ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

მაიაკოვსკის თეატრი

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 136
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941237287

გაზიარება

რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს.
ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი „ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოვიდა და ლიტერატურულმა კრიტიკამ დიდი მოწონებით მიიღო. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და აშშ-ში საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში შევიდა.

რეცენზია

23 თებერვალი 2017

მაიაკოვსკის თეატრი

    ცოტნე ცხვედიანი სამი წლის წინ, ლიტერატურულ კონკურსზე გავიცანი. იმ კონკურსიდან მხოლოდ მისი მოთხრობა მახსოვს, მაღაროელებზე და მოლოტოვის კოქტეილზე. მგონი, სათაურადაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ერქვა. მაშინ მაკა ლდოკონენს ვუთხარი, დაიმახსოვრე, ეს ბიჭი მაგარ რაღაცებს დაწერს-მეთქი.     ცოტა ხნის შემდეგ ცოტნეს მოთხრობების კრებული გამოვიდა - „ქალაქი და წმინდანები“. ჩემთვის მართლა ბომბი აღმოჩნდა. გაოგნებული ვიყავი, რომ ოცდაერთი წლის ბიჭი ახერხებდა, ასე გამართულად და ოსტატურად ეწერა. რაც მთავარია - მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი კომფორტის ზონიდან ვერ ვხედავთ და თუ ვხედავთ, მაშინვე თვალს ვარიდებთ.     „მაიაკოვსკის თეატრში“ თემები მეორდება. სოციალური უთანასწორობა, ჩაგვრა, პროტესტი, სიმართლისთვის ბრძოლა და კიდევ ბევრი რამ, რაც წმინდანების ქალაქში ხდება. თუმცა, რომანში პროტესტი განსხვავებულ სახეს იძენს და ამბოხიც, რაღაცნაირად დესტრუქციული ფორმით გვევლინება.     წიგნის მთავარ გმირს ვერანაირ ჩარჩოს ვერ მოარგებ. თუთა ყველასგან განსხვავდება. მისი რევოლუცია ჯერ საკუთარ სახლში იწყება - გაქცევით, თვეობით გაქრობით, ბათუმში წასვლით და იქ მაწანწალა ცხოვრებით. დაბრუნება კი მხოლოდ დროებით სიმშვიდეს მოასწავებს. თუთა ბომბია, რომელიც, რა წუთში იფეთქებს, არავინ იცის. მისი აზრები უცნაურია, მისი თვითირონიული შენიშვნები კი მკითხველს გულზე ხვდება და დაფიქრებას აიძულებს. და მაინც:     თუთა მართალი ბიჭია.     ადგილს, სადაც თუთას ოჯახი ცხოვრობს „მაიაკოვსკს“ ეძახიან. ქალაქში არაფერი ხდება. თითქოს ეს ქალაქი უძრაობაში გამოეკიდა და დროც ერთ მომენტზე გაჩერდა. თუთა კი მოქმედებას იწყებს. მას სურს, რაღაც მოახდინოს და ამ უძრაობიდან გამოვიდეს. ალბათ, მისი უმცროსი ძმა მართალია, როცა ამბობს, რომ თუთას გმირობის გარდა არაფერი შეუძლია. „შენ, ჩემო პრეზიდენტო, ეცადე, ეჭვები გამიფანტო, მოდი, დავსხდეთ და მე ჰელიოგაბალუსზე გიამბობ, ერთადერთ სახალხო ლიდერზე და იქნებ შენც იმასავით გამოხვიდე გლახაკებთან ქუჩაში, უარი თქვა მოკრძალებაზე და მთელი შენი დიდებულებით ტრაკი მისცე უსახლკაროებს, ლოთებს, უიმედოებს, რადგან ძალაუფლების სიყვარულის ცოდვას მხოლოდ ამგვარი ღვაწლით გამოისყიდი.“     ეს ნაწყვეტი თუთას ლექსიდანაა, რომელზეც ამბობს, ვინმე ალექს სევროვმა დაწერაო. უმცროსი ძმა თუთასგან ამგვარ ხრიკებს მიჩვეულია. მიჩვეულია კი არა, იმდენად დაიღალა მისი მოულოდნელი ქცევებით, სუიციდის გათამაშებებით, რომ ძმის სიკვდილის სცენარის შემუშავებას იწყებს.     თავად თუთას გადაწყვეტილი აქვს, საოკუპაციო ზოლი გადალახოს და საგუშაგოზე ჯარისკაცებს იარაღი ესროლოს. ასე ლამაზად სიკვდილი გამოუვა. მაგრამ  თუთამ იცის, რომ მეტისმეტად თავზეხელაღებული და არასტანდარტულია იმისთვის, რომ გმირობა გაითამაშოს და ლამაზად მოკვდეს.     რესტორან „მაიაკოვსკში“ ვიღაცას ლოთები და მაწანწალები მძევლებად აჰყავს.  მძევლებად აჰყავთ ადამიანები, რომლებმაც სოციალურ ნორმებს გადააბიჯეს და ვერ მოახერხეს მოცემულ ჩარჩოებს  მორგებოდნენ, ან, უბრალოდ, სისტემამ დაჩაგრა და მათ ძალა აღარ ეყოთ იმ თამაშის გასაგრძელებლად, რომელსაც „ნორმალურ ცხოვრებას“ ვეძახით. როცა მძევლები (ქალაქის წმინდანები) მაგიდასთან სხედან და წიწიბურას ჭამენ, გამტაცებელი ფანჯარასთან დგას და გარეთ შეკრებილებს დასცინის.      „ამ ხალხს თქვენ ყველაფერი წაართვით: სახლი, ბოლო ლუკმა, ღირსება. სამაგიეროდ, კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან! სინამდვილეში კი ისინი იმაზე უფრო დამონებულები არიან, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა!“  ღრიალებს თუთა რესტორან „მაიაკოვსკის“ ფანჯრიდან.

მიმოხილვები და კომენტარები:

9 .90 ¢
ან შეიძინეთ 99 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 9.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას