Image Alt

კომიქსად ქცეული ვეფხისტყაოსანი, რომელიც ევროპის სამ ქვეყანაში გამოიცემა

კომიქსად ქცეული ვეფხისტყაოსანი, რომელიც ევროპის სამ ქვეყანაში გამოიცემა

სულაკაურის გამომცემლობა©

15 მაისი შოთა რუსთაველის დღეა.

ამ დღეს კიდევ ერთხელ, შეიძლება ჩვეულებრივზე ოდნავ პომპეზურად, ვიხსენებთ ავტორს, რომელიც საუკუნეებია დამსახურებული ეროვნული სიამაყით გვავსებს.

საქართველოში გაგვიჭირდება ვიპოვოთ ოჯახი, სადაც ვეფხისტყაოსანს არ შეხვდებით. პოემის შინაარსისა თუ ფორმის მნიშვნელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოცემის თავისებურებების შესწავლა, რადგან სწორედ ესაა ტექსტის ახლებურად, თანამედროვედ და მრავალფეროვნად გააზრების ერთ-ერთი საშუალება.

თითქმის ერთი წელია, რაც ვეფხისტყაოსანი გრაფიკულ რომანად გამოიცა. დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებით გაფორმებულმა წიგნმა მკითხველს ნაწარმოები ხელახლა შეაყვარა და პერსონაჟებიც განსხვავებულად გააცნო.

ტექსტებზე სალომე ბენიძემ იზრუნა, რედაქტირებაზე – ნათია ნაფეტვარიძემ, მთლიან პროექტს კი მიხეილ ციხელაშვილმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი.

გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა. გაგიზიაროთ, რას ფიქრობენ მასზე ქართველი მწერლები და მკითხველები, გაგაგებინოთ სასიამოვნო სიახლე და გაგაცნოთ აქციები, რომელთაც სულაკაურის გამომცემლობა შოთა რუსთაველის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ.

დავით მაჭავარიანი, მხატვარი

„გრაფიკულ რომანზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა. ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ნამუშევარი, რომლის დახმარებითაც ყველასთვის გასაგები გახდებოდა, თუ რას ნიშნავს გრაფიკული რომანი.წიგნზე 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ილუსტრაციები შევქმენი ისე, როგორც ამას ძველად აკეთებდნენ… რთულია დაიჯერო, რომ ყველაფერი ხელით არის დახატული. პერსონაჟები ისტორიას მივანდე, რათა თავად გამოემჟღავნებინათ საკუთარი თავი“.

მიხეილ იოჰანი, მწერალი

მიხეილ იოჰანი

„ვეფხისტყაოსნის გრაფიკული რომანი ბევრი რამის გამოა მნიშვნელოვანი გამოცემა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ პირადად ჩემთვის ორი რამაა უმთავრესი: ერთი მხრივ, ამ გამოცემას შეუძლია შეცვალოს სკოლის მოსწავლეების დამოკიდებულება პოემისადმი, მათ აღქმაში ვეფხისტყაოსანი გახდეს რაღაც დამატებითი, ვიდრე სავალდებულო ლიტერატურა; მეორე მხრივ კი ამ წიგნის სახით ქართულ სალიტერატურო სივრცეში, სადაც კომიქსის ჟანრი თითქმის არ არსებობს, გაჩნდა სრულიად ახალი მედიუმი, რომელიც იძლევა იმედს, რომ ეს სივრცე კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და სხვა ავტორებიც დაიწყებენ ამ ჟანრში მუშაობას“.

დათო გორგილაძე, მწერალი

დათო გორგილაძე

„ეს არის გამოცემა, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს მთავარ ლიტერატურულ საგანძურს, ვეფხისტყაოსანს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ყველა პერსონაჟი ხელახლა გაცოცხლდება და საშუალებას მისცემს მათ, შეაღწიონ ისეთ სივრცეებში, სადაც აქამდე არ ყოფილან: ქუჩაში, სცენაზე, კინოში და ა.შ.. რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა, ნაწარმოებს სკოლის მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო საინტერესოსა და გასაგებს გახდის“.

ნინული ახვლედიანი, ერთგული მკითხველი

ნინული ახვლედიანი

„ბავშვობიდან ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ სადაც დავდივარ, ვეფხისტყაოსანიც თან დამაქვს. რაღაცნაირი სიამაყით ვუყვები და ვაჩვენებ ყველას წიგნს, რომელმაც უდიდესი წვლილი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. სამეგობროში ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველი წლის ბოლო შაბათს ვთამაშობთ “საიდუმლო სანტას”. წელს ჩემი საჩუქარი ვეფხისტყაოსანი იყო, თანაც — გრაფიკული… ჩემი ორი დიდი სიყვარულის გაერთიანება. გრაფიკული რომანი ხომ სხვანაირად აცოცხლებს ყველა პერსონაჟს. ჰოდა, ვზივარ მას მერე, ვუყურებ და მიხარია, თითქოს თავიდან გავიცანი ყველა გმირი…“

საზღვრებს გარეთ

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ვეფხისტყაოსანი გრაფიკულ რომანად გამოიცა, მას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. საავტორო უფლებები უკვე შეიძინეს ბელგიის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანმა გამომცემლობებმა და სულ მალე ევროპელი მკითხველი ხელახლა გაიცნობს ვეფხისტყაოსანს, ამჯერად კომიქსის სახით.

შოთა რუსთაველის დღესთან დაკავშირებით, მკითხველს საშუალება ეძლევა, ვეფხისტყაოსნის ნებისმიერი გამოცემა („ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი“ „ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი – ლიმიტირებული გამოცემა“, „ვეფხისტყაოსანი“) ფასდაკლებით შეიძინოს სულაკაურის გამომცემლობის საიტზე და მაღაზიებში. საჩუქრად კი გამომცემლობისგან მკითხველი გრაფიკული ვეფხისტყაოსნის პოსტერს მიიღებს. აქცია 3 დღის განმავლობაში, 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ვეფხისტყაოსნის ამ გამოცემასა და მისი შექმნის პროცესზე, შეგიძლიათ მხატვარ დავით მაჭავარიანის ინტერვიუ იხილოთ.