Image Alt

LUCRECIA515

LUCRECIA515

სულაკაურის გამომცემლობა©

„ამ ეროტიკული სოციალურ-სატირული რომანის პროტაგონისტი არის ერთი უტვინო და უაზრო კაცი, სახელად სანდრო. ლუკრეცია515 არ ასახავს ლეგენდარულ, კაცისმკვლელ გრძნეულს და მეუღლეთა განმაშორებელს ძველი იტალიური ფეოდალური ოჯახიდან – ბორჯიას, თუმცა ამ რომანს მსგავსი მახასიათებლებიც აქვს. ლუკრეცია515 სანდროს იმეილის პაროლია, რომელიც მისმა ცოლმა, ქეთიმ მოიპოვა ჰაკერის მეშვეობით. ქეთი ეჭვიანია და არა უსაფუძვლოდ, რადგან მისი მეუღლე რომანტიკულ თავგადასავლებს არ იკლებს სახლს გარეთ. თუმცა, სანდრო სულაც არაა მომხიბვლელი მექალთანე – ის უფრო შემგროვებელია, კოლექციონერი, რომელიც ქალის ხორცზე ნადირობს და საკუთარ ლიბიდოს იკმაყოფილებს. სანდროს ბოლო ნადავლი, ანა, განსხვავებულია, რადგან მან საკუთარი ადგილი მიუჩინა ამ დაუცხრომელ კაცს. ანაში სანდრომ საკუთარი ოსტატ-ფსიქოთერაპევტი იპოვნა. ანა ტელევიზიაში მუშაობს, აქვს სერიოზული სტატუსი და თავდაჯერებულია, ის სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებს – მხოლოდ სექსს, ეს კი სანდროსთვის უჩვეულო გრძნობაა, რომელიც საკუთარი ქალების მხრიდან ყოველთვის საერთო მომავალზე ოცნებებით იყო განებივრებული, ხოლო ანა ერთად ყოფნის წესებს კარნახობს და ცდილობს მისგან დისტანცირდეს, როცა ის ამ წესებს არ იცავს, რაც სანდროს, ბუნებრივია, არ სიამოვნებს და იბრძვის, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოს. და აი, ასე – შუა ნადირობის დროს, – გამოჩნდება ქეთი, ცოლი, რომელიც ლუკრეცია 515 პაროლის საშუალებით წაიკითხავს მიმოწერას ანასა და სანდროს შორის. ანა პრიმიტიულ და დამჯერ ქალად აღიქვამს სანდროს ცოლს, რომელიც უწყინარი და კომფორტული ოჯახური ცხოვრებით ტკბება, ამ თვისებებში კი ქეთის მეუღლის – “დონ ჟუანი” სანდროს “ფარული” თვისებებიც კრთდება. ქალები ერთმანეთთან ბრძოლაში ებმებიან, თუმცა, რაც უფრო გრძელდება მათ შორის მიმოწერა, სანდრო მით უფრო მეტს ტყუის და ფარისევლობს. საბოლოოდ სანდრო თავს მსხვერპლად იგრძნობს, რომელსაც საკუთარმა ქალებმა ვერ გაუგეს და ცუდად, არასამართლიანად მოექცნენ.

საცოდავი ქართული საზოგადოება! რა დაემართათ ამ კაცებს? სანდრო ხომ თავისი თაობის ქართველი კაცის ხატს წარმოადგენს ამ რომანში! მკითხველი ბრაზობს, რადგან ხედავს, რომ ამ რომანში სხვა ქალთან გაქცევა კარგ ტონად, თავდაჯერებულობის შეძენის მთავარ წყაროდ და კაცების შორის საუბრის მთავარ თემად ითვლება.
ლაშა ბუღაძე თავის რომანში ხატოვნად აღწეტს ქართველი კაცის დამახასიათებელ ნიშნებს: ღიპი, დაცვენილი თმა, კოტლეტები, ალკოჰოლიზმი და ამპარტავნება (საკუთარი თავის მნიშვნელოვნად წარმოდგენა). მწერალი კაცის ტრაგიკულ სახეებს აღგვიწერს middle-life crisis-ის დროს, რომლებიც, პრინციპში, შეცოდებას უფრო იმსახურებენ, ვიდრე დამცირებას. და სწორედ ეს არის ამ რომანის სილამაზე. აქ არ ჩნდება კითხვა პროტაგონისტების მიმართ სიმპათიაზე თუ ანტიპათიაზე, აქ ჩნდება კითხვა, თუ ვინ უნდა შეგეცოდოს უფრო მეტად – კაცი თუ ქალი. რადგან ამ რომანში
არც ქალები არიან იდეალურები – უფრო პირიქით, ისინი ან იმცირებენ ან თავს ისულელებენ იმის გამო, რომ მარტო არ დარჩნენ და დრო და დრო მაინც ჰქონდეთ სექსი, ეს კი საშინელ უხერხულობებს ქმნის.

ლაშა ბუღაძემ საკუთარი რომანისთვის ძალიან მოდერნული სტრუქტურა აირჩია და ოსტატურად შეურწყა ერთმანეთს ნარატივი და ელექტრონული მიმოწერები. მკითხველი სანდროს აზრებს მიჰყვება, კითხულობს გაქექილ იმეილებს და რომანს სხვა და სხვა კუთხიდან აკვირდება.

არ ველოდებოდი, რომ მექალთანე ქართველი კაცის ამბავი დამაინტერესებდა, მაგრამ ამ რომანმა ძალიან გამართო, გამაოცა, აღმაგზნო, გამაბრაზა და სიბრალული გამიჩინა პერსონაჟების მიმართ. არაჩვეულებრივი წიგნია!”