საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

იესოს სახარება ბესტსელერი

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 478
ფორმატი: 130.00 X 195.00
ISBN: 9789941239403

გაზიარება

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.
სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, "იესოს სახარება" 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
"იესოს სახარებას" მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს "მკრეხელური" უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, "არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება".
ასეა თუ ისე, "იესოს სახარებამ" განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.

რეცენზია

17 დეკემბერი 2019

აკრძალული ფიქრების ბიბლიური პროტესტი

ჟოზე სარამაგუ ის მწერალია, რომელიც „სიბრმავით“ გავიცანი და რომლის მეშვეობითაც, სიბრმავის სენით შეპყრობილ ქალაქში ერთადერთი თვალახელილი ქალის მეშვეობით ადამიანის უკიდურესი დაცემა დავინახე, თუმცა მაინც არ მქონია განცდა, რომ მეც იმ ბრმებს ვგავდი. ეს ჩემთვის უბრალოდ მეორე ქალაქი იყო, რომელიც სენმა მოიცვა, ის პირველი კი - შავმა ჭირმა. დაბრმავებული ხალხი და მკვდარი ვირთხები  სენია, რომელიც ხშირად ემართება კაცობრიობას; იმ კაცობრიობას, სადაც ბევრი რამაა აკრძალული, მათ შორის ფიქრი საზღვრების გარეშე. „2019 წელი-მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ, რადგან კიდევ მეტად იტბორება სამყარო სისხლით“ ეს ჟოსე სარამაგუს წიგნის, „იესოს სახარების“, ბოლო გვერდზე მიმიწერია, წიგნზე, რომელმაც პირველად მაგრძნობინა წიგნის კითხვისას სიბრმავე. როდესაც რაღაც კითხვა ჩნდება იესოზე, ფიქრი სხვა რაღაცაზე გადადის, ინსტინქტურად. შიში გაგიჩინეს, ფიქრის მკრეხელურობის შიში. როგორ დაიბადა პატარა იესო, ვერც ამ ფიქრს ბედავ და შემოჩეჩებულ იდეას თანხმდები, სხვა გზა არც გაქვს - ან გწამს, ან არა. ვერც იმ ფიქრს ბედავ, რატომ არის იესო ერთადერთი ღმერთის შვილი, რომელიც ჯვარს გააკრეს. ხმამაღლა ვერ ამბობ, რა საჭირო იყო ჯვარცმა, რადგან გეუბნებიან, რომ - აღდგომისთვის. ვერ სვამ კითხვას, რატომ ამდენი ქრისტიანი წამებული. უყვარდა კი ქრისტეს ვინმე? რა თქმა უნდა, ვერ გაიფიქრებ ქრისტეს ვნებებზე, მით უმეტეს მამაკაცურ ვნებებზე. ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია. ვერც იმას გაიფიქრებ, წმინდა მარიამს რამე თუ ესიზმრებოდა და რამე თუ აწუხებდაო. ჩვენ ხომ ვერ ვეხებით იესოს ვნებებს, აზრებს, შიშებს, სიყმაწვილესა და მის ურთიერთობას მამასთან. ეს აკრძალულია. სიბრმავე სჯობს, ისევ შენთვის. თუმცა სარამაგუ ის მწერალია, რომელიც მეხუთე სახარების დაწერას არ შეუშინდა და „იესოს სახარებით“ გვახარა, რომ სხვასაც უჩნდება ეჭვები და ფიქრები. იესო მარიამისა და იოსების ოჯახში იბადება. ცხოვრობს გაჭირვებაში, მამამისს - იოსებს - ჯვარს აცვამენ და ყმაწვილი იესო დედასთან ერთად მამის საძებრად მიდის. იხუტებს გარდაცვლილ მამას და იცვამს მის ფეხსაცმელებს, როგორც მის დანატოვარს. მარიამს სიზმარი აწუხებს: როდესაც იესოზე ორსულად იყო, მათხოვრად გადაცმული კაცი მოწყალებისთვის მოადგა და სასწაულიც უჩვენა მანათობელი მიწის სახით. სწორედ ამ კაცთან იწყებს იესო მწყემსად მუშაობას, იქ გადაეყრება სალომეასაც, რომელმაც მარიამს მშობიარობაში დაეხმარა და სწორედ სალომეა უყვება იესოს მისი დაბადების ამბავს მეფე ჰეროდეს პერიოდში. ამ წიგნში თხრობისას სარამაგუ ისეა ჩასაფრებული, როგორც არც ერთ სხვა წიგნში. ყველა ეჭვი გადმოლაგებულია და სწორედ ამის გამო ღირს ამ წიგნის წაკითხვა. იესო, რომელიც მარიამ მაგდალინელს შეიყვარებს, აბსოლუტურად ადამიანურია; ადამიანურია მაშინაც, როდესაც დედას ადანაშაულებს და მაშინაც, როდესაც ცხვარს ჩუქნიან პასექის დღესასწაულზე შესაწირად. ცხვარს, რომელსაც ვერ წირავს, რადგან ვერ ხვდება, რატომ უნდა შეწიროს. ის ვერ ხვდება შეწირვის ვალდებულებას, მგონი ვერც მაშინ, როცა თავად ხდება ტარიგი. წიგნშივე იესოს მამამისი, უკვე ღმერთი არიგებს: „ყველაფერი რაც ღმერთს ეხება, ეხება ეშმაკსაც.“ „იესოს სახარებაში“ ეს ის იესოა, რომელსაც მამად ღმერთი კი არა, ცოდვილი დურგალი იოსები ურჩევნია - „არჩევანი თუ კიდევ მაქვს, მე მამად მაინც მას ვარჩევდი.“ „იესოს ბედი გადაწყვეტილია და სამხვერპლო დანა - ზეაღმართული.“ იესო ვერც წიგნში გადაურჩა ჯვარცმას. ეს სახარება ბევრჯერ გაგაღიმებს კიდეც. არა ტექსტზე, არამედ საკუთარ თავზე. „კაენისა“ არ იყოს, ამ სახარებაში ირონია მძაფრია. თუმცა, ბრმას თვალი ეხილება და მხოლოდ იმას ეშინია ფიქრის, ვისაც მანამდეც ეშინოდა.   ანა ფაცაცია

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა

ისაბელ ალიენდე

სულების სახლი

ჯონათან ფრენზენი

შესწორებები

ბრეტ ისტონ ელისი

ამერიკელი ფსიქოპათი

მელანია მაცუკო

ვიტა

ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი