ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

ანას მომენტი

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 216
ფორმატი: 10.50 X 16.00
ISBN: 9789941238024

გაზიარება

ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, ასევე, პოლიციელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება. მცირე რომანი „ანას მომენტი“, ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.
მარი ბექაური ახალგაზრდა ავტორია, რომლის რომანებსაც მკითხველი უკვე იცნობს. მისი მოთხრობები შვიდჯერ შევიდა ყოველწლიურ კრებულში „წლის 15 საუკეთესო მოთხრობა“. ავტორს რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. ოთხი მოთხრობა ექვს ენაზეა თარგმნილი, 2015 წელს კი მწერალი მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტში „The Novel of the World“.

რეცენზია

05 მაისი 2017

მარი ბექაურის მომენტი

თუ უცხოური წიგნების ბაზარს გადაავლებთ თვალს და შეხედავთ წიგნების ონლაინ მაღაზიებს, დაინახავთ, რომ ბესტსელერების სიაში ყოველთვის ჟანრული წიგნები ჭარბობს. მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ჟანრული ლიტერატურა ძალიან დაფასებული და წინ წამოწეულია, იწერება უამრავი ისტორიული ჟანრის წიგნი, ხარისხიანად და უხარისხოდაც, იწერება საშინელებათა ჟანრის წიგნები, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, სასიყვარულო ჟანრის მარტივზე მარტივი რომანები, დეტექტივები, თრილერი, მისტიკა და მთელი მსოფლიოს მკითხველი დიდი ინტერესით ელოდება ამ წიგნებს. მათ ერთი უცნაურობა ახასიათებს - ისინი ხელიდან ხელში ძალიან მარტივად გადადის. ჟანრული ლიტერატურის ავტორები უფრო მალე ახერხებენ პოპულარობის მოპოვებას და, თავის მხრივ, ის მკითხველი, რომელიც ჟანრული ლიტერატურით იწყებს კითხვას, ეჩვევა წიგნთან ურთიერთობას და ხვდება, რომ ლიტერატურა არ არის მაინცდამაინც ხუთასგვერდიანი ისტორია კუზიანი კვაზიმოდოსი და ასგვერდიანი აღწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სვეტებისა და მისთვის წიგნი ისეთივე მოხმარების საგნად იქცევა, როგორც ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილურები. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჟანრულ ლიტერატურას ფეხის მოკიდება რატომღაც ძალიან გაუჭირდა. მე ვერ გავიხსენებ ბოლო წლებში დაწერილ ქართულ ისტორიულ რომანს და, ზოგადად, ისიც შესამჩნევია, რომ ქართველი ავტორისთვის ცოტა დამამცირებელიცაა ჟანრული ლიტერატურის ავტორად მონათვლა. ძალზე იშვიათად იწერება ე. წ. ბულვარული - სასიყვარულო  რომანები, რომლებსაც დიდი ხანია მთელს მსოფლიოში დაპყრობილი  აქვთ მკითხველის გულები და, საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ჩემი მარტივი დაკვირვებით, ქართულ ლიტერატურას ძალიან  მოკლე საზღვრებს უწესებს და ვერ სცდება ორას-, ქვა გასკდეს - სამასკაციან მკითხველთა ჯგუფს, რომელიც ძირითადად ლიტერატორებით, მწერლებით და მთარგმნელებით არის შემოფარგლული.  ამ მხრივ მარი ბექაურმა, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და მის შემოქმედებას ფეხდაფეხ  მივყვები, ჟანრობრივად და სტრუქტურულად ძალიან განსხვავებული რომანი შესთავაზა ქართველ მკითხველებს. ავტორის რიგით მეხუთე წიგნი „ანას მომენტი“ სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს შეიცავს (დეტექტივი, თრილერი, მისტიკა), თან ყველაფერი ძალიან ზუსტად და გემოვნებიანად არის გაკეთებული და ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ჟანრულ ლიტერატურას ევალება, რომ ჰქონდეს. წიგნი იკითხება ძალიან სწრაფად და ყველასათვის გასაგები ენით არის აღწერილი მარტივი, თუმცა ძალიან საინტერესო და ჩახლართული ამბავი, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან მწვავე და პრობლემურია. რომანში მოქმედება ჩვენს დროში,  თბილისში ხდება. ახალგაზრდა და ცნობილ ავტორს, ანა ნაკაშიძეს ქალაქის ერთი სკვერში პოულობენ. ქალი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს, არ იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან მოხვდა ამ სკვერში. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არა აქვს და ვარაუდობენ, რომ იგი ძალიან დიდი სტრესის შედეგად მივიდა გონების სრულ გათიშვამდე, თუმცა მას ახსოვს ყველაფერი, თავისი თავისა და საკუთარი  წარსულის გარდა. მიზეზის დადგენას, თუ რამ გამოიწვია ამნეზია, მთავარი პერსონაჟი უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადაჰყავს, საქმეში მარტო ადგილობრივი პოლიცია კი არერთვება, არამედ მთელი მსოფლიო მომართავს ყურადღებას 32 წლის ქართველი მწერლისკენ და საბოლოოდ ქართული ლიტერატურისთვის უცხო და საინტერესო წიგნი გვრჩება ხელში, რომელიც, გარდა იმისა, რომ მკითხველს სასიამოვნოდ გაატარებინებს ერთ  დღეს, ბევრ რამეზე დააფიქრებს.  მარი ბექაური ცდილობს, ამ ფორმით გადმოგვცეს ის, რაც პირადად მას ძალიან აწუხებს და ვერაფრით ივიწყებს ჩვენთვის უპატიებელ წარსულს. იგი თითქოს ცდილობს, გვითხრას, რომ რაღაცების დავიწყება არ შეიძლება და თუკი მსოფლიო არ მოგვისმენს, ანა ნაკაშიძეს უნდა მივბაძოთ. პირადად ჩემთვის ეს წიგნი კიდევ ერთი მიზეზის გამოცაა საინტერესო - მარი ბექაურმა მოახერხა, შეექმნა არა მარტო საინტერესო წიგნი, არამედ საინტერესო პერსონაჟი ქალიც, რომელიც ძლიერია,  წერს, არც ქმარზეა დამოკიდებული, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ახერხებს იმას, რის გაკეთებაც ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია - სხვა ადამიანებით მანიპულირება, მათი მოტყუება და თითქმის მთელი სამყაროს ყურადღების მომართვა 32 წლის ქართველი ქალისკენ. მარი ბექაურის ანა სიმართლის დასადგენად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. მას არც ხმის ამოღების ეშინია და არც რადიკალური მოქმედებისა. ალბათ დამერწმუნებით, რომ ამგვარი ქალი ქართული ლიტერატურისთვის ძალიან უცხო და ახალი პერსონაჟია. ასეც რომ არა, რომანი თავიდან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ერთი ადამიანის პირად ტრაგედიაზეა წიგნი, წარსულზე, რომელსაც ვერ ივიწყებს, მაგრამ სიუჟეტი ისე ვითარდება და ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ სცდება ერთი ადამიანის პრობლემას და საყოველთაო ხდება. ყველა დეტალი წინასწარ არის მოფიქრებული. რომანისთვის ამგვარი სახე რომ მიეცა, ავტორმა ბევრი იმუშავა, ყველა დეტალი წინასწარ გათვალა და დაამუშავა.  ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მე, როგორც მკითხველი, მივესალმები ამ სახის ექსპერიმენტებს და ვისურვებდი, რომ ავტორმა  მუდმივად განაახლოს თავისი შემოქმედება. მიხარია, რომ ეს წიგნის არსებობს, წიგნი, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს უნივერსიტეტის პროფესორს, იმავე უნივერსიტეტის სტუდენტს და უბრალო დიასახლისსაც და ის სამივე ტიპის მკითხველისთვის ერთნაირად  საინტერესო იქნება, თქვენ კი, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, გირჩევთ, დატკბეთ მარი ბექაურის მომენტით - ამგვარი სიახლეებით ქართველი მკითხველები არ ვართ განებივრებული.

01 მაისი 2017

შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს - მარი ბექაური საკუთარ წიგნზე

შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს                                                                  მარი ბექაური საკუთარ წიგნზე                      ისეთი თავხედი არ გეგონოთ, საკუთარ წიგნზე რეცენზია დავწერო. ამისთვის არც ამპარტავნება მეყოფა და არც ამბიციები. უბრალოდ, ახალ წიგნს, რომელსაც „ანას მომენტი“ ჰქვია, წარსული აქვს - ამბავი, რომელმაც მისი დაწერა მაიძულა და მინდა, ამ  ამბავს თქვენც მოგიყვეთ...     ორი წლის წინ ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი, „რუსულის გაკვეთილები“ ვნახე. რუსეთი ჩემთვის სენსიტიური თემაა და ორმაგად სენსიტიური იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს პირადად შეეხო. ფილმი, სხვა დანარჩენთან ერთად, მსოფლიო მედიის მიერ არასწორად გაშუქებულ ფაქტებსაც ასახავდა. მათ შორის იყო BBC-ს რეპორტაჟი აგვისტოს ომის შესახებ, სადაც ქართველი მომაკვდავი ქალი ქართველი ჯარისკაცების მიერ დაჭრილ ადგილობრივ ოსად ჰყავდათ გამოყვანილი.     სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვისწავლე, რომ სიმართლე ხშირ შემთხვევაში არის ის, რაც ხელს აძლევთ და არა ის, რაც არის. მოკლედ, ბევრი ვინერვიულე, ცოფები ვყარე, ღამეები ვათენე და ბოლოს BBC-ს წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, რომ მათი რეპორტაჟი თავიდან ბოლომდე სიცრუეს წარმოადგენს და რომ უბრალო ხალხის ხმა არ ისმის, რადგან სიმართლე არავის აინტერესებს.      რა თქმა უნდა, პასუხი არ მომსვლია. არც ველოდი. თუმცა, ამბავი მეხსიერებაში დარჩა და დარჩა.     რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს გონებაში პერსონაჟი გაჩნდა: ქალი, ახალგაზრდა, წარმატებული. მოულოდნელად პირადი წარსული ავიწყდება. გამოკვლევები ტვინის შესაბამის უბნებზე ცვლილებას არ აჩვენებს. იტყუება ეს ქალი? თუ ამნეზიის იშვიათი ფორმა - რეტროგრადული ამნეზია სჭირს, რომელიც ფსიქიკური აშლილობითაა გამოწვეული?     რა ხდება?     ამაზე პასუხი თავიდან მე თვითონ არ ვიცოდი. კიდევ რამდენიმე თვეს უნდა გაევლო, რომ აპრილის ერთ მზიან დღეს ლეპტოპს მივჯდომოდი და პირველი გვერდი ამეკრიფა.     ზუსტად ასე მოხდა, და მერე საკუთარმა წიგნმა ჩამითრია. ყოველდღე ერთ თავს ვწერდი. თავიდან ჩაფიქრებული მქონდა, რომ ამ ქალის რეტროგრადული ამნეზია (ან ამნეზიის თამაში) მის ქმართან ყოფილიყო დაკავშირებული. მხოლოდ ხუთი თავის დაწერის შემდეგ მომაფიქრდა სიუჟეტის ისეთი განვითარება, როგორიც ახლაა.      მეექვსე თავის დასაწერად ვემზადებოდი, როცა მოულოდნელად BBC-სა და ჩემი წერილის ამბავი გამახსენდა და მთავარ გმირსა და ამ ამბავს შორის კავშირი დავიჭირე. ტვინში „ბუმ“ მოხდა. მომდევნო საათების მანძილზე ათ კვადრატულ მეტრ ოთახში ორმოცი კილომეტრი მაინც გავიარე (ფიქრისას ყოველთვის წინ და უკან დავდივარ) და საღამოს უკვე ზუსტად ვიცოდი მთელი წიგნის მონახაზი, ყველა პერსონაჟი, მათი განვითარება და წიგნის დასასრული.     მაისის შუა რიცხვებში ავად გავხდი და იძულებული ვიყავი, წერა შემეწყვიტა. არადა ნახევარზე მეტი უკვე დაწერილი მქონდა. მერე კი თითქოს განწყობა დავკარგე და წიგნთან მიბრუნება გამიჭირდა.     ნოემბრის მიწურულს გამომცემლობაში ვიყავი რაღაც საქმეზე. გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა საუბრისას მკითხა, რამე  ახალი ხომ არ გაქვსო. „ანას მომენტზე“ მაშინ ვუთხარი. მთხოვა, ნაწერი მიჩვენეო და სახლში რომ დავბრუნდი, გავუგზავნე. მოულოდნელად, იმავე ღამეს თინასგან წერილი მივიღე. მწერდა, წავიკითხე და წიგნი სასწრაფოდ დაამთავრეო.       მეორე დღესვე გავჩნდი გამომცემლობაში  და თინას ვუხსნიდი, „ანას მომენტი“ - სტილი, ჟანრი, თხრობის მანერა, ამბავი, სიუჟეტი - საერთოდ არ ჰგავს იმას, რასაც აქამდე ვწერდი და არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ან რამდენად ღირს-მეთქი.     თინამ დამარწმუნა, წერა გამეგრძელებინა. თუმცა, კვლავ ეჭვები მღრღნიდა.     და მერე მოხდა ალეპო. ერთ კვირაზე მეტ ხანს არ მიჭამია, არ მეძინა, თვალებს როგორც კი ვხუჭავდი, იმ კაცს ვხედავდი, მკვდარ შვილებს გულში რომ იხუტებდა და ბავშვები ჰგავდნენ ცვილის თოჯინებს და მახსენდებოდა ნიკა ბრეგვაძის ნათქვამი: „შენ მართლა გგონია, რომ სიმართლე ვინმეს ადარდებს? თუ მაინცდამაინც გინდა, შენს წიგნში სამართალი აღსრულდეს, მაშინ გააკეთებინე ეს უბრალო ხალხს და არა ბრიტანეთის სასამართლოს ან სახელმწიფოს მესვეურებს, რადგან რეალობა სასტიკია და ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ“.     სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ წიგნს აუცილებლად დავასრულებდი და წიგნში მოყოლილი იქნებოდა იმ ადამიანების ამბავი, რომლებსაც არ უსმენენ და შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს იმისთვის, რომ სხვები აიძულოს, მოუსმინონ.     წიგნში სენტიმენტების ნასახსაც ვერ ნახავთ. ალბათ, ცივი და სასტიკიც მოგეჩვენებათ, მაგრამ, რას ვიზამთ, ასეთია რეალობა: მსოფლიოს ერთ ნაწილში მკვდარი ბავშვები ცვილის თოჯინებს ჰგვანან, მეორე ნაწილში კი მათ თვალს გულგრილად არიდებენ, რადგან ნავთობი ადამიანის სიცოცხლეზე ბევრად ძვირი ღირს.  

მიმოხილვები და კომენტარები:

11 .90 ¢
ან შეიძინეთ 119 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 11.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას