25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ჩვენ_შესახებ

ჩვენ შესახებ

საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს – ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში – იწყება. გამომცემლობის დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, მთარგმნელი იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თავისი თარგმნილი წიგნის გამოცემა განიზრახა და სწორედ ამით შეიძინა პირველი საგამომცემლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მან მოგვიანებით საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა, 1999 წელს დაფუძნებული გამომცემლობა კვლავ მის სახელს ატარებს და რჩება ლიდერად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე.

თავისი არსებობის განმავლობაში „სულაკაურის გამომცემლობამ“ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგამომცემლო პროექტი განახორციელა, ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგა, ბევრი ქართველი და უცხოელი ავტორი გააცნო მკითხველს, მაგრამ მთავარი, რითაც გამომცემლობის მაღალპროფესიონალური გუნდი ამაყობს – მის მიერ გამოცემული წიგნების მაღალი ხარისხია.

ჩვენ ვართ ლიდერები ქართულ საგამომცემლო საქმეში და ჩვენ მიერ გამოცემულ თანამედროვე ქართველ ავტორებს კითხულობენ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოცზე მეტ სხვადასხვა ენაზე. ჩვენ ავტორები იმარჯვებენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებში; არაერთი მათგანი ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას” მრავალგზის ლაურეატია.

„სულაკაურის გამომცემლობა“ “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და   თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი ინიციატორია. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს პირველი საავტორი კოლექტიური სტენდი სწორედ ჩვენი ორგანიზებით მოეწყო 2007 წელს და იმავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას როგორც საქართველოში გამართულ, ისე საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს – როგორიცაა მაგალითად “ყველაზე წიგნიერი” – ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბავშვებისა და მოზარდების წიგნერების ამაღლებისა და მათი მკითხველებად ჩამოყალიბების საქმეში.

სულაკაურის გამომცემლობას მკვეთრად ჩამოყალიბებული საგამომცემლო პრიორიტეტები აქვს, კერძოდ: საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, თანამედროვე და კლასიკური პროზა, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ლიტერატურა. ჩვენ მიერ გამოცემული წიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ჩვენს ბრენდულ მაღაზიებში. ხოლო ვებგვერდი sulakauri.edu.ge ძირითადად საგანმანათლებლო ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს აერთიანებს. რამდენიმე წელია, რაც ჩვენს მკითხველებს ქართული და თარგმნილი პროზის ელექტრონული ვერსიების შეძენა შეუძლიათ პორტალებზეც lit.ge და saba.com.ge, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.

მაღალმხატვრული ღირებულების, საინტერესო, მრავალფეროვანი ლიტერატურა, ინოვაციური პროექტები და საგანმანათლებლო წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრულად ამართლებს გამომცემლობის სლოგანს – წიგნები მთელი ოჯახისათვის!