Image Alt

და ვინჩის კოდი

და-ვინჩის-კოდი

და ვინჩის კოდი

ავტორი: ნოდარ ლადარია

ერთობ საგულისხმო დროს ითარგმნა ქართულად დენ ბრაუნის ბესტსელერი: მისი პირველი მსოფლიო ხიბლი თითქმის მიინავლა, ის უკვე ელოდება სულის შებერვას ჰოლივუდიდან, აკი თავიდანვე ამ იმედით არ დაიწერა? – გადაავლეთ თვალი რომანის ფურცლებს, დააკვირდით, როგორ ცვლის ერთმანეთს პერსონაჟთა ხმა და ავტორის ტექსტი – მაშინვე მოგივათ აზრად, რომ ამის დამწერს თვალწინ მომავალი სცენარისტი ედგა. აჰა, ოცნებაც აუხდა.

ერთი მხრივ, მართლაც გვიან მივიღეთ გახმაურებული თრილერი, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ საყვედურს, რადგან არის ამ დაგვიანებაში ერთი უეჭველი უპირატესობა – დუმილში უფრო ადვილია ფიქრი, უფრო ნაყოფიერია განსჯა. განსასჯელად კი რა გვრჩება? ნუთუ ის სამი თუ ოთხი წიგნი, რომელიც დენ ბრაუნმა წაიკითხა, სანამ რომანზე მუშაობას შეუდგებოდა?

არა, ეს ნამდვილად ვერ გახდება ინტელექტუალური მსჯელობის ღირსეული საგანი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა წიგნები შეიძლებოდა ყოფილიყო: ერთი საკმაოდ დაწვრილებითი გზამკვლევი ევროპის ტურისტულ მარშრუტებზე, ერთი პოპულარული ნაშრომი ადრექრისტიანული ერესების გარშემო, ერთი ასეთივე ფერად-ფერადი გამოცემა ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ერთიც ფსევდოისტორიული, ფარატინა სენსაციურობით სავსე ოპუსი შუა საუკუნეების თემაზე, ალბათ ცნობილი სამეცნიერო ავანტიურისტების, ბეიჯენტისა და ლის შეთხზული. თუ ამას რამდენიმე ანტიკლერიკალური ბოღმით დამძიმებულ ვებგვერდსაც დავუმატებთ, მივიღებთ ჩვენი ავტორის სრულ ინტელექტუალურ თვალსაწიერს.

მართლაც, აბა, რომელი საქმეში ჩახედული კაცი ვერ შენიშნავს ისტორიულ და კულტუროლოგიურ შეუსაბამობებს, რომლებითაც სავსეა რომანში არსებული ღრმააზროვანი გადახვევები – ლენგდონის ლექციათა ნაწყვეტები, თიბინგის ახსნა-განმარტებები. განა საჭიროა დღეს იმის მტკიცება, რომ გრაალის ცნება ახალი აღთქმის დაწერიდან რვაასი წლის შემდეგ წარმოიშვა და მარიამ მაგდალელის ცხოვრებაში უბრალოდ ვერ იარსებებდა, რომ ეკლესიისა და იმპერიის ურთიერთობა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რომანში აღწერილისგან სრულიად განსხვავდებოდა, რომ გნოსტიკური ტექსტები, რომელთა დაფარვაში თიბინგი ადანაშაულებს ეკლესიას, მთელი კაცობრიობისთვის და მათ შორის ეკლესიისთვისაც, სულ რაღაც ორმოცდაათი წლის წინათაა აღმოჩენილი, თარგმნილია მრავალ ენაზე და დენ ბრაუნის მკითხველთაგან არც ერთისთვის მათი შოვნა არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს. კიდევ უფრო სასაცილოა თიბინგის მიერ შემოთავაზებული ხელოვნებათმცოდნეობა, უფრო კონკრეტულად კი ლეონარდო და ვინჩის  „საიდუმლო სერობის“ ინტერპრეტაცია. თიბინგი გვიჩვენებს, რომ იესოსა და მოციქულ იოანეს ფიგურები ფრესკაზე ლათინურ ასო M-ს ქმნიან. ამაში მანიით შეპყრობილი ისტორიკოსი მარიამ მაგდალელის ინიციალს ხედავს. მაგრამ ასეთივე წარმატებით იმავე გამოსახულებაში შეიძლება დავინახოთ „მოტოროლას“ ყველასთვის ცნობილი ლოგოც.

გამოდის, რომ ცუდი რომანი შევიძინეთ, ტყუილად გადავყარეთ ფული? ო, არა! – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. ჯერ ხომ რომანის განქიქება არ დაგვისრულებია. საინტერესოა, რომ სწორედ განქიქებიდან ამოიზრდება მოულოდნელად ის არგუმენტი, რომელიც გაამართლებს არა მარტო მატერიალურ ხარჯებს, არამედ წიგნის საკითხავად გამეტებულ საათებსაც. რომანის პირველი შთაბეჭდილება ორი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: ვერ მოსწყდები! მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ავტორი ამისთვის არავითარ განსაკუთრებულ ხერხს არ იგონებს. იგი უბრალოდ ერთმანეთზე ახვავებს მოვლენებს, ყოველი შემდგომი კვანძი თითქმის დაუყოვნებლივ იხსნება, რომ ადგილი დაუთმოს ახალ, კიდევ უფრო მკვიდრად შეკრულ კვანძს. თხრობა თითქმის მონოტონურად, რიგრიგობით ათავსებს თავის ფოკუსში პერსონაჟთა დაპირისპირებულ ჯგუფებს, ისეთი რიტმით, რომ ვერ მოვასწროთ მათი დავიწყება. კიდევ უფრო იშვიათად ხტის დროში, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ლენგდონის დაბნეულ აზრს გაჰყვეს. ამ დროს ვერ ამჩნევ, რომ ნამდვილ მკვლევარს რაღაც ასოციაციის დასაჭერად, რაღაც იდეისთვის ხელის ჩასავლებად არ სჭირდება საკუთარი ლექციების მოგონება. ლენგდონი კი საკუთარ თავს ისე უყურებს, როგორც საშუალო ნიჭის ბეჯითი მოწაფე – თავის გაღმერთებულ მოძღვარს. ამას ვერ ამჩნევ, თხრობის წრფივი და სწრაფი დინება გიპყრობს და ბრაზი გერევა: როგორ! პრუსტის ნარატიულ ტყეებში უკანასკნელი მოჰიკანივით ვიკვლევ გზას, ჯოისის გამოშვებულ ცნობიერების ნაკადში იხტიანდრივით დავცურავ და ამ გოიმმა ამერიკელმა როგორ უნდა!.. მაგრამ თითქმის ბოლომდე ჩაკითხული წიგნი და ოთახში მოულოდნელად შემოპარული გარიჟრაჟი ულმობელი სიცხადით გვიმტკიცებს, რომ მოსახდენი მოხდა – გოიმმა ამერიკელმა თავის მიზანს მიაღწია.

დაახლოებით იგივე ხდება შინაარსის მხრივაც, თუმცა, ასე ვთქვათ, საპირისპირო ნიშნით. ბესტსელერის გამო გასაოცარი რელიგიური ბუმი ატყდა: დენ ბრაუნისა და მისი რომანის გასაკიცხად დროს პოულობენ უმძიმესი საეკლესიო ტვირთის მატარებელი კარდინალები, მის დასაგმობად ლოცვასა და მღვიძარებას აკლდებიან ასკეტი ბერ-მონაზვნები. არც რიგითი ღვთისმოსავი კათოლიკეები ჩამორჩებიან და დემონსტრაციულად უარს ამბობენ წიგნის წაკითხვაზე, რაც მით უფრო ადვილია, რომ არც არავინ აიძულებს. ვლადიმირ ნაბოკოვისა არ იყოს, წიგნის გარშემო „ელვითა და ქუხილით დატვირთული სკანდალის გვარიანი ატმოსფერო შეიქმნა“ – რაც მშვენივრად მოქმედებს ავტორის შემოსავალზე.

ეს კი ნამდვილად იმსახურებს განხილვას. მაშ ასე, რომანის მთავარი ინტრიგა მართლაც რელიგიური თემის ირგვლივ ტრიალებს. აქ შეკრებილია თანამედროვე ვითარებაში არსებული თითქმის ყველა იდეოლოგიური ტიპი: რაღაც ძველი და უკვე ბუტაფორიული საიდუმლოების მცველი არქივარიუსი, სიკვდილის შემდეგ თვითონაც ბუტაფორიულ ნიშნად ქცეული; პროფესორი, რომელიც ადამიანის საუკუნეობრივ სულიერ სწრაფვებს საკუთარი აკადემიური კარიერის ძაფზე ათასფერ მძივებად ასხამს და თავშესაქცევ თავსატეხებად გარდაქმნის; საცოდავი ალბინოსი, რომელსაც თვითგვემამ პიროვნება ჩაუკლა, მოძღვრის მორჩილებამ კი სინდისი ჩაუნაცვლა. ეპისკოპოსი, რომელიც რწმენის სიღრმეს რიტუალისადმი მორჩილებით ზომავს, მის სიძლიერეს კი ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; მანიაკი მეცნიერი, რომელიც ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს შემეცნებისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვას; მომხიბლავი ქალიშვილი, რომელიც მთელ თავის ინსტინქტურ წესიერებას იმის გარკვევაზე ხარჯავს, უნდა უყვარდეს თუ სძულდეს საკუთარი ბაბუა; პოლიციის მამაცი კაპიტანი, რომელიც ცხოვრების მთელ საზრისს მოვალეობის ფორმალურ აღსრულებაში ხედავს. წიგნში ყველანი მარცხდებიან, ვერც ერთი ვერ აღწევს სრულ დაკმაყოფილებას. უფრო მეტიც, მეტ-ნაკლებად, ყოველი მათგანი საკუთარი ცხოვრების წესის ან იდეური შინაარსის სიცარიელის წინაშე აღმოჩნდება.

ახლა კი ვკითხოთ კეთილმორწმუნე რისხვით შეპყრობილებს: ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს უნდა გაემარჯვა, რომელი იმსახურებდა საწადელის წვდომას? რა თქმა უნდა, არც ერთი. მაშ, რაღას ნიშნავს ეს რისხვა? უპირველეს ყოვლისა, დაფარულ და გაუმხელელ ბოღმას საკუთარი თავის წინააღმდეგ.

დენ ბრაუნმა ქრისტიან სამღვდელოებასაც ისეთივე მარტივი ხაფანგი დაუგო, როგორიც ინტელექტუალურ მკითხველს. ტექსტის მთავარი შეკითხვა იერარქიისადმი ასე ჟღერს: რა გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი სიტყვა თქვენივე სამწყსოსათვის ჩემს გამონაგონზე უფრო ძვირფასი ყოფილიყო?

საყოველთაოდ ცნობილია ერთი სასწაული, რომელსაც ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან ნეაპოლელი კათოლიკეები: წელიწადში ერთხელ ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარში დაცული მოწამე ეპისკოპოსის, იანუარიუსის შედედებული სისხლი თითქოს ცოცხლდება და ისევ თხევადი და ალისფერი ხდება. აღწერილია XIX საუკუნის ერთი კარდინალის საუბარი კათოლიციზმისადმი სიმპათიით გამსჭვალულ ანგლიკან ქრისტიანთან. კარდინალმა აუხსნა პროტესტანტს, რომ წმინდა იანუარიუსის სასწაული მხოლოდ მდაბიოებისთვისაა ვარგისი, განათლებული ხალხისთვის კი – არა. გაოცებულმა თანამოსაუბრემ იკითხა, განა თქვენ თვითონაც ქრისტიანები არა ხართო? „ჩვენ პრელატები ვართ“, – უპასუხა კარდინალმა. ასე ხდება, როცა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ადგილს პოლიტიკა იკავებს, ან რიტუალი, ან ინტერესი, ან მორალი. ქრისტე ყოველივე ამაზე დიდია – ამას გვასწავლის დენ ბრაუნის რომანი, თუ საერთოდ რამეს მაინც გვასწავლის.

მართალია, არის მასში პროტესტანტთა ჩვეული ქედმაღლობა და ნიშნის მოგება, არის სასაცილო გულუბრყვილობა და კვლავ პროტესტანტიზმისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერები, ნატიფი შუქ-ჩრდილების არარსებობა. და მაინც, ეს ტექსტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სკანდალი, ანუ ეს სიტყვა ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ, საცდური შეექმნა. მაგრამ განა აქ დრო არ მოვიდა, მოციქულის ნაცნობი ხმა გავიგონოთ? – „ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე”(I კორინთელთა, 1-23). ჯვარცმული ქრისტე ყოველთვის სკანდალი, საცდური იყო მათთვის, ვინც ძველი აღთქმის იუდეველთა მსგავსად მასზე წინ რიტუალს ან იერარქიას, ან კატეხიზმოს, ან პოლიტიკას აყენებდა. არა, დენ ბრაუნი ჯვარცმულ ქრისტეს არ ქადაგებს, მაგრამ იმას კი ცხადად გვიჩვენებს, რომ მის გარეშე ყოველივე ფუჭია და უაზრო, იმდენად, რომ თვით უკვდავი სულის მქონე ადამიანები ციცქნა წვრილმანი იდეებით გატენილ ტიკინებად იქცევიან და ამას ვერც ხორცის მოკვდინება შველის, ვერც საეპისკოპოსო ხარისხი და ვერც საუკეთესო ამერიკული განათლება. სწორედ ესაა დღევანდელი ქრისტიანობის ყველაზე მძიმე ტრაგედია და ის ვითარებაც, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ: დენ ბრაუნის რომანი ნამდვილად არ არის ლიტერატურის შედევრი, მაგრამ ყველაზე მაღალ შედევრზე ნაკლებ სიღრმესა და ინტელექტუალურ ინტუიციას, ყოველგვარი ჭეშმარიტი რწმენისთვის დამახასიათებელ უანგარო კეთილგანწყობას როდი მოითხოვს იმისთვის, რომ მკითხველმა მასში თრილერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული წიგნი დაინახოს.