საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
მიხეილ იოჰანი

მიბრუნება ახალი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 248
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941304668

გაზიარება

მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!

რეცენზია

22 ოქტომბერი 2019

მიბრუნება - რეცენზია

მიხეილ იოჰანის სადებიუტო წიგნი „მიბრუნება“ თანამედროვე საქართველოს აღწერს: ოჯახს, უბანს, სამეგობროს და ქვეყანა იკვრება. ყველაფერი, რაც ამ წიგნში ხდება, მართლაც მოხდა და სულ რაღაც წლინახევრის წინ. ის რვა დღე, რომელიც „მიბრუნების“ მთელ სიუჟეტს იკავებს, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იოჰანმა აღწერა. მხატვრული ტექსტის ეს დოკუმენტალისტური სიზუსტე მხოლოდ ნაწილობრივ მიიღწევა სიუჟეტის ცნობილ მოვლენებთან გადაბმით. ნამდვილ ძალასა და სიზუსტეს „მიბრუნებას“ ახალბედა ავტორის თხრობის მანერა სძენს. თანამედროვე საქართველოს აღმწერი წიგნებიდან, სულ რამდენიმე მახსენდება და მხოლოდ ისეთები, რომლებიც მიყვარს: ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“, გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალე“, დათო გაბუნიას „დაშლა“ და თქვენ წარმოიდგინეთ, „მიბრუნებაში“ გაელვებული ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადებიც“. „ცრემლიანი სათვალე“ მხატვრული ღირებულებით გამორჩეული წიგნია, მაგრამ „მიბრუნებისგან“ მას სწორედ დოკუმენტალურობა განასხვავებს და თანაც, ასაღწერი ეპოქის მასშტაბით „სათვალე“ ათწლეულებზე მოგვითხრობს, „მიბრუნება“ კი – სულ რაღაც რვა დღეზე. „დაშლა“ პირიქით, უფრო კამერული, ფანჯრიდან გამოჭყეტით დანახული სინამდვილის აღწერაა, სადაც პერსონაჟები ეპოქაზე განუზომლად დიდები ჩანან, საკუთარ ტრაგიკულ სიპატარავეში. ჯიშკარიანის წიგნი კი, ცხადია, საქართველოს სინამდვილიდან ამოსხლეტილი საკრედიტო ბარათია, მაგრამ მასზე MDMA-ის გარდა ბევრი რამ არის აწებებული და სადღაც კიკეთის ტყეში ნანახი აცტეკების სახეები გიყვებიან შენს დღევანდელ დღეზე. ამ ოთხი წიგნიდან, ყველაზე მეტად, მინდა, „მიბრუნება“ „ყურთბალიშს“ მივამსგავსო, ალბათ იმიტომ, რომ „ყურთბალიში“ მიყვარს ყველაზე მეტად. გავს კიდევაც – ისიც მწარე და თითქოს უბრალოა. ეს სიმწარე და მოჩვენებითი უბრალოება ორ კარგ მწერალს საერთო აქვთ, მაგრამ მსგავსება ამაზე მეტია. „მიბრუნებაში“ სამსონაძის პერსონაჟი დაბერდა და მისი ერთი შვილი, იოჰანის წიგნში და-ძმად, ხატიად და დემნად გაიზარდა. ორ წიგნსაც ის განასხვავებს, რაც მამა-შვილების ამ წყვილ თაობას: ჰორიზონტის ნიშნული სხვა სიშორეებში აქვთ შვილებს და პირადი პასუხისმგებლობის აღქმაც უფრო ჩამოყალიბებული, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა, რომ მჯეროდეს. მაგრამ „მიბრუნება“ მამებს არ ემტერება, მისი მიზანი მტრობა არ არის, მიზანი თავისუფლებაა და სხვის თავისუფლებას კი მტრობად მხოლოდ დაბინდული გონება აღიქვამს. მიხეილ იოჰანის (მოგვიწევს, მივეჩვიოთ ამ უცხოურ გვარს) წიგნი თაობებს შორის ხელის ჩამორთმევის სურვილია, რომელიც, ყველამ ვიცით, რომ ჩახუტებით დამთავრდება. ჩახუტება იქცევა მამაშვილური სალმის ლოგიკურ გაგრძელებად და იოჰანი თანახმაც ჩანს, რომ მხარე, რომელიც ჩამორთმეულ ხელს მოქაჩავს, რათა გადაეხვიოს, თვითონ გახდეს. მოკლედ, „მიბრუნება“ არის კარგი წიგნი იმაზე, თუ სად ვართ. მეტს არ გეტყვით. წაიკითხეთ.   კოკა არჩვაძე

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
მალე
კახა თოლორდავა

გაუზავებლად (მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე)

ახალი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ახალი
ვახუშტი კოტეტიშვილი

ჩემი წუთისოფელი

ახალი
კოკა არჩვაძე

ჩინური დღიური