Image Alt

მათე სარალიშვილის მივიწყებულნი

მათე სარალიშვილის მივიწყებულნი

თამარ თანდაშვილი

ახალგაზრდობა რატომღაც ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ხანად მიიჩნევა. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაზე, ძირითადად, შუა ხანს მიტანებულები ვწერთ და ის თვალები გვენანება, რომლითაც სამყაროსთვის კარგა ხანია, აღარ შეგვიხედავს. შესაბამისად, დანაკარგის გლოვა ბედნიერების მონატრებაში გვერევა. ზოგჯერ კი აიღებს ხელში კალამს გუშინდელი თინეიჯერი და ჩვენს ნალოლიავებ ილუზიას ძალდაუტანებლად ამსხვრევს.

მათე სარალიშვილის რომანს „მივიწყებულნი“ ბევრი წაიკითხავს, შიგ გულში კი ავტორზე ორჯერ უფროსებს სხვაზე მეტად მოგვხვდება, რადგან ის ჩვენი თაობის იმედს, რომ ამდენი ვაივაგლახისა და უბედურების მიუხედავად, შვილებს უკეთესი ქვეყანა დავახვედრეთ, ვიდრე ჩვენ გვერგო წილად, საფუძველს აცლის. ეს ერთ ერთი ყველაზე სევდიანი რომანია, რომელსაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შეიძლება,  გადაეყაროთ. და ყველაზე გულწრფელიც.

ახალგაზრდებს ხშირად ვთხოვთ მადლიერებას იმის გამო, რაც ჩვენ არ გვქონდა და მათ აქვთ: ინტერნეტი, საჭმელი, სითბო და განათლებისა და განვითარების უთვალავი შესაძლებლობა. იმას კი არ ვუფიქრდებით, რა აკლიათ ისეთი, რომლის უქონლობა მათ ცხოვრებას მახრჩობელასავით ზღუდავს. „მივიწყებულნი“ ზუსტი მეტაფორაა არა მხოლოდ საზოგადოების მიერ „გადაყრილი“ მოქალაქეებისთვის, არამედ იმ თაობისთვის, რომლისთვისაც, გადარჩენისთვის მებრძოლმა მშობლებმა ვერ მოვიცალეთ. ნათელი მომავლის იდეით გატაცებულ საზოგადოებას კი დაპურებული, დაბანილი და მოვლილი ბავშვების შინაგან სამყაროზე ზრუნვა უბრალოდ გადაავიწყდა.

კითხვისას რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ ნაწერი წინ გარბოდა და მე – მკითხველი – გულამოვარდნილი უკან მივდევდი. მერე კი მივხვდი, რომ ტექსტის ტემპი იუველირის სიზუსტით იმეორებს ქართული ცხოვრების ტემპს. უფრო სწორედ კი იმ შეგრძნებას, რომ ცხოვრება სადღაც სხვაგან არის, შენ გარეთ, იქ…. და თუ არ იჩქარე, სხვა მოიხელთებს და შენ საცხოვრებელი აღარაფერი დაგრჩება. რომანის, ისევე, როგორც ქართული ცხოვრების დროითი საზომი კატასტროფიდან კატასტროფამდე, დრამატული მოვლენიდან უარეს მოვლენამდე მანძილით იზომება. ამიტომაც რჩება მკითხველს განცდა, რომ მთავარი გმირის – ლუკას – ცხოვრებას განგრძობითობა აკლია. როგორი ნაცნობი და ხშირად სახელდაურქმეველია ეს დანაკლისი ტექსტის მიღმა, ცხოვრებაშიც.

ლუკას მიზნებით აღვსილს ვერ დაუძახებ, ის არც ლიბერალური იდეებით აღგზნებული აქტივისტია და არც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ხელჩაქნეული ინტელექტუალი. არადა, ამ უკანასკნელს კაცი ავტორები ქართული ლიტერატურაში ყველაზე დიდ პატივს მიაგებენ. ამ ქართული რომანის მთავარი გმირი მამაკაცი ფიქრისა და ლაპარაკის გარდა, მოქმედებს. ლუკასთვის სააზროვნო განზომილება ქცევითისგან არ არის მოწყვეტილი. იმისდა მიუხედავად, რომ ფიქრს მისთვის  გამოსავალი არ მოაქვს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულს სტრატეგიულობას ნამდვილად ვერ დასწამებ, მისი არცერთი ნაბიჯი არ წარმოადგენს დაცლას, ლოდინს, დინებას მინდობას. ლუკა ყველა ქცევას არჩევანს აფუძნებს. არჩევანის ქონა მისი ადამიანობისთვის გამოსავალია.

ავტორისთვის ადამიანის იდეაც სწორედ გადაწყვეტილების მიღების უნარს ეყრდნობა. ამიტომ ერთი შეხედვით მოულოდნელი ფინალი ტექსტის ფაბულას ისე ორგანულად აბოლოებს, რომ გიტოვებს შეგრძნებას, რომ თავიდანვე იცოდი, ასე რომ მოხდებოდა.

ავტორი ლმობიერი ფილოსოფოსია. მისთვის ადამიანს ადამიანურობის იდეის გადარჩენის შანსი ბოლო ამოსუნთქვამდე აქვს. გარემოებამ გულმოწყალების ინსტინქტი კიდეც რომ ჩამოგართვას, ბოლომდე მას შენში მაინც ვერ ჩაკლავს. ამიტომ მის რომანში გადარჩენისთვის მებრძოლ ნაძირალებსაც შეუძლიათ, ემსახურონ იდეას, რომელიც მათი ფიზიკური არსებობის დროით საზღვრებს სცდება.