საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

აკრძალული ფიქრების ბიბლიური პროტესტი

ჟოზე სარამაგუ ის მწერალია, რომელიც „სიბრმავით“ გავიცანი და რომლის მეშვეობითაც, სიბრმავის სენით შეპყრობილ ქალაქში ერთადერთი თვალახელილი ქალის მეშვეობით ადამიანის უკიდურესი დაცემა დავინახე, თუმცა მაინც არ მქონია განცდა, რომ მეც იმ ბრმებს ვგავდი. ეს ჩემთვის უბრალოდ მეორე ქალაქი იყო, რომელიც სენმა მოიცვა, ის პირველი კი - შავმა ჭირმა. დაბრმავებული ხალხი და მკვდარი ვირთხები  სენია, რომელიც ხშირად ემართება კაცობრიობას; იმ კაცობრიობას, სადაც ბევრი რამაა აკრძალული, მათ შორის ფიქრი საზღვრების გარეშე.

„2019 წელი-მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ, რადგან კიდევ მეტად იტბორება სამყარო სისხლით“ ეს ჟოსე სარამაგუს წიგნის, „იესოს სახარების“, ბოლო გვერდზე მიმიწერია, წიგნზე, რომელმაც პირველად მაგრძნობინა წიგნის კითხვისას სიბრმავე.

როდესაც რაღაც კითხვა ჩნდება იესოზე, ფიქრი სხვა რაღაცაზე გადადის, ინსტინქტურად. შიში გაგიჩინეს, ფიქრის მკრეხელურობის შიში. როგორ დაიბადა პატარა იესო, ვერც ამ ფიქრს ბედავ და შემოჩეჩებულ იდეას თანხმდები, სხვა გზა არც გაქვს - ან გწამს, ან არა. ვერც იმ ფიქრს ბედავ, რატომ არის იესო ერთადერთი ღმერთის შვილი, რომელიც ჯვარს გააკრეს. ხმამაღლა ვერ ამბობ, რა საჭირო იყო ჯვარცმა, რადგან გეუბნებიან, რომ - აღდგომისთვის. ვერ სვამ კითხვას, რატომ ამდენი ქრისტიანი წამებული. უყვარდა კი ქრისტეს ვინმე? რა თქმა უნდა, ვერ გაიფიქრებ ქრისტეს ვნებებზე, მით უმეტეს მამაკაცურ ვნებებზე. ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია. ვერც იმას გაიფიქრებ, წმინდა მარიამს რამე თუ ესიზმრებოდა და რამე თუ აწუხებდაო. ჩვენ ხომ ვერ ვეხებით იესოს ვნებებს, აზრებს, შიშებს, სიყმაწვილესა და მის ურთიერთობას მამასთან. ეს აკრძალულია. სიბრმავე სჯობს, ისევ შენთვის. თუმცა სარამაგუ ის მწერალია, რომელიც მეხუთე სახარების დაწერას არ შეუშინდა და „იესოს სახარებით“ გვახარა, რომ სხვასაც უჩნდება ეჭვები და ფიქრები.

იესო მარიამისა და იოსების ოჯახში იბადება. ცხოვრობს გაჭირვებაში, მამამისს - იოსებს - ჯვარს აცვამენ და ყმაწვილი იესო დედასთან ერთად მამის საძებრად მიდის. იხუტებს გარდაცვლილ მამას და იცვამს მის ფეხსაცმელებს, როგორც მის დანატოვარს. მარიამს სიზმარი აწუხებს: როდესაც იესოზე ორსულად იყო, მათხოვრად გადაცმული კაცი მოწყალებისთვის მოადგა და სასწაულიც უჩვენა მანათობელი მიწის სახით. სწორედ ამ კაცთან იწყებს იესო მწყემსად მუშაობას, იქ გადაეყრება სალომეასაც, რომელმაც მარიამს მშობიარობაში დაეხმარა და სწორედ სალომეა უყვება იესოს მისი დაბადების ამბავს მეფე ჰეროდეს პერიოდში. ამ წიგნში თხრობისას სარამაგუ ისეა ჩასაფრებული, როგორც არც ერთ სხვა წიგნში. ყველა ეჭვი გადმოლაგებულია და სწორედ ამის გამო ღირს ამ წიგნის წაკითხვა. იესო, რომელიც მარიამ მაგდალინელს შეიყვარებს, აბსოლუტურად ადამიანურია; ადამიანურია მაშინაც, როდესაც დედას ადანაშაულებს და მაშინაც, როდესაც ცხვარს ჩუქნიან პასექის დღესასწაულზე შესაწირად. ცხვარს, რომელსაც ვერ წირავს, რადგან ვერ ხვდება, რატომ უნდა შეწიროს. ის ვერ ხვდება შეწირვის ვალდებულებას, მგონი ვერც მაშინ, როცა თავად ხდება ტარიგი. წიგნშივე იესოს მამამისი, უკვე ღმერთი არიგებს: „ყველაფერი რაც ღმერთს ეხება, ეხება ეშმაკსაც.“ „იესოს სახარებაში“ ეს ის იესოა, რომელსაც მამად ღმერთი კი არა, ცოდვილი დურგალი იოსები ურჩევნია - „არჩევანი თუ კიდევ მაქვს, მე მამად მაინც მას ვარჩევდი.“

„იესოს ბედი გადაწყვეტილია და სამხვერპლო დანა - ზეაღმართული.“ იესო ვერც წიგნში გადაურჩა ჯვარცმას.

ეს სახარება ბევრჯერ გაგაღიმებს კიდეც. არა ტექსტზე, არამედ საკუთარ თავზე. „კაენისა“ არ იყოს, ამ სახარებაში ირონია მძაფრია. თუმცა, ბრმას თვალი ეხილება და მხოლოდ იმას ეშინია ფიქრის, ვისაც მანამდეც ეშინოდა.

 

ანა ფაცაცია