სამუდამოდ ებეჭდება. ორლანდო კარგად ირგებს დედოფლის აღტაცებასაც და ქალების სიყვარულსაც, სანამ რუსი მოღალატე გოგონა არ შეუყვარდება. დიდი იმედგაცრუებისა და შინაგანი ტანჯვის შემდეგ მთავარი პერსონაჟი ლეთარგიულ ძილში იძირება. მკითხველი გრძნობს, რომ ორლანდოს გამოღვიძება აუცილებლად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება, მაგრამ არ იცის, როგორი იქნება „ახალი ორლანდო“. ენერგიით სავსე მებრძოლი კაცი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ღალატი მოინელა და მზადაა, საგმირო საქმეები ჩაიდინოს? თუ პირიქით, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი, რომლისთვისაც აღარაფერს აქვს მნიშვნელობა?

    წიგნის ამ ეპიზოდში ვირჯინია ვულფი გასაოცარ გარდატეხას გვთავაზობს: ორლანდო იღვიძებს. თუმცა, ის არც მებრძოლი კაცია და არც ხელჩაქნეული. ორლანდო კაციც აღარ არის - ის ქალია.

    სანამ ავტორი ქალი ორლანდოს თავგადასავლებს და ცხოვრებისეულ ისტორიებს მოგვიყვებოდეს, საკმაოდ დიდი მონაკვეთი ეთმობა იმ ცვლილებებისა და განსხვავებების აღწერას, რაც კაც ორლანდოსა და ქალ ორლანდოს შორის არსებობს. სინამდვილეში მთავარი პერსონაჟის ფიქრები და ანალიზი კაცების უპირატესი მდგომარეობის, სექსიზმის, ქალთა უუფლებობის, შეზღუდვების და სოციუმის მიერ ქალებისთვის შექმნილი უაზრო ყოფის წარმოჩენას ემსახურება. გემბანზე მყოფი, ფიქრებში ჩაძირული ქალი ორლანდო ამბობს: „ერთადერთი, რაც შემეძლება, მას მერე, რაც ინგლისის მიწაზე დავდგამ ფეხს, ისაა, რომ ჩაი ჩამოვასხა და პატივცემულ ბატონებს ვკითხო ხოლმე, აბა, როგორ გირჩევნიათ, შაქრით? ნაღებით?“

    თუმცა, ინგლისში დაბრუნებული ორლანდო არ ცხოვრობს თავისი თანამედროვე ქალების მსგავსად. საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტებიდან ორლანდოს ქმედებების ნაწილი „მამაკაცურია“, ნაწილი კი - „ქალური“, და აშკარაა, რომ ამით წიგნის ავტორი პირადი არჩევანის თავისუფლებას უსვამს ხაზს.

    სქესის ცვლილება მთავარ გმირში ღირებულებების ცვლილებასაც იწვევს. (თუმცა, ეს შეიძლება არა სქესის ცვლილებასთან, არამედ დროის გასვლასთან და ასაკის მატებასთან იყოს დაკავშირებული. ორლანდო ხომ სამ საუკუნეს ცხოვრობს.) ორლანდოს პიროვნება კი არ იცვლება - ის ისევ რჩება მეოცნებე ბავშვად, რომელსაც არ ადარდებს კარიერული წინსვლა, წარმატებები და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, ეს ყველაფერი გარედანაა თავსმოხვეული. ორლანდოს რეალური მისწრაფება წერასა და ლიტერატურაშია. ის მაშინაა ბედნიერი, როცა წერს და მისი ყველაზე მძაფრი ემოციებიც მისსავე ტექსტებს უკავშირდება...

    საინტერესოა, რომ „ორლანდო“ ვირჯინია ვულფმა ვიტა სეკვილ-უესტს მიუძღვნა, ქალს, რომელიც უყვარდა და რომელთან ურთიერთობამაც თითქმის ოც წელს გასტანა. მოგვიანებით სეკვილის შვილმა, ნაიჯელ ნიკოლსონმა რომანს „ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი“ უწოდა, და თუ ვულფის წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებას და საკუთარი სქესისადმი რთულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: ვისი ბიოგრაფიაა ეს ფანტასმაგორიული რომანი?

    ორლანდოსი? ვიტა სეკვილ-უესტის? ვირჯინია ვულფის?