საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ჰალდორ ლაქსნესი

თევზის კონცერტი

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 336
ფორმატი: 13.00 X 19.50

გაზიარება

მთარგმნელები: რუსუდან ღვინეფაძე, მანანა პაიჭაძე

ჰალდორ კილიან ლაქსნესი (1902-1998) ისლანდიელი მწერლის, პოეტის,დრამატურგის, მთარგმნელის ჰალდორგუდიონსონისფსევდონიმია.
1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის.
ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა.
რომანის გმირი, სახელად ალფგრიმურიმოგვითხრობს თავისბავშვობასა და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება ალფგრიმური.ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი დრო, - იქ ყველაფერი იყიდება... ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის.
წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.

 

რეცენზია

12 იანვარი 2018

თევზის კონცერტი

                                                          ჰალდორ კილიან ლაქსნესი  (1902   -  1998)  ფსევდონიმია  ისლანდიელი მწერლის,  ნობელის პრემიის ლაურეატის  ჰალდორ  გუდიონსონისა.  ლაქსნესი  („ორაგულის ნახევარკუნძული“) რეიკიავიკის სამხრეთით მდებარე  იმ ფერმის სახელია, სადაც მომავალმა  მწერალმა ბავშვობა გაატარა;  მეორე სახელი  კილიანი კი  ირლანდიელი  წამებული მღვდელმსახურის პატივისცემის ნიშნად  დანათლეს, როცა ის ლუქსემბურგის ბენედიქტიანელთა მონასტერ  კლერვოში ლუთერანული აღმსარებლობიდან კათოლიკურზე  მოექცა.             წერა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. მისი პირველი წიგნი  „ბუნების შვილი“, რომელიც ბუნებასთან დაბრუნების რომანტიკულ თემას ეხება, 1919 წელს  გამოვიდა  ფსევდონიმით   ჰალდორი  ლაქსნესიდან.             სხვადასხვა დროს მწერალი ცხოვრობდა  ლუქსებმურგში, სიცილიაზე, ჩრდილოეთ ამერიკაში.  მის კალამს ეკუთვნის  აღმსარებლობითი ავტობიოგრაფიული რომანი  „დიდი მქსოველი კაშმირიდან“,  რომანი  „წმინდა მთის ძირას“;  ჩრდილოეთ ამერიკაში ყოფნის დროს ის წერდა სცენარებს ჰოლივუდისათვის; აქ მწერალი ახლოს გაეცნო სოციალურ კონფლიკტებს. მოთხრობისათვის, რომელშიც იგი აღწერს ისლანდიელ ემიგრანტთა  უკიდურესად გაჭირვებულ ყოფას კანადის  ერთ-ერთ  პროვინციაში   -  მანიტობაში, მას ქვეყნიდან დეპორტაციითაც კი ემუქრებოდნენ.             1930 წელს ლაქსნესი საბოლოოდ ბრუნდება ისლანდიაში  ალტჰინგის (ისლანდიის პარლამენტი)  ათასი წლის იუბილის  გამო და იწყებს რომანების სერიას მწვავე სოციალურ თემებზე;   იგი აღწერს ისლანდიელ მშრომელთა ყოველდღიურ ყოფას. თავისი შემოქმედების მწვერვალად  მწერალს მიაჩნია ოთხტომიანი საგა „სამყაროს ნათელი“, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს ღარიბი პოეტის ბედზე, სამყაროს ჰარმონიულობის სიყვარულსა და სოციალურ უსამართლობას შორის არსებულ კონფლიქტზე.             1948 წელს,  ისლანდიაში ამერიკული ავიაბაზის განთავსების საპასუხოდ, ლაქსნესი წერს რომანს  „ატომური სადგური“, რომელშიც იგი  განსჯის ომისშემდგომ  რეიკიავიკელთა მორალურ დეგრადაციას,  მათ მზადყოფნას, გაყიდონ სამშობლო უცხოურ ოქროზე.             პროზასთან ერთად ლაქსნესი  პოეზიასა და დრამატურგიაშიც ცდიდა ბედს, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.  მის კალამს ეკუთვნის  პიესა „მოკლე მარშრუტი“, პოეტური კრებული  „ლექსები“;  1941 წელს მან თარგმნა  ერნესტ ჰემინგუეის  „მშვიდობით, იარაღო!“             1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში  ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისათვის.             ცხოვრების უკანასკნელი დღეები ალცჰაიმერით დაავადებულმა მწერალმა  მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.  გარდაიცვალა 1998 წლის თებერვალში,  95 წლის ასაკში.                             ლირიკული რომანი  „თევზის კონცერტი“  (ისლანდიურ ორიგინალში  „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთისადმი რწმენით,  ლაქსნესის პირველი ნაწარმოებია ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ.             რომანის  გმირი,   სახელად ალფგრიმური, პირველ პირში მოგვითხრობს თავისი ბავშვობისა და ყრმობის შესახებ;  ბიჭს მამა არ ჰყავს;  ამერიკისაკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად, ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა  ჩვილი  ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში.  ალფგრიმურს ისინი ბებია-ბაბუად მიაჩნია. აქ, რეიკიავიკის განაპირას მდებარე პატარა  ფერმაში,  ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა   ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში,   იზრდება  ალფგრიმური.   ბრეკუკოტი, პატარა ფერმა მთის ფერდზე, ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები  ჯერ კიდევ სოფლისათვის დამახასიათებელ  სიმშვიდეში, ძველი, ტრადიციული ღირებულებების დაცვით  ცხოვრობენ;  ხუტორს გარეთ კი, ქალაქში, უკვე  შემოჭრილა ახალი დრო,  -  იქ ყველაფერი იყიდება...  ხის მბრუნავი ჯვარი ბრეკუკოტის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის.             ბრეკუკოტის სამოთხისებურ იდილიას, როგორც ყოველგვარ იდილიას, საფრთხე ემუქრება, და წიგნის დასასრულს ის ქრება კიდეც.  მაგრამ,  რადგან ბრეკუკოტი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა,  გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.             ალფგრიმურის  ალტერ ეგოა  მომღერალი გარდარ ჰოლმი, რომელიც სასაფლაოს მეორე  მხარეს გაიზარდა და უკვე წლებია,  უცხოეთში  მოგზაურობს.   მათ ბევრი რამა აქვთ საერთო, და ეს მსგავსება მით უფრო  შესამჩნევი ხდება, რაც უფრო  იზრდება ალფგრიმური.  გარდარ ჰოლმი ერთი მხრივ სატანური ფიგურაა, რომელიც ალფგრიმურს ბრეკუკოტის სამოთხიდან გამოიხმობს  (ამაოდ როდი აქვს წიგნში  „ტყის მეფესა“ და „ფაუსტს“  მინიჭებული ესოდენ მნიშვნელოვანი როლი);  მეორე მხრივ ის  ეხმარება ალფგრიმურს,  სწორი, მისთვის  შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს შემდგომი  ცხოვრებისათვის.             ბრეკუკოტში უმთავრესი ფიგურაა ალფგრიმურის ბაბუა ბიორნი,  რომელიც პინაგორებზე თევზაობით არჩენს ოჯახს.  ის არ მისდევს   „მოთხოვნისა და მიწოდების“ ეკონომიკურ კანონს, არამედ ყოველთვის ერთსა და იმავე ფასად ჰყიდის თავის თევზს.  არანაკლებ საინტერესო ფიგურაა ბებია, რომელიც უძღვება შინამეურნეობას და  თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის ყველა რიმური, ანუ  ლექსები გმირებსა და მათ საგმირო საქმეებზე.  მან შეასწავლა ალფგრიმურს წერა-კითხვა,  მანვე იზრუნა ჭაბუკის გიმნაზიაში სწავლის თაობაზეც.  ბებიამ ჩაუნერგა ალფგრიმურს  მოწიწება სიტყვის წინაშე და კრიტიკული დამოკიდებულება  მაღალფარდოვნებისადმი .             ბრეკუკოტის საპირისპირო პოლუსია  ვაჭარ გუდმუნსენის სახლი, სადაც  ყველაფრის საზომად ფული ქცეულა.  ფირმის გაფართოებასთან ერთად გუდმუნსენი  არც კულტურას  ივიწყებს, თუმცა კულტურა მისთვის  საქმოსნური მანიპულაციების ნიღაბია;  გარდარ ჰოლმს იგი იყენებს, როგორც ერთგვარ  კულტურულ ფირნიშს.             სწორედ ვაჭარი გუდმუნსენი ყიდულობს და ანგრევს ბრეკუკოტის სამოთხეს, რომლის ადგილზეც იგი  დიდი თანამედროვე სახლის აშენებას აპირებს.             და როცა რომანის დასასრულს ალფგრიმური საზღვარგარეთ მიემგზავრება, რათა სიმღერის ხელოვნებას დაეუფლოს,  თვალს ვერ აშორებს ნაპირზე დარჩენილ მოხუცებს:             „როცა ნავი  ნიჩბის რამდენიმე მოსმით დაშორდა ნაპირს, ისინი ისევ იქ იდგნენ და თვალს აყოლებდნენ ბიჭს, რომელიც  მათ უცხო ქალმა დედიშობილა შეატოვა ხელში.  იდგნენ ხელიხელჩაკიდებულნი და  მათ წინაშე ყველა და ყველაფერი უკან იხევდა.  მხოლოდ მათ ვხედავდი. ან, იქნებ, ისეთი განსაკუთრებულები იყვნენ, რომ  სხვა ადამიანები ნისლად იქცეოდნენ მათ გვერდით და უჩინარდებოდნენ?             როცა ჩემი ზურგჩანთით  საფოსტო გემის,  „ჩრდილოეთის ვარსკვლავის“  გემბანზე ავედი, ჯერ კიდევ  ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი შინისაკენ,  ჩვენი მბრუნავი ჯვრისაკენ, ბრეკუკოტში, ჩვენს სახლში, რომელსაც ხვალ მიწასთან გაასწორებენ.  მიდიოდნენ  ასე  ხელიხელჩაკიდებულნი,  როგორც ბავშვები.“             „თევზის კონცერტი“ მრავალპლანიანი, აზრობრივად კომპლექსური რომანია;  ის მიეკუთვნება განვითარებისა და აღზრდის რომანების რიცხვს.  იმ თემებს შორის, რომლებსაც ავტორი ეხება რომანში,  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხელოვნებისა და ხელოვანის   თემა  -   აბსოლუტის,  „სუფთა ტონის“  ძიება როგორც  ცხოვრებაში, ისე ხელოვნებაში.             ჰალდორ ლაქსნესის  მხატვრულ მანერაში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს  პათოსი და ირონია, ღრმა ფსიქოლოგიზმი და  დახვეწილი ლირიზმი, იუმორი,  იგრძნობა ისლანდიური საგების სტილის გავლენა.  ნობელის პრემიით დაჯილდოებისას წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში იგი გულწრფელი მადლიერებით იხსენიებს  ნაცნობ თუ უცნობ   ძველ ისლანდიელ მთქმელებს, რომლებმაც თავისი ეპიკური შემოქმედებით  „შექმნეს არა მარტო ერთ-ერთი ულამაზესი და დახვეწილი ენა, არამედ  ორიგინალური ლიტერატურული ჟანრიც“.                                                                                 (c)  რუსუდან ღვინეფაძე                                      

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას