Image Alt

„შაგი ბეინი“- ნორმალურობის ანატომია (ესეების კონკურსი)

„შაგი ბეინი“- ნორმალურობის ანატომია (ესეების კონკურსი)

„მე რთულ პირობებში მოხვედრილ ნაზ სულებზე ვწერ“-ეს დაგლას სტიუარტის სიტყვებია და მისი რომანის მთელი ფაბულაც ამ სიტყვებზეა აგებული: 80-იანი წლების გლაზგოს ბინძურ, პირქუშ და სასტიკ რეალობაში მოხვედრილ სუფთა სულებზე, რომლებიც არასწორ დროს, არასწორ ადგილას, უიმედო სიცარიელეში მოხვდნენ და მთელი ძალით ცდილობენ, ეს გამოასწორონ.

რა გვემართება, როცა ჩვენს მომავალზე წარმოდგენები და რეალობა თვისებრივად ცდება ერთმანეთს? რა ხდება, როცა მშობლებს, შვილებს, მეუღლეს, მეგობრებს ჩვენ მიმართ დიდი მოლოდინები აქვთ, ჩვენ კი მათი გამართლება არ შეგვიძლია? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ მარწუხებივით შემოჭერილი ხელმოცარულობის შეგრძნება დავძლიოთ და გავხდეთ „ნორმალურები“?

სწორედ ამ კითხვების გარშემო ტრიალებს ერთ დროს მშვენიერი და განებივრებული ახალგაზრდა ქალის, აგნეს სტიუარტის ცხოვრება, რომელიც თუნდაც მხოლოდ სხვებისათვის თვალის ასახვევად არ წყვეტს ბრძოლას საკუთარი ცხოვრების უკეთესი ვერსიის შესაქმნელად. დროთა განმავლობაში კი იმის გაცნობიერება, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, უკეთესობისათვის ბრძოლა კი  ბორბალში ციყვივით ტრიალს ჰგავს და სხვას არაფერს, აგნესს ისეთ სასოწარკვეთაში აგდებს, რომ ხსნას მხოლოდ სასმელსა და თავდავიწყებაში ხედავს. სიმთვრალის დროს ხომ მარტივია არ იფიქრო მოღალატე ქმარზე, ალკოჰოლიკ მშობლებზე, ზიზღნარევი ნიჰილიზმით სავსე შვილებზე, მეგობრებზე, რომლებიც რეალურად შენი მეგობრები არც არასდროს ყოფილან, დაძლიო საკუთარი თავის სიძულვილი.

თუმცა რა ხდება მეორე მხარეს, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებსაც გვერდით მხოლოდ „ნორმალური“ შვილი, მეუღლე და დედა სჭირდებათ, რაც მართალია, ეგოისტურია, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმის ფარგლებში ექცევა. ამ დროს გამოსავალი ადამიანის მარგინალიზაცია და შერცხვენაა თუ თანაგრძნობა და მისთვის რწმენის დაბრუნება?! აგნესის შემთხვევაში ორივე მიდგომას ვხვდებით, ერთი მხრივ, იგი მეუღლემ ვერაგულად მიატოვა ღატაკ, უსახურ რეალობაში (რაც მისი ამაყი პიროვნებისთვის ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია), მაგრამ ამავდროულად მის გვერდით არიან შვილები, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ დედის გამოჯანმრთელებას.

განსაკუთრებულ მზრუნველობას კი შაგი ბეინი, მისი ნაბოლარა, განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული და მარტოსული ბიჭუნა იჩენს, რომელსაც 7 წლიდან აწევს ცხოვრების მძიმე ტვირთი, დედას თავად გაუწიოს მშობლობა, იქცეს მის მესიად, გაუძლოს სიცივეს, სიბინძურეს, შიმშილსა და დამცირებას, საკუთარი თავი გვერდზე გადადოს მხოლოდ იმიტომ, რომ დედის სჯერა, მისი გამოსწორების ბავშვური, გულუბრყვილო იმედი უკიაფებს გულში. შაგი ფიქრობს, რომ მისი მისიაა, დედა გადაარჩინოს და ვერაფრით გაუგია აგნესისთვის მხოლოდ მისი სიყვარული საკმარისი რატომ არაა.

შაგი (მისი ძმის მსგავსად) რეალობისგან გაქცევას საკუთარი ილუზორული „მყუდრო სახლის“ შექმნით ცდილობს, სადაც სიმშვიდეა, სადაც არ ხვდება გალეშილი და სასმელზე გაყიდული დედა, არც მისი ამაზრზენი „ბოთლის“ მეგობრები და საყვარლები, სახლის, რომლის მიახლოებისასაც არ ეწყება შიშისგან მუცლის გვრემა. და მიუხედავად იმისა, რომ დედას მისთვის სიმყუდროვის შექმნა არ შეუძლია, შაგის ის ტკივილამდე უყვარს, რადგან დედა მას ისეთს იღებს, როგორიც არის, დედა არ მოითხოვს მისგან, რომ სხვებივით „ნორმალური“ გახდეს, აგნესი ერთადერთია, ვინც საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს, ღირსებას არ ულახავს. თითქოს სიმბიოზურია ამ დედა-შვილის დამოკიდებულება და ერთის გარეშე მეორის ცხოვრება აზრს კარგავს, თუმცა კარგად ვხვდებით, რომ ერთმანეთისთვის საკმარისები ვერ იქნებიან, მათი ურთიერთდამოკიდებულება კი რაღაც თვალსაზრისით ტოქსიკურიცაა.

აგნესი მკითხველში ერთდროულად ზიზღსა და თანაგრძნობას იწვევს, ზიზღს იმის გამო, რომ წუმპეში ეცემა და მიათრევს გარშემო მყოფ საყვარელ ადამიანებს, ემპათიას კი იმიტომ, რომ ვგრძნობთ, მას აქვს ძალა, საკუთარ თავს მოერიოს, ცხოვრების სადავეები ხელში აიღოს და ისევ „ნორმალური“ გახდეს, მაგრამ ყველაფერი ასეთი მარტივი და ცალსახა არ არის,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რომანი მკითხველს თითქოს მწარე გემოს უტოვებს პირში, ასევე აჩენს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას, მაგრამ მთავარი კითხვაა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი „ნორმალურობისათვის“ ბრძოლაში და ღირს კი ნაზი სულების დასახიჩრება ამ „ნორმალურობის“ მისაღწევად?! ალბათ, არა…

ესეს ავტორი: ანა მიქაუტაძე

წიგნის მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე