საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო ახალი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 660
ფორმატი: 30.70 X 19.50
ISBN: 9789941303012

გაზიარება

მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო...“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს...

მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ.

ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები.

„ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“  

თამაზ ჭილაძე

რეცენზია

11 ოქტომბერი 2019

„ვა სოფელო“ - ზაირა, გიპოვე!

2011 წელს ზაირა არსენიშვილმა რადიო თავისუფლების დღიურები ჩაწერა. მაშინ მასზე ის ვიცოდი, რომ რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში, არაერთი კინოფილმის სცენარის ავტორი იყო, ვიცოდი, რომ მოთხრობებსაც წერდა. „ვა სოფელო“ არ წამეკითხა და მას მერე ამდენი წელი გავიდა და მხოლოდ ახლა გადავშალე მისი რომანის ახალი გამოცემა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. გადავშალე და მივხვდი, წინ რისი წაკითხვის ბედნიერებაც მელოდა. უკვე შემიძლია გითხრათ, ეს დაუვიწყარი წიგნია და ვისაც ჯერ არ გადაგიშლიათ, გილოცავთ - წინ დიდი სიამოვნება გელით. მე -  ასე ვარ, ზუსტად ვხვდები: წიგნზე დაწერა ან ეგრევე მომინდება ხოლმე, როცა პირველ გვერდს ჩავამთავრებ, ან ვერასოდეს. ზაირა არსენიშვილის „ვა სოფელო“ ჩემთვის ასეთი ტექსტი აღმოჩნდა - გადაშლისთანავე რომ შემითრია და აღმა-დაღმა მატრიალა. თბილისში ვიყავი და მაინც თელავის ქუჩებში მატარა, 2019 წელი იყო და მე კი საუკუნის წინანდელ ამბებში დავბორიალობდი. ასეთი წიგნი გამოდგა - პირველივე აბზაცის ჩამთავრებისას ვიგრძენი, სახეზე ღიმილი როგორ გამომესახა - არადა, ამბავი კუბოს მოტანის სცენით იწყება, ულამაზესი ბებია ევასთვის განკუთვნილი, დათოვლილი კუბოს ურმიდან გადმოთრევით და მისი დამხვედრი ბებია რუსუდანით, რომელიც ჩემი ბებიაც გახდა. და ეს ღიმილი - მწარენარევი, მე მგონი, ბოლო გვერდამდე არ მომშორებია. ტკივილის, იუმორის, სიხარულის, სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის მონაცვლეობა გინარჩუნებს ამ ღიმილს. მაგრამ პირველ რიგში მაინც ის ენა, რომლითაც ზაირა არსენიშვილი ამ თავგადასავალს გვიყვება. პირველი ემოცია სწორედ მის თხრობას მოაქვს -  ბუნებრივ, ახლობელ ენას, სადღაც რომ ყურიც მოგიკრავს, სადღაც რომ ისევ ლაპარაკობენ ასე ძალდაუტანებლად. აეს მინდოდა თუ მენატრებოდა ქართულ ლიტერატურაში. ენა, რომლითაც ამბავს გიყვებიან. მდიდარი, გატენილი, იშვიათი ნაქარგივით ენა - წყვეტის გარეშე, ჩავარდნების გარეშე. „ნეტა მე ვწერდე ასე“ - ასეთი ენა. ამ რომანში ბევრი გმირია - მათი ხასიათის და ქცევის ასეთი სიზუსტით დაჭერა დიდი დაკვირვების შედეგი უნდა იყოს, ან მათი ნაწილი უნდა იყო, რომ ეს შეძლო - ყოველ წამს მათ ხედავდე, მათი ხმა გესმოდეს, ყველა წარმოდგენილი გყავდეს და სცენარის სიზუსტით ყვებოდე ამბის განვითარებას. „ვა სოფელო“ მართლა ისეთი ტექსტია, ფანქარი უნდა გეჭიროს და ლამის ყველა ადგილს მკრთალად ხაზავდე - გადაარჩინო თუ დაიხსომო მეტაფორები, შედარებები, გამონათქვამები, ბუნების აღწერები, ლოცვა თუ წყევლა, რა ვიცი, ყველაფერი! და რაც ყველაზე მეტად აღმოვაჩინე ჩემთვის - ეს დიალექტი კი არ განგიზიდავს ტექსტისგან, იმას კი არ გაგრძნობინებს, რომ რაღაც ძალიან ლოკალურსა და კუთხურს კითხულობ, პირიქით, ენის სიმდიდრეს გრძნობ - გაქრობის პირას მყოფი ასეთი ენისას. და სხვანაირად ამ ამბავს ვერც მოყვებოდი. და სიყვარული. უკიდეგანო სიყვარულის აღწერა, გგონია, ეს წიგნიც სულ სიყვარულზე იქნება, მაგრამ კითხულობ, აღებ ყველა ახალ კარს და ხვდები -  ეს წიგნი, პირიქით,  უსიყვარულობაზეა, ღალატზე, დასმენაზე. იქ, სადაც რეპრესიებია, სიყვარული და ადამიანობა აღარ არსებობს, იქ სიყვარულს კლავენ და აქაც ასეა - „ვა სოფელო“ კახეთში ბოლშევიკების დატრიალებულ საქმეებზე გვიყვება,  რეჟიმის აუტანლობაზე, რომელიც ყველას ყველგან მისწვდა. ყველა გაანადგურა. ეს არდასავიწყებელი ისტორიაა. უფრო სწორედ, კარგად გასახსენებელი და დასაწერი და ამ მხრივ, ზაირა არსენიშვილი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ეს ნაბიჯი გადადგა. თან, ამ დიდი უბედურების ამბავს ქალები ყვებიან. ბებიები. თამთა მელაშვილმა დაწერა, ეს ბებიების ისტორიააო. ეგრეა! ზუსტია! და თქვენ თუ ჩამომჯდარხართ სოფელში ბებიის ახლოს, როცა ის საოჯახო საქმეებს იყო შებმული, და ძველი ამბების გახსენება გითხოვიათ? მე კი. მახსოვს, ბებიაჩემი როგორ ყვებოდა მამამისი როგორ გააკულაკეს. მაგრამ მაშინ ეს ამბავი დიდად არ მაინტერესებდა და მერე ბებიაჩემიც მალევე გარდაიცვალა, ისე რომ, მის დაუმთავრებელ ამბავს ახლა ძველ ჩანაწერებში დავეძებ - ზაირა არსენიშვილს კი როგორ გადაურჩენია. შემშურდა! „ვა სოფელო“ დაუფასებელი რომანია. და ცოტა დავიწყებულიც, მისმა პირველმა გამოცემამ რაღაცნაირად ჩუმად ჩაიარა და ახლა, მგონია, ახალი სიცოცხლე უნდა იპოვოს. არა უშავს, აქვს ხოლმე წიგნებს ასეთი ბედი. აუცილებლად აღმოაჩენენ. 600 გვერდს გავცდი და ზუსტად ვიცი, არასოდეს დამავიწყდება არც ლამაზი ევა, არც მისი გადასახლებული მამა, მშრომელი მაწია; არც სპირიდონას ხელით მოკლული ევას გიო, არც მამა ლუკა და არც რუსუდანი, არც ევას და მაკას გაშლილი კარტი, არც მარო, არც არჩილი, არც. არც, არც... და. რა თქმა უნდა, თავად მთხრობელი. ამ ამბის მონაწილე და მთავარი გმირი. „ვა სოფელო“ ჩემთვის ჯადოსნური სათვალეა, რომლითაც საშინლად საინტერესო დიაფილმს ვუყურებ. ასეთი წიგნია. თავბრუდამხვევი და უსასტიკესად ნამდვილი. ზაირა, ბოდიში, რომ აქამდე ასე კარგად არ გიცნობდი.   ეკა ქევანიშვილი  

20 სექტემბერი 2019

როგორც მზის შუქისკენ გადახრილი ყვავილი (ზაირა არსენიშვილი და მისი „ ვა, სოფელო“)

ზაირა არსენიშვილის რომანი „ ვა, სოფელო“ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი წიგნების რიგშია. 2002 წელს ერთხელ უკვე გამოქვეყნებული ეს ნაწარმოები მკითხველამდე ფაქტობრივად ვერ მივიდა და ამიტომ საჭიროა მისი ხელახალი და ამ რომანისათვის საკადრისი გამოცემა. იმ ადამიანმა კი, ვისაც პირველ გამოცემაზე მიუწვდებოდა ხელი, თუკი აქამდე ზაირა არსენიშვილი მხოლოდ შესანიშნავი სცენარისტი ეგონა და მისი არაჩვეულებრივი სცენარების მიხედვით გადაღებული ლანა ღოღობერიძის შესანიშნავი ფილმები ენახა, ახლა ზაირა არსენიშვილის სახით დიდებული რომანისტი გაიცნო. ჩემ მიერ ასე უხვად გამოყენებული ეპითეტები „შესანიშნავი“, „დიდებული“ ჩემს თვალშივე სასაცილო ჰიპერბოლად გამოჩნდებოდა და ალბათ მე თვითონვე დაუნდობლად წავშლიდი, საქმე რომ მართლაც შესანიშნავ და დიდებულ მწერალს არ ეხებოდეს. „ვა, სოფელო“ მწერლის, მუსიკოსისა და კინოსცენარისტის მეორე რომანია. პირველი რომანი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“, რომელშიც ასახულია საბჭოთა რეპრესიების ხანაში თბილისის საოპერო თეატრის მუსიკოსთა ხვედრი, 1997 წელს გამოქვეყნდა და 1998 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. „ვა, სოფელოც“ ამავე თემას ეძღვნება, ოღონდ გაცილებით მასშტაბური ტილოა. წიგნში აღწერილია კახეთში ბოლშევიკური რეპრესიების მძვინვარების ხანა, რამაც რამდენიმე თაობის თავზე გადაიარა მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე. რომანი ასევე ეხება 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამგრძნობთა წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებს, 30-იან წლებში კოლექტივიზაციის და ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებს. ასეთ მძიმე ისტორიულ ფონზე ვითარდება „ვა, სოფელოს“ მოქმედება, რომელიც მართლაც ეპოქალური რომანია, რადგან მწერალს ყველა ის მხატვრული ამოცანა, რაც წიგნის წერისას ჰქონდა დასახული, შესანიშნავად აქვს დამუშავებული. მოვლენათა ეპოქალურობას არაჩვეულებრივად ესადაგება რომანის რიტმი - დინჯი, აუჩქარებელი, მართლაც ეპიკური თხრობისათვის დამახასიათებელი სიდარბაისლე, რომელიც  შიგადაშიგ მორევივით იხვევა და მერე ისევ იტოტება ღრმა და ნამდვილად კახური იუმორითა და ირონიით. რიტმის ასე ოსტატურად დაჭერასა და წარმართვაში ჩანს სწორედ ზაირა არსენიშვილის არამხოლოდ მწერლური, არამედ მუსიკალური ნიჭი. ზაირა არსენიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საოპერო თეატრის ორკესტრის მევიოლინე იყო, შინაგანად გრძნობს ტონისა და ობერტონის ურთიერთმონაცვლეობის ძალიან დიდ მნიშვნელობას არამხოლოდ მუსიკალური, არამედ მხატვრული ნაწარმოების ერთიანი ქსოვილის ამოსხმისთვის. ოღონდ  რომანში ის უკვე მევიოლინე კი არა, დირიჟორია, რომელმაც ზუსტად იცის, რა თემა როდის უნდა წამოსწიოს, რომელი საკრავი როდის უნდა შემოიყვანოს, რიტმი როდის შეანელოს, როდის ააჩქაროს იმისათვის, რომ მთელი ტექსტი ისევე დიდებულად ჟღერდეს, როგორც კლასიკური საორკესტრო ნაწარმოები, გნებავთ, რეკვიემი. არ შემშლია, მახსოვს, რომ „რეკვიემი“ ზაირა არსენიშვილის პირველ რომანს ჰქვია, მაგრამ „ვა, სოფელოც“ რეკვიემია გარკვეული აზრით, რადგან ეს წიგნი არის იმ დიდი და ტრაგიკული ეპოქის დატირება, რომლის შესახებ არათუ წიგნის წერა, არამედ შინაურებში საუბარიც კი შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა ყველას, ვინც კი ამ თემაზე ხმის ამოღებას გაბედავდა.   და თუ ამის მიუხედავად, ქართული მწერლობა მაინც ახერხებდა ამავე თემაზე მოურიდებლად ელაპარაკა და რომანებიც კი მიეძღვნა კომუნისტური რეპრესიების ხანისათვის, ეს ამა თუ იმ მწერლის (თითებზე ჩამოსათვლელი მწერლების!) დიდი შინაგანი თავგანწირვით, პატიოსნებითა და სიმართლისათვის ფაქტობრივ სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერით ხერხდებოდა. ასეთი რამ დღევანდელ, უკვე თავისუფალი საქართველოს პირობებში დაბადებულ თაობას შეიძლება წარმოუდგენლადაც ეჩვენება, მაგრამ სულ ახლახან, კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებამდე, სწორედ ეს იყო საქართველოს ტრაგიკული სინამდვილე, სინამდვილე, რომელსაც ქართველების არაერთი თაობა შეეწირა, რომელმაც გამეტებით ანგრია ყველაფერი, დანგრეულს კი უკან მიჰყვებოდა და საგულდაგულოდ ასწორებდა, რომ კვალი არსად შემორჩენილიყო. ქართული მწერლობა კი სწორედ ამის გაკეთებას არ ანებებდა კომუნისტურ რეჟიმს, არასასურველი მოწმესავით წინ უდებდა თავის ნამოქმედარს და პასუხს სთხოვდა მომავლის წინაშე. სწორედ ამიტომ მოაღწია ასეთი დაგვიანებით ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელომ“ თავის მკითხველამდე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ წიგნს მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში წერდა: წერდა დინჯად, აუჩქარებლად, დაგემოვნებით, აღწერილი ვითარებებისა და პერიპეტიების სიღრმისეული გააზრებით, თავისი გმირების საფუძვლიანი გაცნობითა და მათი შინაგანი სამყაროს ხვეულებში გზის გაკაფვით: წერდა სიმართლითა და ამ სიმართლისათვის მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებით. ამიტომაც გამოვიდა „ვა, სოფელო“ ასეთი სავსე და რაც მთავარია, მკითხველის ამაფორიაქებელი ნაწარმოები. ზაირა არსენიშვილმა შეძლო, წერის შემოქმედებითი პროცესის მთელი მგზნებარება ჩვენთვისაც გადმოედო და მკითხველიც აღწერილი ამბების პასიურ შემსწრედ კი არა, თანამონაწილედ ექცია: გადავესახლებინეთ კახეთში და იქ მცხოვრები მთელი თაობების თანატოლებად გავეხადეთ.  ეს კი ყოვლად უპრეტენზიო, მოკრძალებული მწერლური საშუალებებით შეძლო: კლასიკური თხრობის მადლით, სადაც სიუჟეტი ნელა, სიუჟეტის განვითარების ტრადიციული და საუკუნეობით გამოცდილი მეთოდით ვითარდება: ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის, ძალდატანების, მკითხველის წინაშე ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცობის გარეშე. ვისაც მწერლობასთან რამენაირი შეხება ჰქონია, თითქმის ყველას მოეხსენება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს რომანის დასაწყის და დასასრულ ფრაზებს. რომანის დასაწყისი ფრაზა, ჩათვალეთ, რომ უკვე ნახევარი რომანია, რომელსაც შემოაქვს გარკვეული ინტრიგა, აფორიაქებს მკითხველის ცნობისწადილს და დიდწილად განსაზღვრავს რიტმს, რომელიც ან აგიყოლიებს ან არა, ან ჩაგითრევს, ან გულგრილად გატივტივებს თავის ზედაპირზე. ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელოს“ დასაწყისი ამ მხრივაც სრულიად ნეიტრალურია, უფრო მეტიც: თითქმის ბანალური, რასაც გამოუცდელ მწერალსაც კი არ აპატიებდა გამოცდილი მკითხველი. აბა, რა არის:  „გათენდა... ბოლოს-ბოლოს ინათა. არადა, მეგონა, დრო გაჩერდა და აღარ გათენდებოდა.“ ასე მეცხრამეტე საუკუნეშიც კი აღარ იწყებდნენ თავიანთ მოთხრობებს ეპიკოსი მწერლები: გაცვეთილი იყო, დიდი ხნის გამოყენებული და უკვე დასავიწყებლადაც მოსროლილი. მაგრამ ზაირა არსენიშვილს სრულებითაც არ აწუხებს ეს ამბავი, რადგან პირველი ფრაზის მოულოდნელობა იმ კოლიზიამ უნდა იტვირთოს, რომელსაც წიგნის პირველი გვერდებიდანვე აღწერს: მიცვალებულის გაპატიოსნების იმ არქაულმა სცენამ, რომელიც ღრმად და წარუშლელად აღიბეჭდება მკითხველის ცნობიერებაში. დიდხანს ვფიქრობდი, კიდევ რომელიმე წიგნი იწყება თუ არა მიცვალებულის გაპატიოსნებით. ეგებ სადღაც კიდევაც იყოს მსგავსი რამე მსოფლიო ლიტერატურაში, მე კი ბევრი ფიქრის მერეც ვერ გავიხსენე და ვგონებ, აქ ჩანს სწორედ ნამდვილი რომანისტი - ამ დეტალურად აღწერილ რიტუალში, ამ სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე დგომაში, საზღვარს იქით ფეხგადადგმული 87 წლის ბებიითა და საზღვრის აქეთ, სრულიად ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი გოგონათი, რომლებიც გარდაცვლილს - ყველა წესის დაცვითა და მისი ანდერძის შესაბამისად - აპატიოსნებენ, გაყინულ, ბნელ სარდაფსა და ზამთრის სიცივეში. მთელ ამ სიპირქუშესა და სიბნელეს კი ნელ-ნელა ანათებს კოლორიტული მეკუბოვის მოსვლა და ბებიასა და ამ ცქვიტ კახელ კაცს შორის გამართული, ძალიან ღრმა იუმორით გახალისებული და არაჩვეულებრივად ცოცხალი დიალოგი. ზაირა არსენიშვილის მუსიკალურ ნიჭზე უკვე ვილაპარაკე, აქ კი საჭიროა, რომანისტის კიდევ ერთ სიღრმისეულ გამოცდილებაზეც მივუთითოთ, რაც რომანში სრულიად ახლებურად არის გამოყენებული. ზაირა არსენიშვილი გამოცდილი კინოსცენარისტი იყო და ეგებ ამიტომაც არის მთელი რომანი უაღრესად კინემატოგრაფიული. წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ფილმს უყურებდე, ოღონდ პრინციპულად განსხვავებულს თუნდაც იმ კარგი სურათის - „წუთისოფელი ასეასაგან“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვენმა დიდმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. აქ ყველა პერსონაჟსაც ცხადად და გარკვევით ხედავ და, კინოსაგან განსხვავებით, წიგნში ძალიან მკაფიოდ ჩანს უმცირესი, თითქმის მიკროსკოპის ქვეშ შესამჩნევი, ყოფითი დეტალები. ზემოთქმული სცილდება „ფილმი სჯობს თუ რომანის“ ძალზე ხშირ დისკუსიას და, არსებითად, გულისხმობს იმ განსხვავებას, რაც თვითონ კინოსა და მწერლობის მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებშია დაფარული. რომელიმე სინემანი ყველა შემთხვევაში მაინც კინოს ამჯობინებს, მე კი - მწერლობაზე უპირობოდ შეყვარებულ კაცს - რა თქმა უნდა, წიგნის, მხატვრული ტექსტის კითხვა მირჩევნია, თუნდაც იმიტომ, რომ წარმოსახვა, მათ შორის, გმირების გონებაში წარმოდგენა, აქ შეუზღუდავია და რომელიმე - თუნდაც ძალიან კარგ - მსახიობზე არ არის მიჯაჭვული. ეს ამბავი სცილდება ჩვენი მცირე რეცენზიის ფარგლებს, თუმცა პერსონაჟების სიცოცხლისუნარიანობა არსებითი საკითხია რომანის შემთხვევაშიც. ამ სიცოცხლისუნარიანობას ბევრი რამ განაპირობებს, პირველ რიგში კი დიალოგების ბუნებრიობა და მათი ძალდაუტანებლად აგების გაიშვიათებული მწერლური უნარი, რაც ზაირა არსენიშვილთან მწერლის დიდხნიანი კინოსცენარისტობითაც არის შეპირობებული. საერთოდ კი იშვიათია რომანი, რომელშიც მწერლის რაღაც პროფესიულ სისუსტეს არ გაამჟღავნებს სწორედ დიალოგი: ან უადგილოდ გაპარული ინტონაცია, ანდა არასწორად, შეუსაბამოდ გამოყენებული დიალექტი. ამით კი, რაც გინდა კარგ წიგნსაც კითხულობდე, იშლება, ინგრევა და თავზე გემხობა ყველაფერი, ყველანაირი შთაბეჭდილება თუ სინამდვილის ის განცდა, რომელიც ნებისმიერი წიგნის საკითხავად არის აუცილებელი.   „ვა, სოფელო“ ამ მხრივაც სრულიად გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის იმ თითებზე ჩამოსათვლელ რომანთაგან ერთ-ერთი უპირველესი რომანი, სადაც დიალოგს მწერლისათვის არსად უმტყუნია, ყოველ შემთხვევაში, ჩემისთანა ახირებულ მკითხველსაც კი არაბუნებრიობის აუტანელი განცდა მთელი ტექსტის მანძილზე არსად გამჩენია. როგორც უკვე ითქვა, წიგნის მოქმედება კახეთში ვითარდება: თელაველი ზაირა არსენიშვილისათვის კი ეს დიალექტი იმდენად სისხლხორცეულია, რომ შეუძლებელია, სადმე რამე შეშლოდა (სიცოცხლეში ის თვითონაც ასევე მეტყველებდა: უაღრესად კულტურული, სალიტერატურო ქართულის თელავურისაკენ ისე წახრილი კილოთი, ნერგი ან ყვავილი რომ იხრება ხოლმე მზის შუქისკენ. დღემდე ყურში მიდგას მისი მეტყველება და მისი: „მაშ, მოგეწონაა, გიორგი, ჩემი წიგნი?!“ - უაღრესი თავშეკავებით, საკუთარი ღირსების გაცნობიერებითა და სხვის თავმოყვარეობის გათვალისწინებით გამჟღავნებული სიხარული)   პირიქით, ის ამ დიალექტის ნიუანსებს გამოჰკვეთს მისთვის მოსახერხებელი ყველა საშუალებით, ოდნავ წაგრძელებული, მჟღერი თელავური შეკითხვის კილოს გადმოსატანად კი წინადადების ბოლოში „ზედმეტი“ (მეტად თავისებური ემფატიკური) „ ა“-ს დასმასაც კი არ ერიდება („- როგორ, კაცო! - დაიძახა იოსებამ, სარდაფს თვალი რომ მოავლო და ჩვენს მეტი ვერავინ დაინახა, - თქვენ დაგრჩაათ ბურთი და მოედანი?!“ „აბა უყურე, მოხუცი და ეგრე სახედაწყობილი! გურამ, ბიჭო, ხედაავ?! და ა. შ.). კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებ, როგორ მივლებს ამ სიტყვების ქვეშ წითელ, კლაკნილ ხაზებს ავტოკორექტორი: პროგრამისათვის ეს უპირობო შეცდომაა, მაგრამ ენა მწერლისაა, ენას მწერალი ასულდგმულებს, თვითონ მწერალი კი იბადება და ცოცხლდება ენაში. ზაირა არსენიშვილის ენა სრულიად გამორჩეული, არაჩვეულებრივი და დღეს უკვე იშვიათობად ქცეული ქართულია. მისი ლექსიკაცა და სინტაქსიც ისეთი მრავალფეროვანია, ქართული ენის ისეთ ამოუწურავ შესაძლებლობებზე მეტყველებს, რომ კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო ძალიან გწყდება გული ადამიანს: რას დაემსგავსა ჩვენი ენა ჟურნალიზმისა და ყოვლად არაბუნებრივი ტელემეტყველების საყოველთაო მოძალების ეპოქაში. ეპოქაში, როცა მწერალიც კი აღარ ზრუნავს ენის გამდიდრებაზე, კმაყოფილდება ერთი ინტონაციითა და სამეტყველო ენის შემოზღუდული ლექსიკით და ამას არქმევს მერე ბუნებრიობას, რადგან სხვანაირი, უფრო ღრმა, უფრო ბუნებრივი, უფრო გამომსახველობითი ქართული არ იცის. ამის საპირისპირო უბედურებაა, ქართველი საშუალო ნიჭის კრიტიკოსების მიერ შემოტანილი და დამკვიდრებული, ყოვლად გაუგებარი სიტყვათშეთანხმება: „ ძარღვიანი ქართული“, რაც ჩემი დაკვირვებით, გულისხმობს გადაპრანჭულ და ზემოთქმულზე ბევრად უფრო ამაზრზენად არაბუნებრივ, ჩიქორთულ სტილს. არადა, „კარგი ქართული“ ისაა, როცა ყოველი სიტყვა ზუსტად მისთვის შესაფერის ადგილას ზის, როცა რომელიმე სიტყვას ძნელად ჩაანაცვლებ მისივე სინონიმით, როცა ენის მუსიკაცა და კონკრეტული ფრაზით გადმოცემული ესა თუ ის აზრიც ერთმანეთთან სრულ თანხმობაშია და ერთმანეთი არ ეზედმეტებათ. სწორედ ამ უკანასკნელი ჰარმონიის ნიმუშია ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ - ქართული ენის მთელი დიდებულებითა და სისადავით. ვინ იცის, მერამდენედ ვკითხულობ ამ წიგნს და ყოველი წაკითხვისას მიჩნდება აზრი, რომ ეგებ ჩვენდა სავალალოდ ეს რომანი ქართული ენის თავისებური რეკვიემიც იყოს, ქართულისა, რომელიც თითქმის აღარ ისმის და ნელ-ნელა ინავლება ღველფქვეშ შეყუჟული სუსტი ღადარივით... იმიტომ, რომ მოწონების გამომხატველ უამრავ სიტყვასაც კი თავზე სარეველასავით მოედო ერთადერთი, უხამსი და ქუჩური ჟარგონით აფორაჯებული სიტყვა „მაგარია!“ და ამ „მაგარმა“ შეისრუტა ყველა ემოცია, სიხარულთან და აღტაცებასთან დაკავშირებული შეგრძნებების ყველა ნიუანსი. ამას იმიტომ ვწერ, რომ ზაირა არსენიშვილის რომანის კითხვისას არასოდეს მტოვებს სწორედ აღტაცების შეგრძნება. უამრავი რამ მინდა ვთქვა და ერთადერთი რამის თქმასღა ვახერხებ: მაგარია! თუ უფრო დავაკონკრეტებ, ჩემთვის ეს არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ქართული რომანი, რომელიც, ჩემი ვარაუდით, საუკუნეებს გაუძლებს - თავისი კლასიკური სისადავით, თავისი არაჩვეულებრივი კოლიზიებით, სიღრმით, სიკეთითა და სიყვარულით...                                                      ავტორი : გიორგი ლობჟანიძე

მიმოხილვები და კომენტარები:

18 .90 ¢
ან შეიძინეთ 189 .00 ბონუს ქულით
+ 18.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
მალე
ბესო სოლომონაშვილი

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

მალე
მიშა ბახსოლიანი

კანიბალიადა

00. 00 ¢
მალე
მიშა ბახსოლიანი

კანიბალიადა

მალე
ლევან ბრეგაძე

მოთხრობები ლიტერატურაზე

მალე
კახა თოლორდავა

გაუზავებლად (მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე)

ახალი
მიხეილ იოჰანი

მიბრუნება

ახალი
ვახუშტი კოტეტიშვილი

ჩემი წუთისოფელი

ახალი
კოკა არჩვაძე

ჩინური დღიური