ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია
ხულიო კორტასარი

გასასვლელები

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 400
ფორმატი: 13.00 X 20.00
ISBN: 9789941238154

გაზიარება

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხულიო კორტასარი (1914-1984) პროზის გამორჩეულ ოსტატად ითვლება. მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, სათავე დაუდო სრულიად ახალ ფორმებს მსოფლიო ლიტერატურაში. 
მწერლის სიცოცხლეში კორტასარის მოთხრობების რვა სხვადასხვა კრებული გამოიცა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეულ წიგნს სახელი უწოდა: „რიტუალები“, „თამაშები“, „გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მოთხრობების სრული კრებულის ამგვარ გამოცემას კორტასარი ვერ მოესწრო და ოთხტომეული ამ სახით მხოლოდ მწერლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნდა.
ქართველი მკითხველი კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს. წინამდებარე ოთხტომეულში წარმოდგენილია ხულიო კორტასარის ყველა მოთხრობა (მოთხრობების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოცემისათვის ითარგმნა) და, რაც მთავარია, ისინი ტომებად გადანაწილდა თავად მწერლის მიერ შერჩეული გეგმის მიხედვით.
 

რეცენზია

26 მარტი 2018

კორტასარის მთავარი გასასვლელი

 მე თუ მკითხავთ, „გასასვლელები“ კორტასარის მოთხრობების ოთხტომეულის საუკეთესო კრებულია. სწორედ ამ კრებულშია თავმოყრილი მისი ყველაზე შთამბეჭდავი მოთხრობები (თუ არ ჩავთვლით „სამხრეთის გზატკეცილს“ და კიდევ ერთი-ორს): „მდევარი“, „ეშმაკის დორბლი“, „ზეცის კარიბჭე“ და „მიტაცებული სახლი“. ჰო, სხვათა შორის, „მიტაცებული სახლი“ კორტასარის პირველი ნაბიჯია ლიტერატურაში - პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა.  გამოქვეყნების ამბავი კი ცალკე ისტორიაა...     კორტასარი ერთგან წერს,  ყოველთვის მიკვირდა ჩემი თანატოლებისა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ კი საკუთარი ნაწერები გამოექვეყნებინათო. თავად არასოდეს ყოფილა ასეთი დარწმუნებული. წერდა, მაგრამ არ ბეჭდავდა. ბოლომდე არ სჯეროდა. მიაჩნდა, რომ დრო უნდა გასულიყო, იმისათვის, რომ  ტექსტის სრულყოფილებაში დარწმუნებულიყო. და ბოლოს გაბედა. ეს ბუენოს-აირესში მოხდა. არგენტინული ლიტერატურის დიდი მაგის გამომცემლობაში ძალიან მაღალმა და თხელმა კაცმა მოთხრობა მიიტანა, და როდესაც მაგმა „მიტაცებული სახლი“ წაიკითხა, მიხვდა, რომ არგენტინაში სრულიად ახალი ხმა და ნიჭიერი მწერალი გამოჩენილიყო.     ხულიო კორტასარის მოთხრობა პირველად ხორხე ლუის ბორხესმა დაბეჭდა თავის ლიტერატურულ გაზეთ „სამხრეთში“.     (მოგვიანებით კორტასარი და ბორხესი პოლიტიკური შეხედულებების გამო იჩხუბებენ. არგენტინაში პერონის დიქტატორული რეჟიმია. კორტასარი სამშობლოდან წავა და პარიზში გადასახლდება. მისი ერთი მეგობარი იტყვის: „კორტასარი დონ კიხოტს ჰგავდა. იგი მუდამ თავისუფლებისკენ ისწრაფოდა და მზად იყო მისთვის საბრძოლველად“. ხოლო მასზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ხულიო კორტასარი მაგიური რეალიზმის ჯადოქარი და უკიდურესად მემარცხენე კაცი იყო. ამაში დასარწმუნებლად კორტასარის ცხოვრების განხილვა არცაა საჭირო. „მდევარის“ წაკითხვაც საკმარისია).     „მდევარი“. ჯონი კარტერის ნაგვის ურნები და ლენის წითელი კაბა. ბი, ჯაზი და ჯონის საქსი. ჯონის სექსი. ვირთხებისთვის დაგებული ხაფანგები. ჯონი კარტერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური საქსოფონისტის, ჩარლი პარკერის (იგივე ჩარლი ჩიტის) პროტოტიპია. კორტასარის ნებისმიერ ტექსტში, „კლასობანადან“ დაწყებული და მცირე მოთხრობებით დამთავრებული, პერსონაჟები დროის და სივრცის დაძლევას ცდილობენ. მათ სჯერათ, რომ შეუძლებელია, მოცემული ცხოვრების მიღმა რაღაც სხვაც არ არსებობდეს და მთელი მათი ყოფა ამ რაღაცასთან მიახლოების მცდელობაა, ჭეშმარიტების ქაოსური ძიება. მაგრამ ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ამას აღწევს - ჩარლი ჩიტია, ჯონი კარტერი „მდევარიდან“, რომელიც თავისი მუსიკით ახერხებს, დაძლიოს დრო და სივრცე, გაიაროს მთავარი „გასასვლელი“ და შეეხოს აბსოლუტს. თუმცა მუსიკა მთავრდება და რეალობაში დაბრუნება, მიწაზე დანარცხებაზე მეტად, უფსკრულში ჩავარდნას ჰგავს. ჯონი კარტერი ღმერთს დასწყევლის. ჯონი კარტერი მარტოა. უფრო სწორად, ორჯერ უფრო მარტო, ვიდრე სხვები, რადგან ეს მარტოობა გაცნობიერებული აქვს, იცის და აღარ ძალუძს, ილუზიები შეიქმნას (და მე სულ მაქვს განცდა, რომ კორტასარმა ეს მოთხრობა ჩარლი პარკერზე კი არა, საკუთარ თავზე დაწერა. შეიძლება ჩარლიზეც, მაგრამ პირველ რიგში - საკუთარ თავზე. ის ხომ დიდი მემარცხენე ბიჭი იყო, დისტანციური, ბევრისთვის - სნობი, სინამდვილეში კი ადამიანი, რომელსაც მარტოობა მდევარივით ჰყავდა აკიდებული. ყოველი თავისი ტექსტით, საგნების აღქმით, ქაოსური შეგრძნებებით აბსოლუტთან მიახლოებას ცდილობდა, ღმერთს ებრძოდა და წყევლიდა, რომ თავისი ადამიანური ჩარჩოებით და მოცემულობით ამის გაკეთება არ შეეძლო.) კორტასარს საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად „მდევარი“ უყვარდა.     „მდევარი“ „გასასვლელების“ ბოლო მოთხრობაა. მანამდე კი ბევრი მაგიური ისტორიაა, ვენეციის ხიდიდან საკუთარი გასვენების ყურებით დაწყებული, სიცოცხლის კომედიის გათამაშებით დამთავრებული. აქ არიან ველოსიპედით მოსეირნე ჟანეტი, რომელსაც საზარელი ფაქტი შეაცნობინებს საკუთარ თავს (იქნებ სიკვდილის მერეც) და კუნძული ქსიროსი, რომელსაც მარინი ყოველი ფრენისას დასცქერის ილუმინატორიდან. აქ არიან მირეი და ხავიერი - მედლის ორი მხარე და პაკო, რომელიც სიკვდილიდან ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში ბრუნდება ძმაკაცის სიზმრებში. აქ არის ლუსიო მედინა, კინოთეატრში მოტყუებით რომ აყურებინებენ ფეხსაცმლის მკერავი ქალების ბენდის შესრულებას და ეს გაუგებრობაში მოყოლილი, გაცოფებული კაცი იგრძნობს - „თითქოს რეალობის დასასრული დაანახვეს, რეალობის მხოლოდ ერთი წამი, რომელიც ყალბად იმიტომ მოეჩვენა, რომ ნამდვილი იყო.“

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას