საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

ბლოგი

ვერც მოვა 02 ივლისი 2019

ვერც მოვა

გაგრძელებები იშვიათად ამართლებს. ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ამბებს, გაუთავებლად. ერთს წავიწუწუნებთ, არ გაამართლაო, და ვაგრძელებთ. როგორც ჩანს, მაინც ამართლებს. „მილენიუმის საგას“ საქმეც ასეა. ჯერ სტიგ ლარსონი წერდა - და იყო შესანიშნავი. მერე ეს ავტორი გარდაიცვალა (ეს ამბავი წავიკითხე, თორემ ასეთი უმსგავსობა აზრადაც არ მომივიდოდა!) და მესამე ნაწილი მისმა მეუღლემ, რედაქტორმა, გამომცემელმა და კიდევ ასმა ადამიანმა ერთად დაასრულა, როგორც ამბობენ, თავად ლარსონის დატოვებული ჩანაწერების საფუძველზე. რაც არ ვიცი, არ ვიცი. ურიგო ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, მწერლების ქვრივები, ზოგადად, ცოტა არასანდო ხალხი მგონია. მერე კი გამოჩნდა დევიდ ლაგერკრანცი. რომელსაც მწერალი და კრიმინალისტი და, საერთოდ, არაჩვეულებრივი კაცი ყოფილა. „მილენიუმის საგას“ გამომცემლობის და მისი წყალობით ისევ შევხვდი ლიზბეთ სალანდერს („გოგონა ობობას ქსელში“), და აი, ავტორთან ერთად - საოცარი ამბავია! - ლიზბეთიც შეიცვალა. ბევრი სხვა რამეც შეიცვალა, მაგრამ ლიზბეთი - განსაკუთრებით. ამ ახალი წიგნის სათაურია „გოგონა, რომელიც ყველას უხდის სამაგიეროს“. თუკი ჩემსავით სულმოუთქმელად წაიკითხეთ ყველა აქამდე გამოსული ტომი, აუცილებლად იფიქრებთ - ან იმედი გექნებათ; მე ნამდვილად მქონდა, - რომ ლიზბეთი, ბოლოს და ბოლოს, ბოთე მიქაელ ბლუმკვისტსაც გადაუხდის სამაგიეროს, თუნდაც იმისთვის, რომ ბოთეა. სპოილერის სახით გულს მოგიკლავთ და გეტყვით, რომ არა. მეტსაც მოგახსენებთ: ლიზბეთი, რაღაცნაირად, დავარცხნილია. ამის გამო ნაკლებად სიმპათიური არ გამხდარა. ალბათ, გაიზარდა, სხვა თუ არაფერი, დიდი დრო გავიდა უკვე, მაგრამ მე მაინც გული დამწყდა. სამაგიეროდ, გაიცნობთ მრავალ ახალ არამზადას, თავს ამოყოფთ ქალების ციხის ნამდვილ ჯოჯოხეთში, ერთ სასიყვარულო ამბავსაც ეზიარებით და, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჰაკერების სამყარო... ო, ჰაკერების სამყარო სულ სხვა ამბავია! წიგნში უხვადაა დევნა, სროლა, ჩხუბი, გამოუვალი მდგომარეობები. თუ დეტექტივების ტრფიალი ბრძანდებით და უკვე იცნობთ ლიზბეთ სალანდერს - ვფიქრობ, სწორედ ასეა, - მაშინ თქმა არ გჭირდებათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცოტას ინერვიულებთ, მაგრამ ისეც არა, რომ კიდევ ერთი გაგრძელება არ წაიკითხოთ. გაგრძელება კი, ალბათ, იქნება. ვინ გააგრძელებს, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ გაუჭირდება: ნებისმიერი მწერლის განკარგულებაში ისეთი პერსონაჟები არიან, კიდევ არაერთი ამბის წაკითხვას შევძლებთ. კი, ვიწუწუნებთ, როგორც ახლა ვიწუწუნე, „გოგონა, რომელიც  ყველას უხდის სამაგიეროს“ პირველ წიგნთან ვერც მოვაო, მაგრამ მაინც წავიკითხავთ. სტიგ ლარსონს ეს „მილენიუმის საგა“ მართლა კარგი პროექტი გამოუვიდა.

ხულიო კორტასარის სასტიკი რეალიზმი 07 მაისი 2018

ხულიო კორტასარის სასტიკი რეალიზმი

„იგი სხვა ქალებთან ერთად მხეცურად აწამეს. გადარჩენილები იმავე, შობის ღამეს დახვრიტეს. მათ შორის ჩემი ქალიშვილიც იყო.“      ეს არის ამონარიდი ლაურა ბეატრის ბონაპარტე ბრუშტეინის წერილიდან, რომელიც მან გაზეთში დაბეჭდა. ეს არის ამონარიდი იმ ქალის წერილიდან, რომელმაც მკვლელობის მუხლით აღძრა საქმე არგენტინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასამართლო არ შემდგარა. სამაგიეროდ, ამ ამბიდან მალევე ბუენოს-აირესის ქუჩაში პოლიციამ მოკლა ლაურას ქალიშვილის საქმრო. მოკლეს ლაურას ქმარი. ჯარისა და პოლიციის გაერთიანებულმა ძალებმა გაიტაცეს ლაურას მეორე ქალიშვილი და მისი ქმარი.     ლაურა ბრუშტეინის ტრაგიკული ისტორია აღწერილია მოთხრობაში „გაზეთის ნაგლეჯები“ და ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ ძალადობის ისტორიებიდან, რომლითაც სავსეა ეს წიგნი. ხულიო კორტასარის ოთხტომეულის ბოლო, მეოთხე კრებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისადმი ჩადენილ ძალადობაზე, ჩაგვრაზე, წამებაზე და მკვლელობებზეა. სათაურიც ზუსტად აქვს შერჩეული: „იქ და ახლა“.     არგენტინიდან პარიზში გაქცეული კორტასარი თავის სამშობლოში მომხდარ სასტიკ ამბებს გვიყვება, დასმენაზე, გაქცეულთა დევნაზე, ფარულ დახვრეტებზე, თავგანწირვასა და მეგობრების დაუნდობელ გაწირვაზე, ყველაფერ იმაზე, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს.      „იქ და ახლა“ კორტასარის სხვანაირი წიგნია - დაცლილი არგენტინელი ავტორის მაგიისგან, აბსურდის ელემენტებისგან, პოეზიისგან, რაც ზოგადად სამხრეთულ პროზას ახასიათებს, და პირიქით - სავსეა უიმედობით, ტრაგიკული დასასრულის მოლოდინით, მუდმივი დაძაბულობით, გაუგონარი დაუნდობლობით, რომელსაც წიგნის პერსონაჟები რაღაცნაირად - მარტივად სჩადიან, თითქოს ეს ყველაფერი ყოველდღიური და ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. „იქ და ახლა“ არა მაგიური რეალიზმის, არამედ სასტიკი რეალიზმის ნიმუშია.     და მაინც, ყველაზე გასაოცარი (და ალბათ, ტრაგიკულიც) მთელ ამ ამბავში გადარჩენის რწმენაა, რწმენა, რომელიც წიგნის პერსონაჟებს, გარემოსა და რეალობის მიუხედავად, მაინც აქვთ და რაღაცით აკვიატებასაც კი ჰგავს. ეს ჰგავს ბეწვის ხიდზე შედგომას, როცა ხედავ, რომ ხიდის ქვეშ მდინარე კი არ მიედინება, არამედ ალესილი დანები აწყვია, რომ ხიდი აღარც კი არსებობს, ჩამწყდარია, და შენ მაინც იწყებ სვლას  - ბოლომდე გაღწევის იმედით. ასეთი აკვიატებული, ჯიუტი რწმენა მხოლოდ სამხრეთელს თუ ექნება.     საინტერესოა, რომ კრებულში შესული თითქმის ყველა მოთხრობა პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი (როგორიცაა „გაზეთის ნაგლეჯები“, „სატარსა“ და „კოშმარები“) თავისუფლად შეგვიძლია კორტასარის საუკეთესო მოთხრობებს მივაკუთვნოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც „სატარსაა“ - დიდი ბრძოლა ვირთხებთან („შურისძიება ყველას გვწყურია, ზოგს სამხედროებზე, ზოგს ვირთხებზე. ასეთ დროს გონიერების შენარჩუნება ადვილი არ არის“), სადაც კორტასარი ჩვეულ სცენას გაათამაშებს - ბედისწერის, გაქცევის, დამთხვევების, აკვიატებების, დევნის. მოთხრობის მთავარ გმირს, ლოსანოსაც ხომ ასე მოსწონს სიტყვებით თამაში...     „რაც ადამიანი შეიქმნა, ყველაფრიდან ზნეობრიობა ჟონავს, კარგი აბელი და ცუდი კაენი, როგორც ძველ კოვბოურ ფილმებშია“, - ამბობს ერთგან ლოსანო.     „კაენის მოდგმავ, ოჯახი შენი ათრიე გზებზე სისხლმოწამლული“, - გაეპასუხება ცოლი, ლაურა.     „ვიდრემდე შვილებს ვირთხები არ დაგიღრღნიან“, - ასრულებს ლოსანო და უკანასკნელ ბრძოლას იწყებს ვირთხებთან (და უფრო სწორად - სატარსასთან, რომელიც იქნებ არის კიდეც ლოსანოს „მობი დიკი“).

კალვინოს რთული თამაში 07 მაისი 2018

კალვინოს რთული თამაში

იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ არის რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟიც შენ ხარ, მკითხველი, ადამიანი, რომელიც ამ წიგნს გადაშლი და პირველივე გვერდებზე ამოიკითხავ, რომ ზამთრის ღამის მოგზაური საკუთარ თავს, უბრალოდ, „მეს“ უწოდებს; რომ სახელი არ აქვს წიგნის იმ პერსონაჟსაც, რომელიც მთელ ამ აბურდულ და დანაწევრებულ ამბავს მოგვითხრობს, და უფრო მეტიც - ის პირდაპირ გვეუბნება, რომ შენ (მკითხველი) წიგნის ნაწილი ხარ, შენ ხარ ის, ვინც ეს გაბნეული ისტორიები უნდა შეაკოწიწოს, და რომ „კითხვა პროცესია, რომელსაც ობიექტი არ გააჩნია.“ „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ პირველი თავია, პირველი ამბავი მატარებლის სადგურზე აღმოჩენილი კაცისა, რომელსაც წიგნში მოთხრობილ სხვა ამბებთან კავშირი არ აქვს. მოგვიანებით თქვენ შეგხვდებათ დაბა მალბორკის შემოგარენში; უფსკრული, სადაც ჩრდილები მუქდებიან; გადახლართული და ურთიერთგადამკვეთი ხაზების ქსელები - სხვადასხვა ისტორია სხვადასხვა დროსა და სივრცეში (და, სხვათა შორის, დროის და სივრცის საკითხს კალვინო წიგნში რამდენჯერმე წამოჭრის), რომლებსაც საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ გარწმუნებენ: „ნებისმიერი ამბის არსს ორი მხარე აქვს: სიცოცხლის გაგრძელება და სიკვდილის გარდაუვალობა.“ რომანის ძირითადი სიუჟეტური ხაზი თითქოს გამქრალი და აკრძალული წიგნების ძებნის, მათ ავტორთა დადგენის, წიგნების ფალსიფიკაციის, მკითხველი კაცისა და მკითხველი ქალის უცნაური სასიყვარულო ურთიერთობის გარშემო ვითარდება. თუმცა, როცა იტალო კალვინოს ამ წიგნზე საუბრობ, ძნელია გადაჭრით თქვა, რაზე და ვისზეა წიგნი. ავტორს გამუდმებით ჩიხში შეყავხარ. თავიდან მთავარი პერსონაჟი ლუდმილა გგონია - მკითხველი ქალი, რომელზეც ამბის მთხრობელია შეყვარებული. შემდეგ - ფალსიფიკატორი მარანა, მთელ მსოფლიოში მოდებული ქსელით. მოგვიანებით გიჩნდება ეჭვი, რომ ლუდმილას და მარანას ისტორიებს ავტორი იმისთვის გიყვებოდა, შემოქმედებით კრიზისში მყოფი ირლანდიელი მწერლის, სილას ფლანერის უჩვეულო შემთხვევამდე მიეყვანე. თუმცა, გაიგებ ფლანერის ამბავსაც და ხვდები, რომ ეს გამუდმებული დევნაა, დაუსრულებელი ძიება, რომელშიც მკითხველიც პერსონაჟივითაა ჩართული და რომელსაც, ღმერთმა უწყის, ექნება თუ არა დასასრული. იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ რთული თამაშია, თხრობის, ენის თუ სტილის თვალსაზრისით. ჩახლართული ამბების ჯაჭვი, სადაც გასაღები ამბების არსია და არა მსგავსება ფორმაში. ასეთ იმპროვიზაციას ლიტერატურული თამაშების ღმერთთან, ხულიო კორტასართანაც კი ვერ შეხვდებით. წიგნი მეტარომანად, ჰიპერრომანად შეაფასეს და ის მართლაც უნიკალური პოსტმოდერნული რომანია, სრულიად უჩვეულო იტალო კალვინოსთვისაც კი, რომელმაც იტალიურ პოსტმოდერნულ პროზას დაუდო სათავე. ასე რომ, „შეპყრობილ მკითხველებს“ და მაძიებლებს წინ დიდი პარტია გელით, ქაოსური და ჩამთრევი, პარტია, რომლის გამოტოვებაც უბრალოდ დაუშვებელია.

 ამბავი ადამიანზე, რომელიც ჯერ კაცი იყო და მერე - ქალი 07 მაისი 2018

ამბავი ადამიანზე, რომელიც ჯერ კაცი იყო და მერე - ქალი

    „ორლანდო“ მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის და ქალ მწერლებში ლამის ღმერთად აღიარებული ვირჯინია ვულფის ფანტასმაგორიული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი სამ საუკუნეს ცხოვრობს. წიგნის პირველ ნახევარში ორლანდო ბიჭია - ბუნებისა და ქალების მოტრფიალე, მე-ზე ორიენტირებული და პოეზიაზე შეყვარებული, ბიჭი, რომლის ლამაზი ფეხებიც ქალებს გონებას აკარგვინებს, დედოფალს კი ტვინში სამუდამოდ ებეჭდება. ორლანდო კარგად ირგებს დედოფლის აღტაცებასაც და ქალების სიყვარულსაც, სანამ რუსი მოღალატე გოგონა არ შეუყვარდება. დიდი იმედგაცრუებისა და შინაგანი ტანჯვის შემდეგ მთავარი პერსონაჟი ლეთარგიულ ძილში იძირება. მკითხველი გრძნობს, რომ ორლანდოს გამოღვიძება აუცილებლად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება, მაგრამ არ იცის, როგორი იქნება „ახალი ორლანდო“. ენერგიით სავსე მებრძოლი კაცი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ღალატი მოინელა და მზადაა, საგმირო საქმეები ჩაიდინოს? თუ პირიქით, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი, რომლისთვისაც აღარაფერს აქვს მნიშვნელობა?