Image Alt

ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი კოსმოსში

ჰიჩჰაიკერის-გზამკვლევი-გალაქტიკაში

ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი კოსმოსში

ავტორი: მარი ბექაური

 

-რა დაგემართა, რკინის კაცო?

-დეპრესიაში ვარ.

-რატომ?

-არ, ვიცი, – უპასუხა მარვინმა, – ასე ცუდად არ ვყოფილვარ…

-ხომ არ იცი, ამ ხომალდს რა დაემართა?

-დიდხანს ვესაუბრე და სამყაროს ჩემებური აღქმა გავუზიარე, – ამოიოხრა მარვინმა.

-მერე, რა მოხდა?

-ხომალდმა თავი მოიკლა, – უპასუხა მარვინმა და ოქროს გულისკენ წალასლასდა.

 

შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბევრი წიგნი წაგიკითხავთ, მაგრამ ალბათძალიან ცოტა (ან საერთოდ არცერთი) ისეთი, სადაც რობოტს დეპრესია აქვს, კოსმოსური ხომალდი კი თავს იკლავს. „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი კოსმოსში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

წიგნის ავტორი დაგლას ადამსი გახლავთ, ინგლისელი მწერალი და დრამატურგი (სხვათა შორის, სერიალის „Doctor Who” სამი სერიის თანაავტორი და მეშვიდე სეზონის სცენარისტი).

„გზამკვლევის“ ამბავი 1978 წელს იწყება, როცა BBC-ის რადიო 4-ის ეთერში პირველი ეპიზოდი გავიდა. წიგნად გამოცემამდე „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი“ რადიო-პიესა გახლდათ. წიგნს კი სატელევიზიო შოუ და სრულმეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა.

წიგნმა გამოსვლისთანავე მიიქცია მკითხველთა ყურადღება და რამდენიმე თვის მანძილზე ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი ეკავა. არცაა გასაკვირი. მეეჭვება, ვინმეს კოსმოსში მოგზაურობა ასე სასაცილოდ მოეთხროს.

ავტორის იუმორის გრძნობას პირველივე გვერდზე შეამჩნევთ, წიგნის იდეის აღწერისას:

„წიგნის სათაურმა თავში პირველად 1971 წელს დამკრა, როცა ავსტრიაში, ინსბრუკის ერთ-ერთ მდელოზე მთვრალი ვგორავდი.“

მოკლედ, თუ გინდათ, კოსმოსური ჰიჩჰაიკერის კომიკური ამბავი შეიტყოთ, სასწრაფოდ ადამსის წიგნს უნდა სტაცოთ ხელი.

ამბავი იმით იწყება, რომ მთავარი გმირი, ართურ დენტი საკუთარი სახლის წინ ტალახში წევს, რათა საგზაო დეპარტამენტიდან გამოგზავნილ ბულდოზერებს სახლის დანგრევაში ხელი შეუშალოს. ტალახში ამოგანგლული დენტი ვერც კი წარმოიდგენს, რომ რამდენიმე წუთში მისი სახლი კი არა, მთელი დედამიწა პირისაგან მიწისა აღიგვება.

წარმოიდგინეთ, უცებ თქვენი საუკეთესო მეგობარი რომ მოვიდეს და გითხრათ, ადამიანი არ ვარ, უცხო გალაქტიკიდან ვარ მოსული, რათა დედამიწის შესახებ გალაქტიკის გზამკვლევისთვის ინფორმაცია მოვაგროვოო, რა რეაქცია გექნებათ? თან, ცოტა ხანში იმასაც თუ დაამატებს, ორ წუთში აპოკალიფსი იქნება და დედამიწა განადგურდებაო?

ალბათ, იფიქრებთ, რომ ან რაღაც საოცრება მოწია, ან, სამწუხაროდ, მისი შეშლილობის ნიშნები აქამდე ვერ შენიშნეთ.

თუმცა, ადამსის მოთხრობილ ამბავში ართურ დენტის მეგობარი, ფორდ პრეფექტი (რომლის მამაც, სხვათა შორის, სირცხვილმა მოკლა, რადგან მის შვილს საკუთარი სახელის სწორად წარმოთქმა არ შეეძლო) სრულ სიმართლეს ამბობს.

ორ წუთში დედამიწაზე სიცოცხლე ნამდვილად სრულდება და მის მკვიდრთაგან ერთადერთიგადარჩენილის – ართურ დენტის კოსმოსური მოგზაურობა იწყება. სხვადასხვა პლანეტის მოვლის, სასიკვდილო საფრთხეებისგან თავის დაღწევის, ვოგონების პოეზიის მოსმენის (რომელიც სიკვდილზე დიდ საშინელებადაა მიჩნეული) და გალაქტიკის პრეზიდენტთან, ზაფოდ ბიბლბროქსთან (ყოფილი ჰიპი, საჯაროდ ცნობილი მანიაკი) შეხვედრის შემდეგ, ართური მაგრათეაზე ხვდება. მაგრათეა პრეისტორიული და მთელს გალაქტიკაში ყველაზე საოცარი პლანეტაა, რომელიც სხვა პლანეტებს აწარმოებს და რომლის არსებობის ბევრს უკვე აღარც კი სჯერა.

მაგრათეაზე ართურსა და ფორდ პრეფექტს ახალი თავგადასავლები და ახალი დაბრკოლებები ელით. თუმცა, დენტისთვის ყველაზე დაუჯერებელი იმის გაგება აღმოჩნდება, რომ დედამიწა თაგვების დაკვეთით ყოფილა შექმნილი და სინამდვილეში მის მშობლიურ პლანეტას სწორედ ის პაწაწინა არსებები მართავდნენ, რომლებზეც პავლოვი ცდებს ატარებდა.

მაგრათეაზე მყოფ თაგვებს სურთ, ართური ჩატ-შოუს ვარსკვლავად აქციონ და ამისთვის მისი ტვინის ყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. ართური კი დანებებას არ აპირებს და ცდილობს, გალაქტიკის მთავარ წესს მიჰყვეს: პანიკის გარეშე!

როგორ გამოუვა ეს ამბავი, სჯობს, თავად გაიგოთ.