Image Alt

დიდი არგენტინელი ბიჭის რიტუალები

რიტუალები

დიდი არგენტინელი ბიჭის რიტუალები

ავტორი: მარი ბექაური

 

                 არგენტინელი ბიჭის რიტუალები

 

2014 წლის 26 აგვისტოა. მე და ერთი კოლუმბიელი ბიჭი მონპარნასის სასაფლაოზე, კორტასარის საფლავთან ვდგავართ და ოცდაათი წლით ადრე გარდაცვლილ კაცს დაბადების დღეს ვულოცავთ. ხუმრობა ხომ არაა, – არგენტინელ ბიჭს ასი წელი შეუსრულდა.

ვაღიარებ: მეგონა,ზღვა ხალხი და ზღვა ყვავილები დამხვდებოდა, არადა ყვავილები მხოლოდ ჩვენ მოგვაქვს. პარიზს არ ადარდებს კორტასარი. სამაგიეროდ, ჩვენ აქ ვართ და თან ძალიან შორიდან ჩამოვედით, რომ მის საფლავს მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ არაფერია, ჩე, თუ ვერ მოახვედრე კენჭი მეათე ნომერზე. შეიძლება სულაც ცუდად იყო დახაზული კლასობანა.

კორტასარისადმი ჩემი სიყვარულის ამბავი უკვე მთელმა ქვეყანამ იცის. ხმამაღლა მიყვარს ეს კაცი, და სამხრეთულად. პარიზში წასვლამდე, გოგი გვახარია პირდაპირ ეთერში მეკითხება: ვინაა უფრო კორტასარი – ევროპელი თუ სამხრეთელი? მე ვიბნევი და მხოლოდ საქართველოში დაბრუნების მერეღა ვახერხებ პასუხის გაცემას:

კორტასარი სამხრეთელია.

ჰო. ის, რაც კორტასარის წიგნებში ხდება, თავიდან ბოლომდე სამხრეთია, თავისი მატეებით და ღმერთის უარყოფით, ჩარჩოების რღვევით და თუნდაც ბლუზის მოსმენაში გათენებული ღამეებით.

„რიტუალებიც“ ასეთი წიგნია. როგორც კი კითხვას იწყებ, დროის და სივრცის შეგრძნებას კარგავ და ბუენოს-აირესის ქუჩებში აღმოჩნდები. პერსონაჟები თავიანთი მძაფრი შეგრძნებებით თავს გამახსოვრებენ. მათ უყვართ, სძულთ, სიკვდილს ელიან ან უჩვეულო თამაშებში ებმებიან და ამ ყველაფერს ძალიან სამხრეთულად აკეთებენ. კორტასარი კი მათ ამბებს ჰყვება, ისე ქაოტურად, როგორიც არის კიდეც ჩვენი ცხოვრება სინამდვილეში.

„წარმოსახვის წყალობით, რაღაც ამბის მოყოლას იწყებ: შეიძლება ბიძგი ფლორას ნათქვამი, სადღაც გაღებული კარის ჭრიალი ან ბავშვის ყვირილი იყოს.“

სიმართლე რომ ვთქვა, წიგნის გადაშლის ცოტათი მეშინოდა. როცა კორტასარი შემიყვარდა, ჩვიდმეტი წლის ვიყავი – უფრო რომანტიკული, უფრო მეოცნებე და ალბათ, უფრო სენტიმენტალურიც. მაგრამ „რიტუალებმა“ საბოლოოდ დამარწმუნა:

კორტასარის მთელი შემოქმედება აბსოლუტთან მიახლოების ყველაზე დიდი და სევდიანი მცდელობაა ლიტერატურაში, ქაოტური ძიება იმისა, რაც საშუალებას მოგვცემს, მოცემული ყოფის ჩარჩოებიდან გამოვაღწიოთ. და საქმე მარტო ძიებაშიც არაა, – წერის სტილი, ესთეტიკა, დიალოგებში უეცარი გადასვლები ყოფიერების საკითხებიდან ყოველდღიურ წვრილმანებზე, ირაციონალურის რაციონალურად წარმოჩენა – ხშირად შეუძლებლის არსებობას გვაჯერებს. კორტასარი მაგიური რეალიზმის ჯადოქარია. ასეთი უნარი – სრულიად ფანტასტიური ამბავი ჩვეულებრივ რეალობად შემოგასაღოს, მხოლოდ ბორხესს აქვს და როგორც ჩანს, მერაბ ნინიძე მართალია, როცა ამბობს, რომ არგენტინაში მიწა სხვა ფერია (ოდნავ მოწითალო) და ხალხსაც ძარღვებში სულ სხვანაირი სისხლი დაუდის.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კორტასარმა თავისი მოთხრობები ოთხ ტომად დააჯგუფა, თუმცა, სრული კრებულის გამოცემას ვერ მოესწრო. ოთხტომეული მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ, მწერლის ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. „რიტუალები“ პირველი წიგნია. დანარჩენი სამიც მალე გამოვა და ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იმ დიდი არგენტინელი ბიჭის სრულ შემოქმედებას, რომელზეც ამბობდნენ, რომ დონ კიხოტს ჰგავდა.