Image Alt

ჩხერკეთელაობა

ჩხერკეთელაობა

ჩხერკეთელაობა

ავტორი: ზურა აბაშიძე

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის.

 „რას აკეთებთ, ბავშებო? აქ, ძველ სადგურზე, მატარებლების სათვალთვალოდ მოხვედით, თუ ყოფილ საწყობში საჩხერკეთელაოდ?

„საუკეთესო რამ, რაც წლების განმავლობაში მომხდარა ბრიტანულ მწერლობაში“  ასე შეაფასა ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ თავის დროზე ირვინ უელშის სადებიუტო რომანი. რომანის გამოცემის დღიდან აზრი ორ ნაწილად გაიყო, ერთ მხარეს ძალიან მოსწონდა ეს პროვოკაციული ხულიგნობა ავტორისგან, მეორე მხარე აპროტესტებდა ამ წიგნის არსებობას, იმასაც ამბობენ, რომ ბუკერის პრემიის მოკლე სიაში რომანის ვერ მოხვედრა ნაწარმოების თემატიკამ განაპირობაო. წიგნის წარმატება ერთიორად გაზარდა ფილმის გამოსვლამ, რომელშიც მთავარ როლს იუან მაკგრეგორი ასრულებს. ფილმიც ზუსტად ისეთივე ხმაურიანი იყო, როგორც წიგნი, ამერიკული პრემიერის დროს ზოგი სცენა საერთოდ ამოჭრეს ფილმიდან, შოტლანდიური აქცენტის და სლენგის გამო კი მსახიობებს ხელახლა მოუწიათ პირველი ოცი წუთის გახმოვანება და ასე შემდეგ, გაუჩერებლად შეიძლება ლაპარაკი, რა ხმაური გამოიწვია ამ რომანმა მსოფლიოში, მაგრამ ფაქტი ერთია, ოთხი მეგობრის ნარკოისტორია დღესაც ძალიან ბევრ მკითხველს აინტერესებს და აგერ უკვე ოც წელზე მეტია, წიგნი არ კარგავს აქტუალურობას, პირიქით, ავტორი ისევ აგრძელებს ისტორიებს წერას რენტონზე, ბეგბიზე, თიშიკოზე და ქლიავაზე, ბოლო რომანი ამ სერიიდან 2012 წელს გამოვიდა ბრიტანეთში, გადაიღეს მეორე ფილმიც და წიგნი უკვე საკულტოც კი გახდა თავის ჟანრში.

ეს ყველაფერი კი ძალიან ადრე დაიწყო, 90-იანი წლების დასაწყისში შოტლანდიელმა ავტორმა ირვინ უელშმა გადაწყვიტა, დაეწერა პროვოკაციული და ყველა აქამდე არსებული ნორმისგან დაცლილი რომანი, მოეთხრო ისტორიები ნარკოდამოკიდებული ადამიანების ცხოვრებიდან, ისიც ცნობილია, რომ ავტორი თვითონაც მოიხმარდა ნარკოტიკებს, რამაც საბოლოოდ განაპირობა რომანის ასეთი სახით არსებობა – შეუფარავით, სასტიკით და გულისამრევით. ირვინ უელში დიდი ხულიგანი ტიპი აღმოჩნდა, მან ძალიან კარგად გათვალა, რა გააღიზიანებდა მკითხველთა საზოგადოებას და ზუსტად გაარტყა მიზანში, აღწერა მწარე ცხოვრება ნარკოდამოკიდებული ადამიანებისა და აღწერა ძალიან ზუსტად, ზედმეტი შეფასებებისა და რომანტიზების გარეშე.

რომანში, როგორც ზემოთ ვთქვი, მოქმედება ოთხი მეგობრის გარშემო ვითარდება, ისინი ედინბურგში ცხოვრობენ. 20-30 წლამდე ოთხი ბიჭის საზარელი ცხოვრება, რომელიც სავსეა ნარკოტიკებით, ალკოჰოლით, სექსით. ისინი ძალიან ღრმად არიან ჩაძირული ბინძურ სამყაროში, სადაც არ არსებობს წესები, კანონები, ძალიან ხშირად ივიწყებენ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – მორალს, არ ემორჩილებიან არანაირ წესრიგს და საზოგადოებრივ ნომრებს, არ აშინებთ არაფერი, გარდა წამლის უქონლობისა, მათი ცხოვრება აზრს გაჩხერის დროს იძენს და ლომკის დროს კარგავს. და სანამ ძაღლური გზებით ისევ არ იშოვიან გასაჩხერს, ყველაფერი ბნელდება, ტკივილისა და სასოწარკვეთისგან წკმუტუნებს ადამიანი.

რომანში მოთხრობილია მათი ყოველდღიურობა, წარსული, ოჯახის წევრების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ხან სევდიანად, ხან სასტიკად აღწერილი იმაზე უფრო სასტიკი რეალობა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია; აღწერილია ბიჭების მეგობრობა, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის მეგობრობა, ამას თვითონაც ხვდებიან, მაგრამ უკვე სულერთია მათთვის, მთავარია, კიდევ ერთი დოზა შეუშვან ვენაში, ან ღმერთმა იცის სად, იქნებ პენისშიც კი.

რომანის კითხვის დროს სხვადასხვა ემოცია გიჩნდება პერსონაჟების მიმართ, უნდა გაგაფრთხილოთ, გვერდზე გადადეთ ის მცდარი წარმოდგენები, თითქოს კარგი რომანი უნდა გვასწავლიდეს, როგორ ვიყოთ სწორი და კარგი ადამიანები. „ჩხერკეთელაობაში“ ყველაფერი სულ პირიქითაა, ავტორი არსად არ ცდილობს, რომ შეგაყვაროს თავისი პერსონაჟი, პირიქით, შეულამაზებლად და თავისთვის დამახასიათებელი სისასტიკით გიყვება ისტორიებს, დასცინის კიდეც მთავარ პერსონაჟებს და არა მარტო მთავარ პერსონაჟებს, დასცინის იმდროინდელ საზოგადოებასაც, რომელიც თითქოს უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, სულ არაფერი შეცვლილა. ავტორი არ ერიდება თამამ სცენებს, ძალიან ნატურალისტურად არის გადმოცემული სექსის სცენები და სხვა უამრავი ამბავი პერსონაჟების ცხოვრებიდან. ხშირად შეიძლება გულით შეგეცოდოთ ისინი, ძალიან ბევრჯერ შეგძულდებათ კიდეც, ძალიან ბევრ საქციელს ვერ მოუწონებთ და თავს მარტო იმით დაიმშვიდებთ, რომ წიგნია, გამოგონილი პერსონაჟები, მიათრევთ ბოლომდე და  დაივიწყებთ მათ არსებობას, ჰოდა ზუსტად მანდ შევცდი მეც და ზუსტად ეს მგონია რომანის მთავარი დადებითი მხარე, ტყუილად გგონიათ, რომ რამეს დაივიწყებთ, პირიქით, გაგახსენდებათ ადამიანები თქვენი წარსულიდან, ვისაც კი ჰქონია ნარკოტიკების პრობლემა, გაგახსენდებათ ყველა ის, ვის მიმართაც გულგრილი ან ხშირად უსამართლო იყავით.

ვფიქრობ, ამ რომანის ჩვენს ენაზე არსებობა ძალიან დროული და საჭიროა ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენ ხომ იმ სოციუმში ვცხოვრობთ, სადაც ნარკომანია დემონიზებული თემაა, სადაც ნარკომანები ძირითად ღმერთის ხელიდან გადმოვარდნილ უღირს ადამიანებად მიიჩნევიან, რომლებმაც თავიანთ სიამოვნებაზე ვერაფრით თქვეს უარი და ხშირად ძალიან დაუნდობლები ვართ მათ მიმართ. აი, ზუსტად ეს რომანი დაგვანახვებს, რა რთულია ამ სიამოვნებაზე უარის თქმა, დაგვანახვებს, მართლა არის თუ არა ამ ადამიანებისთვის ეს სიამოვნება და დაგვანახვებს იმასაც, როგორ რეაგირებენ ამაზე სხვა, ჩვენზე უფრო განვითარებული ქვეყნები, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ პრობლემის მიმართ და რა გზები ესახებათ მის დასამარცხებლად.

აღსანიშნავია თხრობის მრავალფეროვნებაც, რომანი ექვს ნაწილადაა დაყოფილი, თითოეული ნაწილი ხუთიდან ათამდე თავისგან შედგება, ყოველ თავს სხვადასხვა მთხრობელი ჰყავს და დარღვეულია სიუჟეტური ქარგა, ავტორი ფრაგმენტულად ყვება ისტორიებს პერსონაჟების ცხოვრებიდან, რაც ცოტა არ იყოს დამაბნეველია, თავიდან ძალიან გამიჭირდა სიუჟეტს დავწეოდი, ვერ ვარჩევდი პერსონაჟებს ერთმანეთისგან, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი დალაგდა, გამოიკვეთა სხვადასხვა პერსონაჟის თხრობის თავისებურება, ადვილი გახდა რენტონისა და სხვა მთხრობელების ერთმანეთისგან გარჩევა, გამარტივდა სიუჟეტის აღქმაც და ეს პროცესიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო იქნება მკითხველისთვის, როცა შენ თვითონ ცდილობ, ნაგლეჯებისგან ერთი მთლიანი ააწყო, ავტორის დაუხმარებლად.

ზემოთ აღნიშნული მეტწილად მთარგმნელის, თამარ ჯაფარიძის დამსახურებაა, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი შესაძლებლობები. რომანი  ორიგინალის ენაზე ძალიან რთულად იკითხება, გამოყენებულია იშვიათი შოტლანდიური დიალექტი, წიგნი სავსეა შოტლანდიური და ინგლისური ჟარგონული გამოთქმებით და ამ ყველაფრის ქართულ ენაზე გადმოტანა და ჩვენი ენისთვის მორგება ძალიან კარგად მოახერხა მთარგმნელმა, თარგმანი სავსეა ოთხმოციანებისა და დღევანდელი დღისთვის დამახასიათებელი ქართული ჟარგონით, რამაც ქართულ თარგმანს ძალიან საინტერესო სახე შესძინა, სადაც იგრძნობა როგორც დრო, რომელშიც მოქმედება ვითარდებოდა და, ასევე, თანამედროვე, ჩვენთვის ახლო და დღევანდელობისთვის დამახასიათებელი სამეტყველო ენა.

ასე რომ, თუ ვინმეს მოგენატრათ დიდი რომანების კითხვა, სადაც პერსონაჟები ყოველი მხრიდან არიან ნაჩვენები, მოგენატრათ ამბები, რომლებიც ერთდროულად განერვიულებთ და გაბრაზებთ, მოგენატრათ მძაფრი შეგრძნებები, ისტორიები, რომლებიც არასდროს დაგტოვებთ, წაიკითხეთ „ჩხერკეთელაობა“ და მიჰყევით პერსონაჟებს, რომლებმაც შემოთავაზებებზე უარი თქვეს, რომლებმაც არ აირჩიეს განვადებების გადახდა, სარეცხი მანქანები, ავტომობილები, არ აირჩიეს ნაგავი პროდუქტებით მუცლის ამოყორვა,  სიბერით გახრწნა – ცხოვრება არ აირჩიეს და ცდილობენ, სხვა არჩევანით იცხოვრონ,  განაჩენი თქვენთვის მომინდია, თქვენ გადაწყვიტეთ, სიბრალულს იმსახურებენ თუ სასტიკ სიძულვილს.