Image Alt

მაიკლ კეის სახელით

მაიკლ-კეის-ცხოვრება-და-დროება

მაიკლ კეის სახელით

ავტორი: თემუკა ზოიძე

„დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის”

 

ჩემი ლაღი, ჭკუამხიარული და ონავარი მეგობარი გოგო-ბიჭები რომ ჩამოვსხდებით და ცხრა მთას იქით დატრიალებული ამბებითაც მოვიფხანთ ენას, ხშირად ომზე ვიწყებთ საუბარს; იმ ომზე, რომლისაც ძალიან გვეშინია. აი, არარსებულ ომზე, რომელიც გვგონია, რომ სულ სადღაც ჩასაფრებულია და ჩვენი ახალგაზრდული, სულელური ბედნიერების შურს. განა ბევრი ომი მინახავს! თორმეტი წლის თუ ვიქნებოდი აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაგრამ იმდროინდელი ერთი მოგონება დღემდე ვერ ამოვიგდე გონებიდან: ომის პერიოდში მთვრალმა მეზობელმა ტყვია რომ გაისროლა ეზოში, მე კი ისედაც შეშინებულმა ტელევიზორში მოსმენილი ამბებით, ნელა, ძალიან ნელა ჩავისველე და ხის იატაკზე არც მთლად ჩემი შიშისხელა, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი გუბე დავაყენე. იმის მერე ომს ჩემთვის იმ თბილი, ყვითელი და მძიმე შარდის სუნი აქვს, ჩემი საყვარელი საზაფხულო ფერადი შორტი რომ გამიფუჭა.

ბევრი რამ წაგვიკითხავს, მოგვისმენია თუ გვინახავს იმ მრავალ საშინელებაზე, რაც ომს დაუტრიალებია: გაუპატიურებული ქალები, დახოცილი ბავშვები, დაქვრივებული ცოლები თუ მშიერი და ნატანჯი ჯარისკაცები. ყველაფერი ისეა, თითქოს ომზე ახალს ვეღარაფერს მოჰყვები და ვერც ვერავინ გეტყვის რამე განსხვავებულს. სწორედ ამ განწყობით დავიწყე ჯონ მაქსველ კუტზეეს წიგნის, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროების“ კითხვა, მაგრამ პირველივე აბზაციდან გუმანით ვიგრძენი, რომ მოლოდინები უნდა შემეცვალა…

წიგნი იწყება დაბადებით. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ-თაუნში სამყაროს მოევლინება კიდევ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი, ან არაჩვეულებრივი, როგორც სხვები იტყვიან, მაიკლ კეი ხომ კურდღლის ტუჩით დაიბადა. ეს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანი მაიკლ კეის ცხოვრების ბოლომდე დამღას დაასვამს, ხალხს მისი ყოველთვის შეეშინდება, შეეზიზღება ან საუკეთესო შემთხვევაში შეეცოდება. ამის გამოისობით ის ისწავლის კოლექტიური აზროვნებისგან დამოუკიდებელ ფიქრს, პირადი ღირებულებების მეტად დაფასებასა და სამყაროს უკეთ შეცნობას. თხრობის ერთ მონაკვეთში, როცა მაიკლი უკვე 31 წლისაა, „ფიზიკური ნაკლის“ გამოსწორებას შესთავაზებენ ქირურგიული ჩარევით, თუმცა ის მტკიცე უარზეა, რადგან იცის, რომ ცვლილებები არ სჭირდება – უნდა, ისეთივე დარჩეს, როგორიც არის.

მაიკლ კეი მებაღეობას შეიყვარებს. მან იცის, რომ მცენარეები დედამიწის ისეთივე შვილები არიან, როგორიც ადამიანები; მათაც სჭირდება მოვლა, ყურადღება და მზრუნველობა, ოღონდ სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, არაფერს გემდურიან, პირიქით – თავიანთი ყველაზე ჯანსაღი ნაყოფითაც კი გამარაგებენ. ამიტომაც დაუახლოვდება ყველაზე მეტად კეი მცენარეებს, სამსახურსაც იშოვის და ქალაქის ფლორაზე იზრუნებს, სანამ აპართეიდის საშინელი განუკითხაობა მთელ ქვეყანას არ მოიცავს და მაიკლიც სამსახურს არ დაკარგავს.

სიმართლე რომ ითქვას, მაიკლ კეის ბევრი არაფერი გაეგება ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოვლენებისა. მხოლოდ ერთი იცის, რომ სამსახური დაკარგა და ავადმყოფ დედას მშობლიურ ფერმაში სურს დაბრუნება. იმის ფონზე, რომ ქალაქიდან გამავალი ყველა სატრანსპორტო გზა სამხედროების მიერ კონტროლდება და ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობა შეზღუდულია, დედა-შვილს კი ქალაქში აღარ დაედგომება, მაიკლ კეი გადაწყვეტს, თვითონ შეაკეთოს ერთი უხეირო ურიკა, შიგ ჩასვას ავადმყოფი დედა და ასობით მილი ასე ხელით გაატაროს, რათა ერთადერთ ახლობელ ადამიანს სიკვდილის წინა ოცნება აუსრულოს.

მთელი მოგზაურობის განმავლობაში კეის მრავალი დაბრკოლება შეხვდა, ათას შარში გაეხვა და ორი ამდენივე უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ ყოველთვის, როცა კი წარმოიდგენდა ადგილს, საითკენაც მიეშურებოდა, სხვა ყველაფერი კარგავდა აზრს. ფერმა ხომ ის ჯადოსნური ადგილია, სადაც ყველაზე ნოყიერ ნიადაგში სულ მარტივად მოიყვანდა ბოსტნეულს, გაახარებდა ხილს და იქნებ, რამდენიმე შინაური ცხოველიც ეშოვა მოსავლელად.

ამის მიუხედავად, მაიკლ კეის ხან იძულებით მუშად გაამწესებენ, ხან აჯანყებულად მონათლავენ, ხანაც დაზარებულად ცნობენ და თავშესაფარს შესთავაზებენ. მაიკლ კეი ვერაფერს ხვდება და არ ესმის, რას ითხოვენ მისგან. მან არ იცის, რა არის ომი და ამ ომის ხმაურით რატომ შეიშალნენ ადამიანები, რას ერჩიან მას და უბრალოდ რატომ თავს არ ანებებენ. მას ხომ ერთი პატარა, ძალიან პატარა სურვილი აქვს – იცხოვროს თავისთვის დედამისის მშობლიურ ფერმაში და საკუთარი ოფლით მოიპოვოს მოსავალი. არა, კეის არ სჭირდება ომის სახელით შეთავაზებული თავშესაფარი, სამუშაო თუ საკვები, რადგან მას შეუძლია იმით გაიტანოს თავი, რასაც სამყარო სთავაზობს – უსისხლო სარჩო, რომელიც დედამიწის წიაღიდან გამოაღწევს, ნელა წამოიზრდება, აყვავილდება და ნაყოფს მოისხამს.

ეს წიგნი ერთი დიდი ოდისეაა კაცისა, რომელიც ერთგულია თავისი ადამიანობის, ღირებულებებისა და ოცნებების, რომელთაც გულით მუდამ თან დაატარებს, ან ჯიბით – ნესვისა და გოგრის თესლის სახით, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად უნდა გაიხარონ. ამ ამბავს სამხრეთაფრიკელი მწერალი ჯონ მაქსველ კუტზეე თავისი ერთი შეხედვით მშრალი წერის სტილით ყველაზე გულახდილ, გულწრფელ ისტორიად აქცევს, სადაც მკითხველს არ აწუხებს ყალბი პათოსის გრძნობა, ფამილარული ემოციების მოზღვავება და გადამტკბარი წინადადებების სიხშირე – ამ წიგნში ყველაფერი ზომიერედაა, მიუხედავად მასში აღწერილი უსამართლობის ზღვარგადასულობისა.

1983 წელს მწერლის ამ რომანმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“ მიიღო და ამით ეს ნაწარმოები, ალბათ, სათანადოდაც დაფასდა. ჩემი მხრივ კი, ვიცი, რომ ოდესმე, სადაც უნდა ვიყო, მექნება საკუთარი მიწა, სადაც მოვიყვან ბოსტნეულს, ავიღებ მოსავალს, საუკეთესო ნაყოფთაგან შევინახავ თესლს, დაველოდები მომდევნო გაზაფხულს და ისევ ახალ მოსავალს მოვიმკი. და ამ ყველაფერს გავაკეთებ მხოლოდ მაიკლ კეის სახელით, მისი აუხდენელი ოცნებების პატივსაცემად.