Image Alt

ალუზიური მისტიფიკაცია თუ ქართული მაგიური რეალიზმი?

ამბავი-ძველი-დახვრეტილებისა-და-ამბავი-ახალი-დასახვრეტებისა

ალუზიური მისტიფიკაცია თუ ქართული მაგიური რეალიზმი?

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

ბესო სოლომანაშვილის პირველ რომანს ალბათ ყველაზე გრძელი სათაური აქვს ქართული რომანის ისტორიაში: „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა (ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო)“. მოდით, ნუ დავწვრილმანდებით და რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ გმირივით ნუ ვიკითხავთ: რა საჭიროა ეს ორი სათაური ან სათაურში გამოტანილი ეს ამდენი „ამბავი“ რაღა ამბავია, სხვა ტავტოლოგია რომ არც შევიმჩნიოთ და სათაურიდანვე დიდსულოვნად „გავუტაროთ“ ავტორს…  თუმცა რაღა გავუტაროთ, მე რომ ამ წიგნის რედაქტორი ვყოფილიყავი, ნებით კი არა, ძალით ამოვაკლებინებდი რამდენიმე „ზედმეტ“ სიტყვას ავტორს სათაურიდანვე, მაგრამ, რაკი ჩემზე გამოცდილმა რედაქტორმა, ანა ჭაბაშვილმა ეს არ გააკეთა, ალბათ, საამისოდ რაღაც მიზეზიც ჰქონდა: ან ავტორის სიჯიუტე, რომელიც ბოლოს და ბოლოს მისთვის ზურგში მიგაყოლებინებს ფრაზას: „თავშიმც ქვა გიხლია!“ ანდა ტექსტის საერთოდ კონცეფცია, რომელიც ზოგჯერ სათაურიდანვე შესაბამის განწყობას მოითხოვს.

ყოველ შემთხვევაში, ამსიგრძე სათაურის მერე მე უკვე ყველაფრისათვის მზად ვიყავი და რომანის კითხვას საკმაოდ უხალისოდ შევუდექი.

თუმცა, პირველივე გვერდიდან ეს უხალისობა დიდი ინტერესით შემეცვალა და ძალიან მალე დავასრულე რომანი, რომელიც, თავისავე სათაურთან შედარებით, უაღრესად სხარტი, არტისტული და დინამიკურია.

ჩემი წერილის პირველივე ფრაზებში კი შემთხვევით არ მიხსენებია მეოცე საუკუნის ქართული გროტესკისა და აბსურდის დიდოსტატი რეზო ჭეიშვილი.

შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ ვინმეს „ენათესავება“ ბესო სოლომანაშვილი, ალბათ ყველაზე მეტად რეზო ჭეიშვილის სტილისტიკას.

თუმცა მისი რომანის ცალკეულმა პასაჟებმა ალაგ-ალაგ შესაძლოა ოთარ ჭილაძეც და, განსაკუთრებით, მისი „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გაგვახსენოს.

ოღონდ აქ სავსებით არ იგულისხმება არათუ ზედაპირული მიბაძვა, არამედ უფრო სიღრმისეული – ლიტერატურული ზეგავლენაც კი, რაც პირველი რომანის შემთხვევაში იქნებ გასაგები და გამართლებულიც კი ყოფილიყო.

სოლომანაშვილისათვის ეს რომანია პირველი, თორემ ის უკვე საკმაოდ გამოცდილი ავტორია, რომლის „აქტივებშიც“ რამდენიმე ბრწყინვალე მოთხრობა და დრამატურგიული ნიმუში დევს და „გავლენაც“ თუ ვინმესი და რამისა ეტყობა ამ ტექსტს, უპირველესად მისი ავტორის დრამატურგიული გამოცდილებისა.

სხვათა შორის, ეს მიზეზი რამდენიმე წლის წინათ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ არ მომწონებოდა ჩემი კოლეგების მიერ დიდად ნაქები ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“.

იქნებ სწორედ მე ვცდები და არა ჩემი პატივცემული და გემოვნებიანი კოლეგები, მაგრამ ჩემი აზრით, „მსხლების მინდორს“ სწორედ ავტორის დრამატურგიული გამოცდილება გადაეღობა წინ და აღარ მიუშვა რომანის, ნამდვილი რომანის დიდ კონდიციამდე. დატოვა კინომოთხრობად, მაგრამ უკვე როგორც კინომოთხრობა, მართლაც შესანიშნავი იყო.

რაღაც დაახლოებით ასეთ შეგრძნებას ბესო სოლომანაშვილის ეს ტექსტიც გაგიჩენთ. ოღონდ სოლომანაშვილის ამ რომანში კინო უფრო ფონია, უფრო ადრინდელი გამოცდილებაა, რომელსაც ავტორი ახალ (ლიტერატურულ) სივრცეში წარმატებით იყენებს.

კინოს სტილისტიკიდან აქ ჩემთვის ამოსაცნობი იყო კადრირება, როცა თითქოს ავტორი კამერით მისდევს საკუთარ გმირებს და მათ ქცევას, სხვადასხვაგვარი რაკურსით ან განსახვავებული დისტანციიდან – ჯერ შორი მანძილიდან, მერე უფრო ახლოდან, ბოლოს კი სულ ახლოდან გვიჩვენებს.

ამაზეა აგებული თვითონ ტექსტის დინამიკაც და, რა თქმა უნდა, ლიტერატურაში ოსტატურად გადატანილი ეს კინემატოგრაფიული ხერხი ძალიან საინტერესოა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, რა ხერხად ტრანსფორმირდება და რა ეფექტს გვაძლევს ლიტერატურაში კადრის თანამიმდევრობის პრინციპის ან მთლიანად ვიზუალური დინამიკის შემოქმედებითი გადანერგვა.

ამ დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ასეთი რამ ძალზე ეფექტიანია განწყობის შესაქმნელად, მითუმეტეს, თუკი განწყობა ელვისებურად იცვლება კომიკურიდან ტრაგიკულისაკენ, ტრაგიკულიდან გროტესკისკენ, გროტესკიდან აბსურდის შეგრძნებამდე.

კინოენისათვის დამახასიათებელი მეორე ნიშანი კი, პირიქით, ლიტერატურული ტექსტისათვის წამგებიანი აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ბესო სოლომანაშვილის რომანი პერსონაჟებს თითქოს სამგანზომილებიანი სივრციდან გვიჩვენებს და სრულებით არ აინტერესებს სიღრმე, რომელიც სწორედ დაწერილი ტექსტის მთავარი „კოზირია.“  აქ გმირებს შესანიშნავად ვხედავთ გარედან, ვაკვირდებით მათ ქცევას, მაგრამ ვერაფრით შევდივართ მათ შიგნით, რადგან ავტორი ან არ უღრმავდება ამ პერსონაჟების ქცევის მოტივაციას, ანდა ზედაპირულად მიგვანიშნებს მხოლოდ ერთ მიზეზზე და არა – მიზეზთა მთელ წყებაზე, რამაც ესა თუ ის პერსონაჟი ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე ან ქცევამდე მიიყვანა.

იმასაც ვფიქრობ, რომ ასეთი შემოქმედებითი პოზიცია არა იმდენად კინოს ზეგავლენა, რამდენადაც აბსურდის შესაქმნელად აუცილებელი ერთგვარი ხერხიც შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, რომანში აღწერილ უსულგულობის, გამოფიტვის, მეორე ადამიანის ბედისწერით სრული დაუინტერესებლობისა და, შესაბამისად, სისასტიკის ატმოსფეროს ეს მიდგომა ძალზე ეფექტიანად, თითქმის უდანაკარგოდ გადმოცემს.

მაგრამ თვითონ ავტორისთვისაც კი რაღაც მომენტში იმდენად სულერთი ხდება თავისი პერსონაჟის ბედი, რომ ერთიბეწო ემპათიის გასაქანსაც კი აღარ გიტოვებს.

მეორე მხრივ, საკუთარ პერსონაჟებთან სწორედ ეს დისტანცია გამოარჩევს ბესო სოლომანაშვილის რომანს სხვა თანამედროვე თუ წინამორბედი ავტორების ნაწერებისაგან. ამ რომანში ავტორი თანამედროვე სამყაროში არსებული თუ ამ სამყაროს აღქმისათვის არსებული ღმერთივითაა: ის შესანიშნავად ქმნის თავის გმირებს, მაგრამ აბსოლუტურად აღარ ერევა ამ გმირების ბედისწერაში და არ ერევა თუნდაც იმდენად, რომ თავისი დამოკიდებულებით ამ გმირების მიმართ რაიმე წინასწარი განწყობა შეგვიქმნას.

ბესო სოლომანაშვილს შეუძლია ერთადერთი პასაჟით გაგვიხსნას  გმირის გარეგნობაცა და მისი ხასიათიც. მაგალითად: „ჩითის კაბაში გამოკოპწიავებულ გოგოს სულ ეს საოცარი სუნი ასდიოდა – რძეში ამოვლებული იების სუნი“…

ჩემთვის ეს ფრაზა, ეს დაკვირვებაც კი სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ბესო სოლომანაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესანიშნავ ოსტატად ვაღიარო.

და აქაც კინოენისათვის დამახასიათებელი ერთი თავისებურება იჩენს თავს: როცა კინოში რამე უბედურება უნდა მოხდეს, რეჟისორი ამისათვის მაყურებელს თითქოს სრულიად დაუკავშირებელი კადრით,  თითქოსდა, ბედისწერის „გაელვებით“ წინასწარ ამზადებს. ვთქვათ, გმირი მანქანამ უნდა გაიტანოს და ამისათვის წინასწარ რომელიმე კადრში გამოჩნდება გზატკეცილი, სადაც ვეება სატვირთოები დიდი სისწრაფით მოძრაობენ.

ასეთი წინასწარ შემამზადებელი კადრის ფუნქციას ასრულებს ტექსტში ზემოთ მოყვანილი ფრაზა და განსაკუთრებით – რძეში ამოვლებული თუ რძეში ჩასრესილი იების სურნელი. როგორც კი ეს სიტყვები წავიკითხე, მაშინვე განგაშის შეგრძნებამ დამრია ხელი და ცოტა ხანში ეს „განგაშიც“ გამართლდა: პატარა გოგო მამამისის სამკერვალოში გაჩენილი ხანძრისას დაიწვება, ფართლეულის თოფებს შორის ჩაძინებული.

რამდენადაც დაუჯერებელი ჩანს ეს ამბავი, იმდენად დამაჯერებლად აღწერს მას ბესო სოლომანაშვილი. საერთოდ, მის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ამ ამოცანას – დამაჯერებლობის შენარჩუნებას – იგი თავს მთელ ტექსტში შესანიშნავად ართმევს და ამას ახერხებს იმის მიუხედავად, რომ გარეკანზევე, რომანის მიმართულების განსაზღვრისას მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს არის „ალუზიური მისტიფიკაცია“.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ მესმის, რას ნიშნავს ამ კონტექსტში სიტყვა „ალუზიური“, მისტიფიკაციის შინაარსისა ბევრი რამ გამეგება და ამიტომაც დავუფასე მწერალს ასეთი ოინი: გარეკანზევე (ვითომ) გაცხადებული სტილური განსაზღვრება.

„ვითომ“ იმიტომ, რომ „ალუზიური“ ამ კონტექსტში, მთელი თავისი ბუნდოვანი მაღალფარდოვნებით, ყველა ჩვენს წინასწარ განწყობას ლოგიკის ყოველგვარ საფუძველს ფეხქვეშ გამოაცლის.

მისტიფიკაციის ჭრილი კი მართლაც ბოლომდე შენარჩუნდება და თანაც, მისი ყველა მახასიათებლით, მათ შორის პერვერსიით: ბესო სოლომანაშვილის ამ რომანში ძალიან ბევრი პერვერსიაა. პერვერსია კი თანაბრად ახასიათებს როგორც მისტიფიკაციას, ასევე აბსურდს. ამ ყველაფრის სწორი აღქმა კი მკითხველის წინასწარ შემზადებას საჭიროებს. ეტყობა ავტორმაც ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, რომანი დაეწყო თავით, რომელსაც ჰქვია: „როგორ მოვატყუოთ გამომცემელი“, სადაც, გამომცემელზე მეტად, უფრო სწორად, უპირველესად, მკითხველები იგულისხმებიან.

სხვათა შორის, ამ თავში ბევრი ისეთი მონაკვეთია, რომელმაც ძალზე გამახალისა და თუ გაგანია მიტინგებისა და სამოქალაქო უკმაყოფილების დროს, სალობიე „ბიაში“ სავახშმოდ მისულ ჩვენს პრეზიდენტს გავიხსენებთ, ამ ამბამდე კარგა ხნით ადრე დაწერილმა პასაჟებმა თითქმის წინასწარმეტყველური ჟღერადობაც შეიძინა. ეტყობა, ლობიოს მართლაც რაღაც განსაკუთრებული მისტიკური ფუნქცია აქვს ჩვენი ეროვნული თვითდგენისა და გადარჩენის ურთულეს პროცესებში. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს სინამდვილის აღწერისასაც ბესო სოლომანაშვილი სწორედ „ლობიოს ეპისტემას“ მიმართავს და გვეუბნება:

„ეს ის დროა, ქვეყანაში ნაყინი რომ ფუფუნებაა, ფული არავის აქვს და მთელ ქვეყანაში ერთადერთი საჭმელი ლობიოა. ეტყობა, ადვილად მოსაყვანია ეს ლობიო და იმიტომ. პირდაპირ ნატურით მიდიოდა ვაჭრობა – ბოზებიც კი ლობიოზე იძლეოდნენ. ნაციის რჩეულებს ყველაზე მეტი ლობიო ჰქონდათ და მოგეხსენებათ, ლობიოს რაც ახასიათებს. ჰოდა, დადიოდა მთელი ნაცია კუებ-კუებით. ყველაზე ელიტარულები და ყველაზე ლამაზები სიამოვნებით ხოცავდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით – ქალაქის ცენტრში.“

ვისაც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში არ უცხოვრია (მაგალითად, საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტს), მისთვის აქ აღწერილი სინამდვილე მართლაც „ალუზიურ მისტიფიკაციას“ ემსგავსება, ჩვენთვის კი, მწერლისთვისაც და მისი მოსატყუებლად გამზადებული მკითხველებისთვისაც (ანუ ამ ეპოქაგამოვლილებისათვის) ეს ყველაფერი მკაცრ, კრიტიკულ რეალიზმად გამოიყურება.

ისე, სულ მაინტერესებდა, თვითონ ლათინური ამერიკის ქვეყნების მცხოვრებთათვის მათი მწერლობის „მაგიური რეალიზმი“ რამდენად იყო მართლაც მაგიური?

სალობიე „ბიაში“ წიგნის დაწერიდან ალბათ კარგა ხნის შემდგომ მომხდარმა ინციდენტმა კი სულ სხვაგვარად გამოკვეთა რომანის ბოლო თავის სათაურიც – „როცა იმავე მძღნერში ხარ“ და მთელი ის გულისამრევი ტრაგიზმი, რასაც ბესო სოლომანაშვილი ამ თავითა და ამ სათაურით გულისხმობდა: საბჭოთა მემკვიდრეობა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ, საუბედუროდ, ჯერ კიდევ იქ ვართ: იმავე მძღნერში, რადგან ეს მემკვიდრეობა სათანადოდ არ გაგვიცნობიერებია და შესაბამისად, არც გადაჭრით გვითქვამს უარი მასზე.

არადა, სწორედ ასე, ანუ ამ საბჭოური მემკვიდრეობის გაცნობიერებით შეიძლება ამ ქაქიდან ამოსვლა, თორემ სხვა ყველაფერი – მათ შორის, საფრანგეთში გაზრდილი და საბჭოთა სინამდვილეს აცდენილი პრეზიდენტიც – ალუზიური მისტიფიკაციაა, საქართველოს „მაგიური რეალიზმია“, რომელიც დღევანდელი სინამდვილის შემზარავობას კი არ შველის, კიდევ უფრო ამძაფრებს.