Image Alt

ჩემი მეგობარი ეთგარ კერეთი

ტურაშვილი-კერეთზე

ჩემი მეგობარი ეთგარ კერეთი

დათო ტურაშვილი

ყოველთვის, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც ხდება (და ეს რაღაც ძალიან ჰგავს ომს), ჩემი მეგობარი ეთგარ კერეთი მახსენდება, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. ის მწერალია და მისი სახელი ისრაელში ყველამ იცის (ვისაც წიგნების კითხვა უყვარს); მაგრამ ნებისმიერ ებრაელს, რომელიც სადმე მხვდება, მაინც ვეკითხები ხოლმე ეთგარის შესახებ და როცა კერეთის ხსენებისას მათ აშკარად უბრწყინდებათ მრავალტანჯული ებრაული თვალები, მეც ბავშვივით მიხარია. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მისი მოთხრობების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და შეუძლებელიცაა, ისრაელში ყველას მოსწონდეს ებრაელი მწერალი, რომელიც ცხოვრებასა და შემოქმედებაში ასეთი თავისუფალია. მაგრამ ისინიც კი, ვისაც აშინებს ან აღიზიანებს ეთგარ კერეთის თავისუფლება, ღიმილის გარეშე მაინც ვერ კითხულობენ მის მოთხრობებს. ერთადერთი, რაც არავისთვის არ არის საკამათო, მისი ნიჭია. ნიჭიერი ებრაელი სულაც არაა უცნაური მოვლენა, მაგრამ პირადად მე მაინც გამაკვირვა ამ ადამიანის უჩვეულო უნარმა – იყოს განსხვავებული იმ სივრცეში, სადაც ყველაზე დოგმატური დამოკიდებულებები არსებობს ფასეულობების მიმართ. ამიტომაც იქნებოდა (ალბათ ასეც იყო) შოკისმომგვრელი კერეთის პირველი წიგნის გამოცემა ისრაელში, სადაც პალესტინელს მხოლოდ მტერი ჰქვია და ყოველ მესამე ებრაელს გრძელი ავტომატი ჰკიდია აგიტაციით დამძიმებულ მხრებზე. ვინც იარაღს თან არ ატარებს, შინ ინახავს და ეთგარ კერეთი რომ არ გამეცნო, ალბათ პალესტინელების მხარეს უფრო ვიქნებოდი, რადგან სიმართლე იმდენია, რამდენიც ადამიანი ამ გაუყოფელ მიწაზე და სულაც არ მინდა ბრძენი ვიყო სხვის ომში, თუკი მგონია რომ სხვისი ომი, უბრალოდ, არ არსებობს…

ეთგარ კერეთი 2001 წელს გავიცანი ამერიკაში, სადაც ის მწერლების სემინარზე დაგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ მალევე დავმეგობრდით, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ ასეთი ახლობელი იქ, ოცდაათ მწერალს შორის, არავინ მყავდა. ცოლიც თან ჩამოიყვანა (მშვენიერი შიღა – როგორც თვითონ ეძახდა ღიმილით) და ღიმილის გარეშე ეთგარ კერეთი არც მინახავს. მხოლოდ ერთხელ ვნახე დასერიოზულებული და ისიც 11 სექტემბერს, დილით, როცა ყველანი გაგვაღვიძეს (მწერლების მთელი სასტუმრო) და ტელევიზორები ჩაგვირთეს, რათა საკუთარი თვალით გვენახა, როგორ უტევდნენ ტერორისტები ნიუ-იორკის ტყუპ ცათამბჯენებს. სემინარის მონაწილეები ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ დაუყონებლივ გავიყოფოდით და ევროპელები აზიელებს დავარბევდით ან პირიქით. ამიტომაც დერეფანში ჩვენს ოთახებს შორის რომელიღაც ამერიკული სპეცსამსახურის ხალხი ჩააყენეს და ეს ბრგე და კუნთმაგარი ადამიანები თვალს არ გვაშორებდნენ, სანამ ორგანიზატორები არ დავარწმუნეთ რომ ერთმანეთის დახოცვას ნამდვილად არ ვაპირებდით.

ორგანიზატორებთან მოსალაპარაკებლად ებრაელი ეთგარი და პალესტინელი პოეტი ჰასან ზაქათანი ერთად გავგზავნეთ და ამ ილეთმა, როგორც ჩანს, გაჭრა და ამერიკელებზეც კი იმოქმედა. საღამოსკენ სპეცსამსახურის ხალხი ჩვენი სასტუმროს დერეფანში აღარ იდგა და ამოვისუნთქეთ, მაგრამ ნიუ-იორკში მომხდარი საშინელების გამო მწერალთა სემინარის განწყობაც შეიცვალა და მხიარული მწერალი აიოვაში ძნელი სანახავი გახდა.

ეთგარ კერეთმაც მოიწყინა და ისევ გაღიმებული მხოლოდ ერთი კვირის თავზე ვნახე, როცა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ მისი მოთხრობების შესახებ კრიტიკული წერილი დაიბეჭდა.

ჩვენი მასპინძლები გამთენიისას კარების ღრიჭოში ძირითად ამერიკულ პრესას შემოგვიცურებდნენ ხოლმე და „ნიუ-იორკ თაიმსის“ ის ნომერი უკვე დილით მქონდა წაკითხული, მაგრამ ჩემს ებრაელ მეგობარს არაფერი ვუთხარი, არ ეწყინოს-მეთქი და გაზეთიც მონდომებით დავკეცე. რომ გავიფიქრე, იქნებ ვერც შეამჩნიოს-მეთქი, თვითონ მომიკაკუნა და სიცილით მითხრა – ნახე, ამერიკელები როგორ მლანძღავენო და ჩემს ოთახში, გაშლილი გაზეთით ხელში, მშვენიერ შიღას შემოუძღვა. მშვენიერი შიღაც ისე იცინოდა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ქმრის გენიალურობაში, მაგრამ გენიალური ეთგარ კერეთიც ადამიანია და ამიტომ მაინც გამაკვირვა ეთგარის რეაქციამ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წერილზე, სადაც მას, სინამდვილეში, კი არ აკრიტიკებდნენ, უბრალოდ, ლანძღავდნენ. ლანძღავდნენ ალბათ იმის გამო, რაც მან 11 სექტემბრის შემდეგ სპეციალურად ამ საშინელი ტერაქტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მან გულწრფელად თქვა ის, რასაც ფიქრობდა – ტერორისტების მიერ გატაცებულ არცერთ თვითმფრინავში, ამდენ ამერიკელს შორის, არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა თავდამსხმელებს, რომლებსაც თან პატარა ჯაყვების გარდა არაფერი ჰქონდათ. ჩვენთანო, ისრაელშიო, ყოველ მესამე გაჩერებაზე კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტი ამოდის ავტობუსში, მაგრამ იმ ტერორისტისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს ეცილებიანო. ამერიკელების უსუსურობა, ალბათ, გამოუცდილების ბრალი იყოო, – ბოლოს კი დაამატა ეთგარმა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, რადგან კერეთის შემდეგ მილეტა პროდანოვიჩი გამოვიდა სიტყვით და ბელგრადის დაბომბვაზე ისაუბრა: ამერიკელები სერბებს სამოცდათვრამეტი დღის განმავლობაში ბომბავდნენ და ახლა მაინც ხომ ეცოდინებათ, საჰაერო თავდასხმა რას ნიშნავსო. პროდანოვიჩის შემდეგ ვიეტნამელმა მწერალმა ითხოვა სიტყვა, მაგრამ კონფერენციის ორგანიზატორებმა შესვენება გამოაცხადეს, შესვენების შემდეგ კი ზრდილობიანად მოგვიბოდიშეს – კონფერენცია გაურკვეველი ვადით გადაიდოო და მართლებიც იყვნენ. ვიეტნამელს რომ იმაზე მოეთხრო, რასაც ამერიკელები მის ქვეყანაში კადრულობდნენ, კონფერენციის მიწურულს ალბათ რეზოლუციის მიღება დაგვჭირდებოდა ბინ ლადენის მხარდასაჭერად.

იმ დღის მერე პოლიტიკურ თემებზე კონფერენცია აღარც მოუწვევიათ და პოლიტიკაზე საერთოდ აღარც უკითხავთ რამე რომელიმე ჩვენთაგანისთვის. სემინარიც ჩვეული რიტმით გაგრძელდა, მაგრამ ამერიკელებმა ეთგარ კერეთს მაინც არ აპატიეს ის, რაც შეიძლებოდა ეთქვა სერბ ან ვიეტნამელ მწერალს, მაგრამ – არა ებრაელს, რადგან ეთგარი ისრაელს წარმოადგენდა – ქვეყანას, რომელსაც ამერიკელები დედობრივი მზრუნველობით ეხმარებოდნენ (და მგონი ახლაც ეხმარებიან). კერეთიც, ალბათ, ამიტომ დასაჯეს.

თუმცა ისეთ მწერალზე, როგორიც კერეთია, და მისი წიგნებზე კრიტიკოსების (და, მით უმეტეს, ამერიკელი კრიტიკოსების) უარყოფითი აზრი სულაც არ მოქმედებს  უარყოფითად (ან დადებითად), რადგან, დარწმუნებული ვარ, ეთგარისთვის მთავარი მკითხველია და არა კრიტიკოსი. მკითხველები კი მას ძალიან ბევრი ჰყავს და მისი წიგნები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში რეკორდული ტირაჟებით გამოდის. მისი მოთხრობები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მათ ყველგან კითხულობენ, რადგან კერეთის გმირები და პერსონაჟები ყველგან ცხოვრობენ, ნებისმიერ ქვეყანაში, და ნებისმიერი მკითხველიც ამ მოთხრობებში სწორედ ისეთ ადამიანებს პოულობს, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ მათ არსებობას ვერ ვამჩნევთ. მწერალიც ალბათ იმ ადამიანს ჰქვია, ვისაც უხილავის დანახვა და ისეთი სამყაროს შექმნა და აღმოჩენა შეუძლია, რომელიც რეალურზე დამაჯერებელია, უფრო კეთილია და მრავალფეროვანი.

ეთგარ კერეთის საიდუმლოც სწორედ სიყვარულია, რომელსაც მკითხველი ადვილად გრძნობს, რადგან ეთგარს იმდენად უყვარს თავისი მოთხრობების გმირები – ადამიანები, რომელთა შესახებაც წერს, რომ მათ რეალურ არსებობაში მკითხველსაც არ ეპარება ეჭვი და იჯერებს, რომ მწერლის მიერ მოგონილი ამბავი თუ პერსონაჟი უფრო ჰგავს სინამდვილეს, ვიდრე სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.

საღამოობით, სემინარებისაგან თავისუფალ დროს, როცა სადმე ვსხდებოდით ხოლმე ჭიქებით ხელში, ეთგარ კერეთი ისეთი სიყვარულით ყვებოდა ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიებს, რომ ძალიან, ძალიან მომინდა მისი წიგნების წაკითხვა და როცა წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ თურმე მას ბავშვობიდან ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ამერიკამდე ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. ისიც აღმოვაჩინე, რომ ეთგარ კერეთი სწორედ ისე წერს, როგორც მე მინდა რომ ვწერდე. მინდა, რომ ეთგარივით ნიჭიერი ვიყო და ომი ისრაელსა და პალესტინას შორის მალე დამთავრდეს.

თუმცა ომი, რომელსაც ომს არ ეძახიან, ისევ გრძელდება და ყოველთვის, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც ხდება (და ეს რაღაც ძალიან ჰგავს ომს), ჩემი მეგობარი მახსენდება, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. მას ეთგარ კერეთი ჰქვია და ასეთი კარგი ადამიანი მართლა იშვიათად შემხვედრია.

კარგი ქვეყანა კი ის არის, სადაც ასეთი კარგი მწერლები ცხოვრობენ…