ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია
მარსელ პრუსტი

სვანის მხარეს

წელი: 2017
ყდა: მაგარი
გვერდები: 568
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941238284

გაზიარება

მთარგმნელი: სოფიო ბენდიაშვილი

მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას  „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით – „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია. 
მაღალი წრის შეძლებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი მწერლის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგული არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. „დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ „სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.
 

რეცენზია

31 ივლისი 2017

პრუსტის მხარეს

„ხელოვნება არის ის, რაც ყველაზე რეალურია“. „ის აღემატება ფლობერს გონიერებით, ბალზაკს - ლიტერატურული ღირსებებით, სტენდალს კი - ცხოვრებისა და სილამაზის წვდომით. მან გააფართოვა ადამიანური სულის სფერო, გაალამაზა ჩვენი, ყველას ცხოვრება“, - წერდა პრუსტის შესახებ გერმანელი კრიტიკოსი კურტიუსი. თუმცა, თავდაპირველად პრუსტი დაიწუნეს. სწორედ ეს რომანი - „სვანის მხარეს“ ფრანგმა მწერალმა საკუთარი ხარჯებით გამოაქვეყნა, რადგან წიგნის დაბეჭდვაზე ყველა გამომცემლობამ უარი უთხრა. პრუსტს მოგვიანებითაც იწუნებდნენ - გაწელილი თხრობისა და „მომაბეზრებელი აღწერების“ გამო. არადა სწორედ ეს „გაწელილი“ მონაკვეთები აქცევს პრუსტს პრუსტად - ყველასგან გამორჩეულ მწერლად, რომელსაც განსაკუთრებული ჭვრეტის უნარი აქვს და შესწევს ძალა, დეტალურად, საოცარი მიგნებებით იკვლიოს ადამიანი. „სვანის მხარეს“ პირველი წიგნია მწერლის ყველაზე მნიშვნელოვანი, შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლისა „დაკარგული დროის ძიებაში“. წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: მესიე სვანი და მთხრობელი, რომელიც თავად მარსელ პრუსტის პროტოტიპია. მესიე სვანი, რომელიც მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება და ზოგჯერ პრინცესასთან ერთადაც სადილობს ხოლმე, მეტად იდუმალი კაცია, მრავალსახოვანი, კაცი, რომელსაც ფარული ცხოვრება აქვს. მას დაბალი წრის ქალები იზიდავს და სოციუმის შეხედულებები არ ანაღვლებს. თუმცა, წიგნის მეორე ნაწილში, რომელსაც „სვანის ერთი სიყვარული“ ჰქვია, მისი პიროვნება თანდათან იხსნება. სვანს საკმაოდ უცნაური ქალბატონი - ოდეტ დე კრესი უყვარდება. ოდეტის სიყვარულის წყალობით, რომელიც ლამისაა შეშლილობაში გადაიზარდოს, სვანი არამარტო ყველა იმ ადამიანურ გრძნობასა და ვნებას შეიცნობს, რომელიც მანამდე არასდროს განუცდია, არამედ საკუთარი თავის იდუმალ მხარეებსაც აღმოაჩენს და ბევრ ფილოსოფიურ კითხვას გასცემს პასუხს. ამოცანა, რომელსაც „ოდეტ დე კრესი“ ჰქვია, მისთვის ცხოვრების, არსებობის ამოცანად იქცევა. ყველაზე საინტერესო კი მაინც სვანის თვითდაკვირვების, თვითანალიზის პროცესია - ის იაზრებს საკუთარ მდგომარეობას და მასზე განყენებულად მსჯელობაც შეუძლია. „ვერ აფასებ, რამდენად ბედნიერი ხარ, არასდროს ისეთი უბედური არ ხარ, როგორც გგონია“. გაიფიქრებს სვანი ერთ მომენტში, რასაც საკუთარი ცხოვრების ანალიზი მოსდევს. მერე კი ამბობს: „ვერ ვხვდებით, რამდენად უბედურები ვართ, არასდროს ისეთი ბედნიერები არ ვართ, როგორც გვგონია“. მეორე მხრივ (და უფრო სწორად - პირველ რიგში), პრუსტის რომანის მთავარი გმირი - დროა. დრო, რომლის ძიებაც პრუსტთან ჭეშმარიტების ძიებასთანაა გაიგივებული, ასევე, - სივრცის ძიებასთანაც (როგორც ჟორჟ პულემ თქვა). დროის აღქმა რომანში სუბიექტურია, ქრონოლოგია კი - დარღვეული. შესაძლოა, ათი წელი სამ ხაზში იყოს ჩატეული, სამი საათი კი ორას გვერდს მოიცავდეს (რაც ძირითადად პერსონაჟის თვითანალიზითაა განპირობებული). მოკლედ, ეს ძიება - დროის, სივრცის, ჭეშმარიტების, ადამიანის შინაგანი სამყაროსი, თუ მასში მიმდინარე ცვლილებების - პრუსტის მხარეა. პრუსტი იცნობს ადამიანს და მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ეს ვიღაცისთვის შეიძლება უცნაურიც კი იყოს. მწერალი ხომ ბავშვობიდან ასთმის შეტევებით იტანჯებოდა და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ერთ ოთახში, რომელსაც ორმაგი ფანჯრები ჰქონდა და ფარდებიც ბოლომდე იყო დაშვებული. ამის შესახებ პრუსტმა თქვა კიდეც: „ბავშვობაში არცერთი ბიბლიური პერსონაჟი ისე არ მებრალებოდა, როგორც ნოე, რადგან წარღვნის შიშით იძულებული იყო, ორმოცი დღე კიდობნიდან არ გამოსულიყო. მოგვიანებით, როცა ვავადვმყოფობდი და მეც „კიდობანში“ მიწევდა დარჩენა, მივხვდი, რომ ნოე ვერასოდეს დაინახავდა სამყაროს ისე კარგად, როგორც კიდობნიდან.“

მიმოხილვები და კომენტარები:

24 .90 ¢
ან შეიძინეთ 249 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 24.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას