Image Alt

სიტყვიერი ჯემსეიშენი უინსტრუმენტოდ

გაუზავებლად

სიტყვიერი ჯემსეიშენი უინსტრუმენტოდ

ბიძინა მაყაშვილი

ხშირად მითქვამს ამა თუ იმ მუსიკოსზე, რომ მის შესახებ კი არ უნდა იკითხო, არამედ უნდა მოუსმინო-მეთქი. კახა თოლორდავას წიგნი „გაუზავებლად” კი სწორედ ის შემთხვევაა, როცა მუსიკოსებზე კითხვა ისეთივე სიამოვნებას განიჭებს, როგორც მათი მოსმენა.
პლანეტარული მნიშვნელობის გენიოსებთან საუბრისას კახამ ისე მოახერხა მათი გახსნა, რომ ისინი დაუბრკოლებლად შემოდიან თქვენს ბინებში, სამუშაო კაბინეტებში, გონებაში და გიზიარებენ საკუთარ შეხედულებებს მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ცხოვრებაზე…
წიგნი ავსტრიელი ჯო ზავინულის წინადადებით იწყება: „მე ყოველთვის სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდი” და მთავრდება ამერიკელი ჰერბი ჰენკოკის სიტყვებით _ აი, ამიტომ არის ჯაზი მნიშვნელოვანიო. ამ ორ ფრაზას შორის კი 300-ზე მეტი გვერდია, რომლებიც შევსებულია 31 მუსიკოსის გულწრფელი აღიარებით: ისინი დაუფარვად უტყდებიან მკითხველს მუსიკის მიმართ სიყვარულში.
იცით, როგორ მუშაობდა კახა ამ წიგნზე?
ზუსტად ისე, როგორც თავის სატელევიზო პროექტზე – „უცნობი მუსიკა”, რომელშიც ქათული ტელესივრცისთვის სრულიად მოულოდნელ სტუმრებს შეხვდებოდით და სრულიად მოულოდნელ კონცერტებს დაესწრებოდით…
ზუსტად ისე, როგორც თავის რადიოგადაცემზე, რომელშიც ისეთი მუსიკა ჟღერს, რომლის მსგავსს ქართულ ეთერში ვერ მოისმენთ…
ზუსტად ისე, როგორც თავის როლზე სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”, რომელშიც მაქსიმალური სრულყოფილებით წარმოგვიდგინა ვაკელი ფილოსოფოსის კომიკური სახე.
კახა ფილოსოფოსი არ არის. ის ინტელექტუალია. სანამ თავისი წიგნის გმირებს შეხვდებოდა, ის ეცნობოდა მათ ყველა ჩანაწერს, ყველა ინტერვიუს, სხვების აზრს მათ შესახებ. გაივლიდა მათ ცხოვრებას, მოირგებდა მათ ტყავს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდებოდა მათთან სასაუბროდ. და ეს არასდროს არ ყოფილა კლასიკური კითხვა-პასუხი. ეს ყოველთვის იყო ინტელექტუალების სიტყვიერი ჯემსეიშენი ინსტრუმენტების თანხლების გარეშე.
იცით, როგორ მუშაობდა კახა ამ წიგნზე? ძალიან კარგად. სხვანაირად ერთი კვირის განმავლობაში არ დაასახელებდნენ ორი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მოკლე სიაში.