საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ბექა ადამაშვილი

ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.

 

დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე,  სარკისათვის - საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის - წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.

 

როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები… ნერვიულობისგან.

 

ტექსტი აღებულია ბლოგიდან doin.ge

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები