საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
რომენ გარი

ევროპული აღზრდა

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 272
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941237140

გაზიარება

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

პოლონეთი, ოკუპაციის წლები... ექიმმა ტვარდოვსკიმ თავის თოთხმეტი წლის შვილს, იანეკს ტყეში სამალავი მოუწყო. ორი უფროსი ვაჟი მას გერმანელებმა დაუხოცეს, მეუღლე კი სხვა ქალებთან ერთად გაიტაცეს და გრაფ პულაცკის სასახლეში გამოკეტეს ჯარისკაცების ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად. ცოლის გამოხსნას შეეწირა ექიმი ტვარდოვსკი, ხოლო იანეკი მცირერიცხოვან პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. სწორედ აქ იწყება იანეკის ეგზისტენციალური თავგადასავალი, აღსავსე ხიფათითა და იმედით, რწმენითა და სასოწარკვეთით. იგი ცდილობს გაარკვიოს, რა არის ევროპული აღზრდა: დახვრეტა, მონობა, წამება, ძალადობა, განადგურება, გაცამტვერება, თუ თავისუფლება, ადამიანური ღირსება, ძმობა? იანეკის აზრით, ყველაფერ იმას, რაც ადამიანს რწმენითა და ცხოვრების გაგრძელების სურვილით აღავსებს, დაცვა, თავშესაფარი და სამალავი სჭირდება. ეს თავშესაფარი ხანდახან შეიძლება, სულაც სიმღერა იყოს, ან კიდევ ლექსი, მუსიკა, წიგნი...
„ევროპული აღზრდა'' – ფრანგი მწერლის, კინორეჟისორის, დიპლომატისა და სამხედრო მფრინავის – რომენ გარის პირველი რომანია. იგი 1945 წელს გამოქვეყნდა და საფრანგეთში კრიტიკოსების ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა გონკურის პრემია.

რეცენზია

20 თებერვალი 2017

რომან გარისეული აღზრდა

  ებრაული წარმოშობის ფრანგი ავტორი რომენ გარი (რომენ კაცევი) მეოცე საუკუნის ათიან წლებში ვილნიუსში, ლიტვაში დაიბადა. მამამისს რუსულ, მონღოლურ და თათრულ ეროვნებასთან ერთად, ქართულ ეროვნებასაც მიაწერდნენ, ხოლო დედას რუსულს, ფრანგულსა და ებრაულს. სწორედ ამ მულტინაციონალურობამ განაპირობა გარის შემდეგი ცხოვრება. მის წიგნებზე საუბარი კი შეუძლებელია მწერლის ბიოგრაფიის გაცნობის გარეშე, რადგან რომენ გარის მდიდარმა ბიოგრაფიამ, საინტერესო ბავშვობამ და შემდეგმა ცხოვრებამ უზრუნველყო მისი შემოქმედების ასეთი მრავალფეროვნება. რომენ გარი მეოცე საუკუნის ყველაზე გახმაურებული მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთია, ვინც ორჯერ აიღო ძმები გონკურების პრემია: ერთხელ თავისი სახელით, რომანისთვის „ცის ფესვები“ და მეორედ _ ემილ აჟარის ფსევდონიმით. მაგრამ ის არ სარგებლობდა მხოლოდ ორი სახელით, მან დაწერა პოლიტიკური თრილერი შატან ბოგატის ფსევდონიმითაც და სარგებლობდა ფოსკო სინიბალდის სახელითაც. რომენ გარი იზრდებოდა დედასთან ერთად და ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სწორედ ეს წლები ასახა თავის ბიოგრაფიულ წიგნში, სადაც იხსენებს დედას, ადრეულ წლებს და იმას, თუ როგორ მივიდა პირველი რომანის შექმნამდე.  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული მწერალი იყო, ამასთანავე რომენ გარი იყო მეორე მსოლფიო ომის გმირი, საპატიო ლეგიონის კომანდორი, სამხედრო მფრინავი, რეჟისორი, სცენარისტი და დიპლომატიც კი; და ეს ყველაფერი ალბათ ისევ დედის დამსახურებაა, რომელიც მთელი ბავშვობა ჩასჩიჩინებდა შვილს, რომ მისგან დიდი კაცი დადგებოდა, დედას ყოველთვის სჯეროდა, რომ გენიოსს ზრდიდა და ცდას არ აკლებდა, ბიჭს თავისი ნიჭი აღმოეჩინა. რომენ გარის დედა, სწორედ ის ქალი იყო, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა, ვაჟის დიდებით დამტკბარიყო... მაგრამ სამწუხაროდ, მწერლის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილამდე წინასწარ დაწერა ასობით წერილი ომში წასული შვილისთვის და რომენ გარიც წლების განმავლობაში იღებდა გარდაცვლილი დედისგან წერილებს. ეს ყველაფერი ქალმა მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქვემეხის გრუხუნის ფონზე შვილს არ გაეგო დედის უეცარი გარდაცვალების ამბავი და სევდას არ მოედუნებინა. სწორედ ამიტომაა, დღესაც რომ გვაღელვებს რომენ გარის რომანები, ამდენ ემოციას რომ იწვევს... „ევროპული აღზრდა“ გარის პირველი რომანი არ ყოფილა ჩემთვის, მანამდეც წამეკითხა მისი სხვა წიგნები და სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, პირველი, სადებიუტო რომანი შედარებით სუსტი იქნებოდა, ვიდრე მისი სხვა, უფრო გვიანდელი ნაწარმოებები. მაგრამ სულ ტყუილად. პირველივე გვერდებიდან იმხელა ძალით შემომიტია ავტორმა, მაშინვე უკან წავიღე ჩემი წინასწარი განწყობა. რომანში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ვითარდება. 13 წლის იანეკს მიკარგულ ტყეში მამა სანგარს გაუთხრის გერმანელებისგან თავდასაცავად და გააფრთხილებს, რომ არავის არასდროს აჩვენოს თავშესაფარი და სიფრთხილე არ მოადუნოს. ამის შემდეგ ის დაემშვიდობება შვილს და მარტო დატოვებს. როგორც კი იანეკი მიხვდება, რომ მამა დაბრუნებას არ აპირებს, დედა კი დატყვევებულია, სანგრიდან გამოსვლას გადაწყვეტს და პარტიზანების ჯგუფს შეუერთდება. მთელი რომანის განმავლობაში იანეკი უსუსურად გრძნობს თავს, სულ ცდილობს, დაამტკიცოს, თითქოს პატარა ბიჭი აღარ არის, მაგრამ ყველაფერი სულ პირიქითაა. ძალიან ბევრ რამეს მედგრად უდგება, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც დაუნდობელ სამყაროში მცხოვრებ ბიჭსაც კი უჩუყებს გულს და ეს რაღაც მუსიკაა. იანეკს ძალიან უყვარს მუსიკა, მევიოლინე ებრალ ბიჭსაც კი გამოისყიდის ერთ ტომარა კარტოფილის საფასურად, რათა მუსიკა დააკვრევინოს, მაგრამ საბოლოოდ, მას არაფერი დასცალდება, ვერ ცხოვრობს ისე, როგორც უნდა... სიცივე ძვალში ატანს, კუჭი შიმშილისგან ხმება, ცხოვრება ამ პირობებში შეუძლებელია და სწორედ აქ იწყებს იანეკი ფიქრს, რა არის ევროპული აღზრდა: მაღალი კულტურა, უნივერსიტეტები, მუსიკა, ხელოვნება თუ ხოცვა, ჟლეტა, ომი, სიცივე და შიმშილი? და მერე მთელი წიგნის განმავლობაში ცდილობს, უპასუხოს ამ შეკითხვებს. აღსანიშნავია ასევე იანეკის შეყვარებულის, ზოსიას ისტორია, რომელსაც ჯაშუშობა უწევს _ გერმანელებს სხეულის სანაცვლოდ კონსერვებსა და კონფიდენციალურ ინფორმაციებს ცინცლავს. ჩემთვის პირადად ყველაზე სევდიანი ყოვლისშემძლე ნადეჟდას ისტორია იყო _ მამაცი მებრძოლის ამბავი, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი დაბრკოლება და რომელიც გაუბედურებული და მშიერი პოლონელი ხალხისთვის გამოიგონეს, გმირი რომ გაჩენილიყო მათ ცნობიერებაში და ვიღაცის იმედი ჰქონოდათ. ზუსტად ეს გმირი შეიყვარა იანეკმა და თავი დააჯერა, თითქოს ყველაზე გაბედული, ყოჩაღი და ძლიერი ნადეჟდა შეიძლება მამამისიც ყოფილიყო. საბოლოოდ იანეკი ახერხებს ჰეროიკული ქმედების ჩადენას, მაგრამ ხვდება, რომ ისეთი ამაყი და ყოჩაღი ვერ არის, როგორც წარმოედგინა და მისთვის სრულიად შეუსაბამო და მოულოდნელ ემოციას მიიღებს. სწორედ აქ დაეჭვდება საბოლოოდ მკითხველი, რომ ევროპული აღზრდა ვერ ამართლებს. მაგრამ ამართლებს რომენ გარისეული აღზრდა, რომენ გარის წიგნებით აღზრდა, სადაც შევხვდებით უამრავ სევდიან და საინტერესო პერსონაჟს, დაწყებული მომოთი და დამთავრებული ცამეტი წლის იანეკით, რომელიც მუსიკის ხმაზე საკუთარ თავს კარგავს და თავდავიწყებას მიეცემა ხოლმე, რომელიც ვეღარ ხვდება, როგორ გადის დრო მუსიკის ფონზე. მეც იმედს ვიტოვებ, რომ რომან გარისეული აღზრდა ამით არ დამთავრება და კიდევ ბევრ ევროპულ რომანს ვიხილავთ ქართულ ენაზე.  

მიმოხილვები და კომენტარები:

13 .90 ¢
ან შეიძინეთ 139 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 13.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი

ახალი
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა

მალე
იზაბელ ალიენდე

სულების სახლი

00. 00 ¢
მალე
იზაბელ ალიენდე

სულების სახლი