ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია
ლემონი სნიკეტი

ქარიშხალი

წელი: 2017
ყდა: მაგარი
გვერდები: 180
ფორმატი: 12.50 X 18.00
ISBN: 9789941238536

გაზიარება

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ძვირფასო მკითხველო,
თუ ობოლი ბოდლერების შესახებ ჯერ არაფერი გსმე­ნიათ, მაშინ სანამ ამ წიგნს წაიკითხავთ, წინასწარ გეტ­ყვით, რომ ვიოლეტი, კლაუსი და სანი კეთილი და ჭკვიანი ბავშვები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ცხოვრება სავსეა უიღბლობითა და მწუხარებით. აქამდე დაწერილ ამბებს შორის ამ წიგნში მოთ­ხ­რობილი თავგადასავალი ალბათ ყველაზე მეტად დაგასევდიანებთ.
ამჯერად ბოდლერებს მოუწევთ გადაიტანონ საზარე­ლი ქარიშხალი, გაუმკლავდნენ მშიერ წურბლებს, მოღრუბლულსა და ცივ დღეს ჭამონ კიტრის ცივი წვნიანი, შეებრძოლონ ბოროტმოქმედ მტერს... თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს თქვენი გული გაუძ­ლებს, მაშინ შეგიძლიათ ეს წიგნი წაიკითხოთ, მაგ­­­რამ თუ ცუდ გუნებაზე დადგომა არ გსურთ, გირ­ჩევთ, გასართობად სხვა საქმე გამოძებნოთ.
მე კვლავ განვაგრძობ ამ ტრაგიკული ამბების წერას, რადგან ეს ჩემი საქმიანობაა. თქვენ კი თავად განსაჯეთ, რამდენად შეძლებთ ამდენი უბედურების გადატანას.
დიდი პატივისცემით,
ლემონი სნიკეტი

რეცენზია

19 ოქტომბერი 2017

„ქარიშხალი“ მორალის გარეშე

„სამი დათვის“ მორალია „სხვის სახლში არასოდეს შეიპარო“;  „ფიფქიას“ მორალია „ვაშლი არასოდეს შეჭამო“; პირველი მსოფლიო ომის მორალია „ერცჰერცოგ ფერდინანდს ნუ მოკლავ“... ამ ამბიდან კი მორალის გამოტანა გამიჭირდება.“     წიგნის ავტორი არ აჭარბებს. პატარა და-ძმა ბოდლერების უიღბლო ისტორიებიდან მორალის გამოტანა მრთლაც ძნელია. თუმცა  ეს „უმორალო ამბები“ ალაგ-ალაგ ისეთი სასაცილოა, რომ ბავშვების უბედურებას გავიწყებს. ამის დასტურად კი ზემოთ მოყვანილი ფრაზაც გამოდგება: „პირველი მსოფლიო ომის მორალია „ერცჰერცოგ ფერდინანდს ნუ მოკლავ“.     ამერიკელი მწერალი ლემონი სნიკეტი (ნამდვილი სახელი: დენიელ ჰენდლერი) დიდ რისკზე მიდის, როცა შავ იუმორს მიმართავს, თანაც ამას საბავშვო წიგნებში აკეთებს. მაგრამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მის ამბებში მხოლოდ ტრაგედიები ხდება და სიკეთისა და მხიარულების ადგილი არაა, საბოლოოდ მაინც ისე ასრულებს ყველაფერს, რომ შვებით ამოვისუნთქავთ და წიგნს გაღიმებულები ვხურავთ.     მორიგ უიღბლო ამბავში, რომელსაც „ქარიშხალი“ ჰქვია, მწერალი ბოდლერებს დიდ ქარიშხალს დაატეხს თავს. თუმცა მანამდე ბავშვებმა სხვა განსაცდელებსაც უნდა გაუძლონ: საცხოვრებლად გადაბარგდნენ დეიდა ჟოზეფინასთან, რომლისთვისაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გრამატიკა და გრამატიკული წესებია,და რომელსაც ირაციონალური შიშები აწუხებს (მაგალითად, ტელეფონისა და ღუმლის შიში. ამ უკანასკნელის გამო კი, უკვე წლებია, მის სახლში ცხელი წვნიანი აღარ მომზადებულა);  დაუპირისპირდნენ გრაფ ოლაფს, რომელიც ქარიშხლის ისტორიაში ცალთვალა და ცალფეხა მეზღვაურ შემად გვევლინება; როგორც  ყოველთვის, უშედეგოდ უმტკიცონ ბატონ პოს მეზღვაური შემის ჭეშმარიტი ვინაობა...      დეიდა ჟოზეფინას შიშების აღწერა წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია. ავტორი რაციონალური თუ ირაციონალური შიშების აღწერისას ისეთ მაგალითებს მოიხმობს, რომ სიცილისგან კარგა ხანს სულს ვერ მოითქვამ. მანამდე კი საუბრობს მოვლენათა საღი შეფასების უნარზე, რასაც შემდეგნაირად განმარტავს:     „საკუთარი თავის ნუგეშისცემა იმით, რომ იწყებ შენი ამჟამინდელი მდგომარეობის შედარებას იმასთან, რაც სხვა დროს ან სხვა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა.“ „ვთქვათ, თუ ცხვირზე მუწუკი გამოგივიდა, რომელიც გაუშნოებს, ალბათ უმჯობესია, ეს მოვლენა საღად შეაფასო: მაგალითად ცხვირზე მუწუკის გამოსვლა შეადარო იმ ადამიანის ამბავს, რომელიც დათვმა შეჭამა. თუ ასე მოიქცევი, სარკეში შენს მუწუკიან ცხვირს რომ დაინახავ, საკუთარ თავს ეტყვი: „ეს არაფერი, კიდევ კარგი, დათვს მაინც არ შევუჭამივარ.“     წიგნის ავტორივით მეც წინასწარ გაფრთხილებთ: ვიოლეტს, კლაუსსა და სანის ამ ამბავში არც დათვი შეჭამს და არც მუწუკები გამოუვათ, თუმცა ისეთი რამეები დაემართებათ, რომ დათვთან ბრძოლას, მით უმეტეს, ცხვირზე მუწუკის გამოსვლას არაფრით ჩამოუვარდებ, მაგრამ სამი ბავშვი,  როგორც სხვა დროს, ახლაც შეთანხმებული მოქმედებით აღწევენ თავს გარდაუვალ უბედურებას;  ვიოლეტი თავისი გამომგონებლური ნიჭითა და საზრიანობით, კლაუსი  უკიდეგანო განათლებით, ხოლო ნაბოლარა სანი სისწრაფითა და მოხერხებულობით ქმნიან ძალას, რომელსაც ნებისმიერი ბოროტების დამარცხება შეუძლია. ასე რომ, შეიძლება ლემონი სნიკეტი ცდება კიდეც და ამ უიღბლო ამბების სერიასაც აქვს თავისი მორალი - ძალა ერთობაშია!   (c) მარი ბექაური

მიმოხილვები და კომენტარები:

9 .90 ¢
ან შეიძინეთ 99 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 9.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას