Image Alt

ბერძნული ცივილიზაცია – ნიკოლოზ ალექსიძის ბლოგი

ბლოგის-ქავერი---ბერძნული

ბერძნული ცივილიზაცია – ნიკოლოზ ალექსიძის ბლოგი

ნიკოლოზ ალექსიძე

რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე ტომი ასრულებს და კრავს თავგადასავალს, რომელიც დაიწყო მინოსური კულტურით, გაგრძელდა ჰომეროსითა და ლირიკული ფორმების ჩამოყალიბებით, ერთგვარ კულმინაციას მიაღწია ათენის პოლისითა და ათენელების მიერ შექმნილი ინტელექტუალური და ლიტერატურული სასწაულით, სადაც ერთ საუკუნეში და 50 კვადრატულ კილომეტრში თანაცხოვრობენ სოფოკლე და სოკრატე, პლატონი და ევრიპიდე, პერიკლე და ესქილე, არისტოტელე და არისტოფანე. ამ ყოველივეს კი მოყვა ალექსანდრე მაკედონელის კატაკლიზმური ლაშქრობა და თითქოს დიდი დაღმასვლაც, რის მერეც უკვე ყოველივე ახალი მივიწყებული ძველი იყო. თითქოს ახალი პლატონი არ დაბადებულა და მხოლოდ პლატონის „კომენტატორებიღა“ დარჩნენ, არც ახალი ჰომეროსი ჩანდა და მხოლოდ ჰომეროსის მიმბაძველების ამარაღა დარჩა ბერძნული ცივილიზაცია.

რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე ტომის ყველაზე დიდი დამსახურება ამ დამოკიდებულების სრულ სიმცდარეში მკითხველის დარწმუნებაა. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც დაცილებულია ჩვენგან მეხუთე საუკუნის ათენი, იმდენადვე ახლოსაა ელინისტური და გვიანანტიკური სამყაროები ჩვენსავე დროსთან. ბევრი თანამედროვე პოლიტიკური ინსტიტუციის, ფილოსოფიური იდეის თუ მეცნიერული მეთოდის საფუძვლების გააზრება შეუძლებელია ელინისტური და ადრე რომაული ცივილიზაციის ცოდნის გარეშე. ელინისტური ხანა გასცდა ელინური ცივილიზაციის ერთგვარ მონოეთნიკურ ქედმაღლობას. ამ დროს ეგვიპტური, სპარსული, ანატოლიური, ინდური, ბერძნული, რომაული ცივილიზაციები, ფორმები და იდეები ირეოდა ერთმანეთში და ამ არევით საფუძველს უდებდა თანამედროვე სამყაროს თავისი ეკუმენიზმით, კოსმოპოლიტიზმითა და ინტელექტუალური სითამამით.

ბევრმა ელინისტურმა მოაზროვნემ იმდენად გაუსწრო თავის დროს, რომ მათ აღმოჩენასა და დაფასებას ათობით საუკუნე დასჭირდა. რისმაგ გორდეზიანის წიგნში გაიცნობთ, მაგალითად, პოლიბიოსს, შერეული კონსტიტუციისა და ძალაუფლების კონსტიტუციური გადანაწილების პირველ თეორეტიკოსს, რომლის კითხვამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ამერიკის „დამფუძნებელ მამებზე“.

ელინისტურ ხანაშივე შეხვდებით ერთ უცნაურ პოეტს, სიმიას როდოსელს, რომელმაც მიაგნო ისეთ პოეტურ ფორმას, რომელიც მხოლოდ ორი ათასზე მეტი წლის შემდგომ აღმოაჩინა ფრანგმა სიმბოლისტმა, გიომ აპოლინერმა და „კალიგრამია“ უწოდა.

რისმაგ გორდეზიანის წიგნში ნახავთ, თუ როგორ ჩაისახა მეცნიერული ფილოლოგია ჰომეროსის ტექსტებზე კირკიტით და გაიცნობთ ლეგენდარულ გამომგონებელს, ჰერონ ალექსანდრიელს, რომელსაც ორთქლის ძრავისა და პირველი გასაყიდი აპარატის გამოგონებაც კი მიეწერება.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი, ამ წიგნიდან შეიტყობთ, ელინისტური და გვიანანტიკური სამყაროს ღიაობის, იდეებისა და მიგნებების, თავისუფლების შეცნობისა და ერთგვარი ინტელექტუალური თავმდაბლობის ამბავს. გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება ტრადიციამ გაამდიდროს, მაგრამ არ დაამძიმოს შემოქმედებითობა. როგორ შეიძლება არ მიიღო, მაგრამ დააფასო სხვისი რწმენა და ამ რწმენაში ინტელექტუალურად ღირებული აღმოაჩინო. ამბის გააზრება ხშირად მხოლოდ ამ ამბის დასასრულითაა შესაძლებელი. ანტიკურობაც, როგორც ამბავი და როგორც იდეა, მისი დასასრულით შეიცნობა. აქ კი გაიცნობთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დასასრულში მონაწილეობდნენ, თავადაც ჰქონდათ გააზრებული და თავის ხელოვნებაში, სიტყვასა თუ აზრში გადმოსცემდნენ ამ დასასრულის ტრაგიკულ მშვენიერებას.