Image Alt

ბრუტალური და ფანტასმაგორიული წიგნი „მილიონის სტატისტიკაზე“

ამბავი-ძველი-დახვრეტილებისა-და-ამბავი-ახალი-დასახვრეტებისა

ბრუტალური და ფანტასმაგორიული წიგნი „მილიონის სტატისტიკაზე“

ავტორი: შოთა იათაშვილი

„ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის კი – სტატისტიკა” – ეს ფრაზა, რომელსაც სტალინს მიაწერენ, მაგრამ, ცოტა არ იყოს გაუგებარია, მართლაც მას ეკუთვნის თუ არა, სულ მახსენდებოდა ამ რომანის კითხვისას. ბესო სოლომანაშვილი ამ იდეოლოგიით გაჟღენთილ გარემოს ხატავს, ხატავს პერსონაჟებს, რომელთა ცხოვრების წესი ბოლომდეა მორგებული ამ „ცხოვრებისეულ პრინციპს“. ასეთია წითელი კომისარი, მეტსახელად ჯვარნაკრავი, ასეთივეა მის ხელში გაზრდილი და ჯალათად ქცეული თედო პაპაც და ასეთები არიან წიგნში გამოყვანილი ბოლშევიკი რევოლუციონერებიც. ესაა უკიდურესად უსულგულო გარემო, სადაც ადამიანის ცხოვრებას ჩალის ფასიც კი აღარა აქვს, სადაც ადამიანის მოკვლა მექანიკურ ქმედებადაა ქცეული. ასეთი გარემოს დამაჯერებლად აღწერა რთული ამოცანაა მწერლისათვის და ამ შემთხვევაში მეტად საინტერესოა, თუ როგორ აღწევს ბესო სოლომანაშვილი თავის ტექსტში სიმძაფრის იმ ხარისხს, რაც ნაწარმოებს ასე შთამბეჭდავს და რაღაც თვალსაზრისით დამაჯერებელს ხდის.

„რაღაც თვალსაზრისით“ იმიტომ, რომ ავტორი არ მიმართავს რეალისტურ თხრობას, იგი არ ცდილობს, საარქივო დოკუმენტებით მოპოვებული მასალებით და ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგინოს ის მძიმე ეპოქა – რევოლუციებისა და რეპრესიების. მას აქვს ამ ეპოქის ცოდნა, ოღონდ ეს ცოდნა ცოტა უფრო სხვანაირია, რაც არა რეალისტური, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო „დეფორმირებული“ სურათის შექმნისკენ უბიძგებს, სადაც ერთდროულად თავს იჩენს სხვადასხვა სტილური მახასიათებლები: ფანტასმაგორიულობა, კარიკატურულობა, ბრუტალურობა, გროტესკი და პარალელურ რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა ენა: მეტ-ნაკლები წარმატებით სტილიზებული დიალექტები, მეტაფორულად დატვირთული პოეტური ენა, როგორც იტყვიან ხოლმე, „ძარღვიანი ქართულიც“ და უცენზურო ლექსიკაც. ასეთი „ჯადოსნური ნაყენით“ ათამაშებს ის „მილიონის სტატისტიკას“.

და არის წიგნში „ერთის ტრაგედიაც“, ჯალათი თედო პაპასი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ეს ტრაგედია – პირველი შეყვარებულის, ცეცხლში დამწვარი მალაქიასი, რომელსაც რძეში ამოვლებული იის სუნი სდიოდა მუდამ. ის ფინალური, პოეტური სცენა, როდესაც მომაკვდავი ჯალათი ამ სურნელს სახლში ხელოვნურად დააყენებს, წინ უძღვის სცენას, როდესაც მისი სეხნია შვილიშვილი საიდუმლო რკინის ყუთში დახვრეტილების გრძელ სიას აღმოაჩენს – მშრალ სტატისტიკას – თუ ვინ როდის დახვრიტა, რა ბრალი ედებოდა დახვრეტილს და რა გასამრჯელო აიღო ამაში.

ბესო სოლომანაშვილი არ აღწერს ამ მექანიკურად შესრულებულ დახვრეტებს, ის მხოლოდ აი ამ გრძელ სიას გვაჩვენებს, რომელშიც პირველი ნომერი უსახელოა. და უსახელოა იმიტომ, რომ ამ სტატისტიკაში მაინცდამაინც ვერ გადის, იმიტომ რომ ეს მისი ჯალათად „მონათვლაა“ და ამიტომ ემოციური და დრამატულია. ავტორი მხოლოდ ამ პირველ დახვრეტას აღწერს, როდესაც ერთ მხარეს მარკესის აურელიანო ბუენდიასავით კედელთან მდგომი ჯვარნაკრავია, მეორე მხარეს კი – თედო და მათი ფიქრები ერთმანეთში იხლართება, ისე, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთში იხლართებოდა მათი ცხოვრების გზები. პრინციპში, ესაა ერთი გორგალი, რაც ავტორმა შექმნა და ამ გორგალში ძაფების გამოცალკევება თითქოს არცაა საჭირო – ესაა უსულგულო მკვლელის სახე, მასწავლებლისა და შეგირდისა, გამთლიანებული, ინტეგრირებული, სადაც ჩამოყალიბების ეტაპი თედოს სახითაა ნაჩვენები, ხოლო სრულქმნილ მკვლელს ჯვარნაკრავი განასახიერებს.

ჯვარნაკრავი იდეოლოგიზირებული მკვლელია, ტლუ და უბირი, რომელსაც მხოლოდ უხეში ძალის სწამს და ამ უხეში ძალით მიიწევს მუდამ წინ. ჯაყოს მსგავსი ტიპაჟია, კიდევ უფრო გამხეცებული. ასეთი სწორხაზოვნებით შემართულ ადამიანებში ხომ თითქოს ყოველნაირი სულიერი შფოთვა წინასწარ გამორიცხულია. და თუკი ასეა, რამ შეიძლება ასეთ ადამიანს დარტყმა მიაყენოს? თუნდაც ფსიქოლოგიური? რამ შეიძლება ასეთი არსება შეარყიოს, შინაგანად არიოს, ეჭვებში ჩააგდოს? ანუ რა შეიძლება დამართოს ავტორმა ასეთ პერსონაჟს, რომელიც საკუთარი ხელებით  გამოძერწა და ახლა უკვე სურს, რაღაც შინაგანი დრამა გააჩინოს მასში? ბესო სოლომანაშვილის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საკმაოდ მოულოდნელი და ორიგინალურია. მას სცენაზე შემოჰყავს ძალადობის შედეგად გაჩენილი ჯვარნაკრავის შვილი – ჰერმაფროდიტი, იოსებ-გოგო, დაბადებული 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს და მამის მიერ დიდი სიამაყით მინიჭებული სტალინის სახელით.

ეს  ორსქესიანი არსება თავისი უცნაური ხასიათით და მძაფრი ვნებებით, შეიძლება ითქვას რომ მთლიანად ნაწარმოების ხასიათს, მის ფანტასმაგორიულობას გამოკვეთს, რაღაც მომენტებში თავისი დეკორატიულობითა და პერვერსიული ეროტიკით აღმოსავლურ ზღაპარსაც კი ამსგავსებს მას, თუმცა კი ძალიან ბოროტ ველში მოხვედრილს.

იოსებ-გოგოს არსებობა წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა წითელი კომისარისთვის, ის იმ ზღვარზე დგას, რომ თავიდან მოიშოროს სამარცხვინო შვილი, ისე როგორც „რევოლუციის მტრებს“ იშორებს უყოყმანოდ და ერთი ხელის დაკვრით, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება დრამა – ჯვარნაკრავი, რომელიც თითქოსდა უპირობო შემსრულებელია კალე ფეოდოსიშვილის ცნობილი სტრიქონებისა: „მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, / რევოლუციამ თუ კი მიბრძანა!“. აღმოჩნდება, რომ მაინც ვერაა ამის გამკეთებელი, ვერაა საკუთარი შემარცხვენელი შვილის მომკვლელი ან დამხრჩობი…

ამ წიგნში ყოველგვარ ზღვარს გადასული, გაშმაგებული ბოლშევიკების ბევრი სახე იხატება. არის ბრძოლის სცენებიც, თუმცა კი ვერ ვიტყვით, რომ ბატალურ ჟანრს შეეჭიდა ავტორი. საგულისხმო აქ სხვა მომენტია: ავტორი ამ არაჯანსაღ გაცოფებას საკუთარ ახსნას უძებნის (ალბათ ისტორიულადაც თავისი საფუძვლის მქონეს): ესაა ყვითელი ფხვნილი, რომელსაც სულ მუდამ იყნოსავენ როგორც ხელმძღვანელი რევოლუციონერები, ისე რიგითი წითელარმიელები, თუმცა კი თავდაპირველად იგი არისტოკრატიასთან, მაღალ წრეში ჩნდება და მხოლოდ მოგვიანებით იგდებს მას ხელში პროლეტარიატი. კოკაინის ეს ფხვნილი ყვითელ თუ წითელ (სისხლიან) ხაზად გასდევს მთელ რომანს და მართალია ეს გარკვეულწილად პრობლემის ცალსახად ჰიპერბოლიზებას ახდენს, მაგრამ რაც მთავარია, რომანის ფანტასმაგორიულობას კიდევ ერთ საჭირო, ფსიქოდელიურ შტრიხს სძენს.

და არის კიდევ ერთი ნივთი, რომლის ბედისწერაც ასევე მიჰყვება მთელ რომანს. ესაა პოლონელი ინჟინრის, თადეუშ ჩერტორიისკის ჯიბის ოქროს საათი, რომელიც გადადის ხელიდან ხელში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც ბოლოს ტყვიაც კი ხვდება და რომელსაც ბოლოს, ნაწილებად დაშლილს, ოქროს ზოდადაც გადაადნობენ, მაგრამ რაც მთავარია, სწორედ ეს საათი აჩვენებს ამ რომანში მუდამ სიმბოლურად იმ დროს, რომლის აღწერასაც ავტორი ცდილობს. ეს დრო კი რამდენიმეა  – ცარიზმის პერიოდიდან დღევანდელობამდე, ბოლშევიზმის, რეპრესიების დაუნდობელი ხანის გავლით – უფრო სწორად, გავლით კი არა, მასზე აქცენტირებით.

ბესო სოლომანაშვილი თავის ამ არცთუ დიდ რომანში ძალიან ბევრს ახერხებს – ქმნის სრულიად შთამბეჭდავ სახეებს, ისეთებს, რომლებსაც ლიტერატურულ პერსონაჟთა სივრცეში მარადი სიცოცხლე უწერიათ, დადის გაუკვალავი გზებით და, როგორც თვითონ არქმევს, ეპოქის ალუზიურ მისტიფიკაციას ქმნის, თუმცა კი გიორგი ლობჟანიძემ მას უკვე უწოდა ქართული მაგიური რეალიზმი და მე, პრინციპში, ვეთანხმები მის ამ განსაზღვრებას, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი ვისაუბრე ნაწარმოების ფანტასმაგორიულ, ფსიქოდელიურ ხასიათზე, იმ კომპონენტებზე, რაც ამ სულისშემძვრელ ისტორიას რეალიზმის მკაცრი ჩარჩოებიდან სისტემატურად აგდებს და სხვა ჟანრულ „ლეველზე“ გადაჰყავს – ისეთზე, საიდანაც სულ სხვა მგრძნობელობით აღიქმება ეს დაუჯერებლად სისხლიანი, ბრუტალური და ნარკოტიკული იდეებით გაბრუებული სამყარო.