Image Alt

არჩილ ქიქოძის სამხრეთი

სამხრეთული-სპილო

არჩილ ქიქოძის სამხრეთი

ავტორი: მარი ბექაური

 

მარო, წაიკითხე „სამხრეთული სპილო“? დაუჯერებლად ნამდვილი წიგნია. გენიალურია, გეფიცები.“ – ჩემი მეგობარი ჯიჯი მწერს ფეისბუქში. არა, ჯერ არ წამიკითხავს. თირკმელი მაწუხებს და ვერ დავდივარ. მაგრამ რადგან ჯიჯი მწერს, უკვე ვიცი, რომ მართლა მაგარი წიგნი დამხვდება. ვეღარ ვითმენ. გამომცემლობას ვთხოვ, წიგნი სახლში გამომიგზავნონ.

მეორე დღეს წიგნი ერთ ზრდილობიან ბიჭს მოაქვს. კარამდე ძლივს მივლასლასებ, წიგნს ვართმევ და რატომღაც, კითხვას მაშინვე არ ვიწყებ. წიგნი სამი დღე მაგიდაზე დევს. ზოგჯერ თვალი გამირბის. რას ველოდები? არ ვიცი. ალბათ, განწყობას.

არჩილ ქიქოძე პირველად ოთხი წლის წინ ვნახე. რაღაც ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება იყო და მისი მოთხრობაც წარედგინათ. ალბათ, მოერიდა და მაგიტომ მოვიდა. მაგას მაშინვე მივხვდი. თავისთვის იჯდა და მთელი ეს სპექტაკლი, თავისი ლამაზი კაბებით და ყალბი ღიმილებით, ფეხებზე ეკიდა. მაგ დღეს გავიცანი. იცით, რაღაცნაირი კაცი იყო. სამხრეთული. გრანდიოზული შთაბეჭდილება დატოვა. ხედავთ, რა სიტყვები ვიხმარე? „გრანდიოზული შთაბეჭდილება“. მაგრამ თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბლოგპოსტი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ბლოგპოსტი არ დაიწყებოდა იმით, რა მომწერა ჯიჯიმ ფეისბუქში.

ქიქოძის ყველაფერი წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ეს კაცი სხვაგანაა. გეფიცებით. მაგრად წერს, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. სულ. არ ვიცი. ეტყობა, „სამხრეთულ სპილოს“ ველოდი.

ჰოდა მეოთხე დღეს წიგნს ვიღებ და კითხვას ვიწყებ. მავიწყდება, რომ ნოტარიუსთან ვარ წასასვლელი. სანამ ბოლოში არ გავალ, ვერ ვეშვები და როცა კითხვას ვამთავრებ, ზუსტად ვიცი, რომ ხელში საეტაპო წიგნი მიჭირავს და ისიც ზუსტად ვიცი, რომ, თუ ვინმე მკითხავს, ყველა დროის სამი საუკეთესო ქართული რომანი დავასახელო, ერთ-ერთი აუცილებლად „სამხრეთული სპილო“ იქნება.

რომანი, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება, სინამდვილეში ალბათ ყველა დროს მოიცავს – იმ დროსაც კი, როცა სამხრეთული სპილოები ტარიბანის ველზე დააბიჯებდნენ. მთავარი გმირი რეჟისორია, რომელიც, მის თავს დამტყდარი ფატალური ამბის გამო, გადაწყვეტს, კინო აღარასოდეს გადაიღოს. მას მერე ცხოვრება თითქოს ძველი ჩვევების ინერტულ გამეორებებად იქცევა. თუმცა ბავშვობის მეგობარი თაზო, რომლის ცხოვრებაც, მთავარი გმირის მსგავსად, საბედისწერო ამბავმა ერთ წერტილში გაყინა, სთხოვს, რომ ქალთან შესახვედრად ბინა დაუთმოს და რეჟისორიც მთელ დღეს თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს ქუჩები მასში წარსულს აცოცხლებს – ბავშვობას, სიყვარულს, სტუდენტობის წლებს, როცა მეგობრებს სჯეროდათ, რომ ნამდვილ კინოს გადაიღებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ცხოვრებას ადამიანის პარალიზების დამპალი უნარი აქვს.

ამ მოგონებების პარალელურად თხრობაში საქართველოს ახლო წარსულიც შემოდის, მიხეილ ჯავახიშვილით და ლავრენტი ბერიათი, სამწლიანი დამოუკიდებლობით და აგერ, სულ ოცდახუთი წლის წინ, სამოქალაქო ომებითაც. ოცდახუთი წელი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის, ვინც ახლა ვცხოვრობთ – ყველაფერი, რადგან ეს ისტორია ჩვენ შევქმენით და ბევრი ჩვენგანის ცხოვრება, მთავარი გმირივით, სწორედ იმ წერტილში გაიყინა.

რომანის ყველა პერსონაჟი – ისინი, ვინც მთავარ გმირს ერთი დღის განმავლობაში ქუჩაში ხვდება, თავიანთი განსხვავებული და თავისებური ხასიათით, ცხოვრებით, საბოლოო ჯამში, თბილისის პორტრეტს ქმნიან. ოღონდ არა იმ „ფეიქ“ თბილისის, არამედ ქალაქის, რომელიც „იყო ურთიერთობა“ (რაზეც გამუდმებით ვხუმრობთ ხოლმე) და მარტო თბილისისაც არა – მთელი საქართველოსი, სადაც სვანმა ბიჭმა სოფლის თავზე გამავალ, რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემებს ავტომატი ესროლა.

ჰო. ეს წიგნი არჩილ ქიქოძის სამხრეთია – თბილისური, პროფესორის შვილის და ქურდი ბიჭი ლეოს სიყვარულის ისტორიით, შორენას მოდუღებული ყავით, სვანი მარტოკაცის ომით, ზვიადისტი დედის სიჯიუტით და საჩაიე „ნარგიზით“, სადაც ახალგაზრდა მეგობრებმა თანაკურსელ როზეტას მის სვან ბიძაშვილთან შეხვედრის „გაჩალიჩება“ უნდა სთხოვონ კინოს გადასაღებად, როზეტამ კი მათ თავზე დაამხოს ყველაფერი.

წიგნის სათაური ზუსტადაა შერჩეული. გადაშენების პირას მყოფი სამხრეთული სპილო იმ დროის ხიდის მეტაფორაა, რომელიც წარსულსა და მომავალს შორისაა გადებული, რომლისთვისაც, წესით, „აწმყო“ უნდა გვეწოდებინა, მაგრამ ახლო წარსულმა ერთ მომენტზე გაჩერება გვაიძულა და ჩვენი ცხოვრებაც, მთავარი გმირივით, ძველი ჩვევების ინერტულ გამეორებებად აქცია.

რატომ?

იმიტომ, რომ ახლო წარსულში ყველა ის ჯანდაბა დაგვემართა, რაც ჩვენნაირ ჯიუტ ხალხს მოსდის ხოლმე, არასდროს რომ ჰყოფნის მოთმინება. კიდევ იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რა გვექნა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გვეღირსა. ქუჩებში გამოვედით და ერთმანეთს ვესროდით, სანამ რამეს გავიაზრებდით და ეს ყველაფერი მეტისმეტად სამხრეთულად გამოგვივიდა.

თუმცა,„სპილოს“ რეჟისორივით, მეც მჯერა, რომ „არც მე და არც შენ არასოდეს ვიქნებით საწყლები“.

არა, არჩილ? ხომ ასეა?