Image Alt

სალმან რუშდის ათას ერთი ღამე

ორი-წელი-რვა-თვე-და-ოცდარვა-ღამე

სალმან რუშდის ათას ერთი ღამე

ავტორი: მარი ბექაური

 

აქ ნებისმიერი ამბავი ორ წელს, რვა თვესა და ოცდარვა ღამეს გრძელდება – ათას ერთ ღამეს და ყველა ამბავში ისეა შერწყმული რეალური და ირეალური,რომ გარკვეულ მომენტებში წიგნში მოთხრობილ ათასწლოვან ჯადოსნობებს მართლა იჯერებ, თითქოს ჯინების ისტორია შუა საუკუნეებისა და დღევანდელობის ნამდვილი ისტორია იყოს.

წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად ითვლება (როგორც მაგიური რეალიზმის დიდი თაყვანისმცემელი, ვთვლი, რომ სრულიად სამართლიანად). მის წიგნებში ხშირად ვხვდებით აღმოსავლეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობრივ კავშირს, ადამიანის უმეცრებისა და წესებისადმი ბრმა მორჩილების, მისი უგუნურობის პრობლემას და ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც ახალი რომანი წარმოადგენს.

„ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ მაგიურ ამბებს მოგვითხრობს, ტერეზა საკას მეხთატყორცნის უჩვეულო ძალიდან დაწყებული, ჰაერში მოლივლივე ჯერონიმო მანეზესის ისტორიით დამთავრებული.

ეს ჯინების დედამიწაზე ჩამოსვლისა და ადამიანების წინააღმდეგ წამოწყებული ომის ამბავია. ამბავი მოკვდავ ადამიანზე, ფილოსოფოს იბნ რუშდზე შეყვარებული ჯინების პრინცესისა, რომელიც ათასწლეულის შემდეგ მიწაზე უნდა დაბრუნდეს, მთელს დედამიწაზე გაფანტული თავისი შთამომავლობა შეკრიბოს და ადამიანების დასაცავად, თავისივე ხალხს (უფრო სწორად, ჯინებს) დაუპირისპირდეს.

ომი, რომელიც ათას ერთ ღამეს გრძელდება და მოგვიანებით „უცნაურობათა ხანად“ უნდა მოინათლოს, სამყაროს აბსურდულად აქცევს და კაცობრიობის წესებსა და კანონებს თავდაყირა აყენებს. წესრიგს ქაოსი ანაცვლებს. ყველგან ძალმომრეობა, სიავე და სიხარბე იჩენს თავს.ხოლო უცნაურობათა ხანის დასასრულს მებაღე ჯერონიმო მანეზესის გონებაში ლოგიკურად ჩნდება ფიქრი, რომ ის, რაც ადამიანებს ჯინებში ბოროტად და საზარლად ეჩვენებათ, სინამდვილეში მათივე საზარელი თვისებების ანარეკლს წარმოადგენს, რომ უკვდავი და მოკვდავი არსებების ომი ძალიან ჰგავს ადამიანის შინაგან ჭიდილს, ბრძოლას საკუთარ უგუნურ, გარყვნილ და სასტიკ ბუნებასთან. ალბათ, ამიტომაც ხდება, რომ „ადამიანები ხშირად გაურბიან თავიანთი ცხოვრების ჭეშმარიტ ამბავს და დარჩენილ დღეებს ახალი, ხელოვნური ამბის აღმოჩენაში ან შექმნაში ატარებენ.“

ჯინების ომი რაღაცით ბიბლიურ ამბებს ჰგავს დაზღაპარივით იწყება. ფილოსოფოსი ღაზალი საუკუნეების მანძილზე ბოთლში გამომწყვდეულ ჯინსპოულობს და გათავისუფლებისსანაცვლოდ სურვილის შესრულებას სთხოვს. დიდგვაროვანი ჯინი სურვილის მოსმენისთანავე ხვდება, რომ საქმე უბრალო კაცთან არა აქვს. ფილოსოფოსს ღმერთის არსებობის დამტკიცება სურს და ამისთვის ჯინს ავალებს, ადამიანებს ათასი უბედურება დაატეხოს თავს, რათა მიწაზე დატრიალებულმა ქაოსმა და განუკითხაობამ კაცობრიობის ახალ ისტორიას დაუდოს სათავე და შვას ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ყოველგვარი სიავისდამარცხებას მოახერხებს.

წიგნის დახურვისას, მებაღე ჯერონიმოსავით,მკითხველსაც ლოგიკურად უჩნდება კითხვა:იქნებ სალმან რუშდი სინამდვილეში არა ჯადოსნური არსებების, არამედ კაცობრიობის ამბავს გვიყვება?ნების და ნებელობის არმქონე თანამედროვე ადამიანების, რომლებიც ილუზორულ სამყროში არიან გამოკეტილები და თავისუფლების სპექტაკლს თამაშობენ.

ჩვენ, ყველანი, ჩვენივე სოლიფსისტური ნარატივის ტყვეობაში ვცხოვრობთ, როგორც ყველა ოჯახი თავისი ისტორიითაა შეპყრობილი, ყველა საზოგადოება საკუთარ ლეგენდებშია ჩაკეტილი, ყველა ერი ისტორიის კონკრეტული ვერსიის მსხვერპლია და დიახ, მსოფლიოს ახსოვს შემთხვევები, როცა ამბები დარაზმულან და ბრძოლაში ჩართულან, ხშირად ყოფილა, რომ ორ შეუთავსებელ ისტორიას ერთმანეთი დაუხოცავთ ერთი სივრცის დასაპყრობად, ერთსა და იმავე გვერდზე ასამეტყველებლად.

შეიძლება.