Image Alt

კევინზე უნდა დაგელაპარაკო

კევინზე უნდა დაგელაპარაკო

ავტორი: მარი ბექაური

 

დაახლოებით ერთი წლის წინ საიტზე ფილმს ვარჩევდი და შემთხვევით კევინს გადავეყარე („We Need to Talk About Kevin“). აღწერამ დამაინტერესა. თან ტილდა სვინტონი მომწონს და გადავწყვიტე, მეყურებინა. არ ვიცი, ამ ფილმის შესახებ მანამდე რატომ არ გამეგონა. მაშინვე 2000-იანების კინოში ჩემთვის ნომერ მეორე დრამად იქცა (პირველ ადგილს მაინც „სხვების ცხოვრება“ იკავებს).

გარკვეული დროის შემდეგ ფილმს მეორედაც ვუყურე, მერე მესამედაც (არადა, ფილმს ხელახლა ძალიან იშვიათად ვუყურებ ხოლმე). ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემთვის მთავარი პერსონაჟი, კევინ კაჩადურიანი ყველაზე რთული ფსიქოტიპი აღმოჩნდა, ვისაც კი გადავყრივარ – ფილმებში, წიგნებში თუ რეალურ ცხოვრებაში.

კევინზე ვფიქრობდი ხოლმე. ჩემთვის ეს ჩვიდმეტი წლის მოზარდი დიდ გამოცანად იქცა და ვცდილობდი, გამოცანის გასაღები მეპოვა. როცა გავიგე, რომ წიგნი ითარგმნა, გამოცემამდე ვეღარ მოვითმინე და ელექტრონული ვერსია წავიკითხე. თითქმის შვიდასგვერდიან წიგნს ერთ დღეში მოვუღე ბოლო და როცა დავასრულე, ისევ იგივე კითხვა დავსვი:

ვინ არის ეს ბიჭი?

 

სამწუხაროდ, სკოლებში მოსწავლეების მიერ მოწყობილი მასობრივი მკვლელობების ფაქტები უკვე საკმაოდ ბევრია, მიზეზი კი თითქმის ყოველთვის – მსგავსი. ძირითადად, ამ შემზარავი სანახაობის შემოქმედი ბავშვები ბულინგისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან; სოციუმისგან გარიყული ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით ჩაგრავენ. შესაბამისად, მათი სისასტიკე გარემოზე პასუხს წარმოადგენს. კევინ კაჩადურიანს კი, რომელმაც სპორტდარბაზში ცხრა ადამიანი მშვილდ-ისრით დახოცა, ამ ყველაფერთან საერთო არ აქვს.

კევინი გულგრილია. კევინს არაფერი აინტერესებს. კევინს მიაჩნია, რომ წიგნები, ფილმები, ვიდეოთამაშები, მუსიკა, ადამიანები, ტანსაცმელი თუ სხვა დანარჩენი – უაზრობაა. მას კვებაც კი არ ადარდებს. რომ შეეძლოს, ლუკმასაც არ შეჭამდა და ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოყოლებული ასეა. კევინი უბრალოდ ასეთია.

პირველი, რასაც ამ სამყაროში შემობიჯების შემდეგ ჩვილი კევინი აკეთებს, დედის ძუძუსთვის ტუჩების ზიზღით მოშორებაა. ბიჭს დედის რძის მიღება არ სურს.

შეიძლება ეს მომენტი იმ დიდი ამოცანის გასაღებადაც ჩავთვალოთ, რომელსაც კევინ კაჩადურიანი ჰქვია.

ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ადამიანის ფსიქოტიპის ჩამოყალიბება  მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყება. თუ ამ შეხედულებას გავიზიარებთ, მაშინ კევინის პიროვნება უფრო მეტ სიცხადეს შეიძენს. ევა კაჩადურიანს ხომ შვილი არ უყვარს. ამ ქედმაღალი, თვითრეალიზებული ქალისთვის, რომელიც წარმატებულ კომპანიას ფლობს, ბავშვის გაჩენა ცხოვრების გამოწვევაზე პასუხია, და კიდევ მცდელობა, სხვა ქალების მსგავსი იყოს. იყოს ჩვეულებრივი. ევა აღიარებს:

„თუ უშვილოდ ცხოვრებას აზრი არა აქვს, რა აზრი შეიძლება ჰქონდეს შვილის ყოლას? საკუთარი ცხოვრების გამოცანას კიდევ ერთი ცოცხალი არსების გაჩენით თუ უპასუხებ – ეს ნიშნავს, რომ საზრისის ტვირთს შემდეგ თაობას გადააბარებ. ამგვარი ჩანაცვლება კი ლაჩრული და პოტენციურად უსასრულო გადავადების ტოლფასია“.

მაგრამ განსაზღვრავს კი კევინის სამყაროსადმი ირონიულ ზიზღს დედის უსიყვარულობა? სპორტდარბაზში მოწყობილი მასობრივი მკვლელობა ნამდვილად დედისთვის გაცემული პასუხია?

დარწმუნებული ვერ ვიქნები. თუმცა, ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც კევინს აღელვებს, დედაა. სწორედ ეს გულგრილი და ქედმაღალი ქალი, რომელიც ქვეცნობიერად კევინის შეხედულებებს იზიარებს, მაგრამ ხმამაღლა გამოთქმას ვერ ბედავს. გარდაცვლილი მეუღლისადმი მიწერილ წერილებში ევა ცდილობს, გააანალიზოს, რატომ ჩაიდინა მსგავსი სისასტიკე კევინმა და საბოლოოდ ხვდება, რომ ყველაფერი ის, რაც კევინის არსებაში აუხსნელია და ბიჭს სხვა ადამიანებისგან განასხვავებს, სწორედ მისგან, დედისგან აქვს მიღებული.

და კიდევ ერთი რამ. კევინ კაჩადურიანს მე ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ პერსონაჟად ჩავთვლიდი. ლიტერატურული ენის და ესთეტიკის თვალსაზრისით, შრაივერს ბეკეტს ან კამიუს ვერ შევადარებ, მაგრამ მართლა იშვიათია პერსონაჟი, რომელსაც თავისი არსებით და არსებობით მსგავსი უფსკრული აშორებდეს სიცოცხლესთან და ცხოვრების საზრისთან.

უნდა ვაღიარო: მე ეს კევინში მხიბლავს.