-
ცხოველების ანბანი
ოთარ ყარალაშვილი
ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო, მადლობას გიხდით "ცხოველების ანბანის" შეძენისთვის. სამ თამაშს, რომელთაც ჩვენ გთავაზობთ, მთელ მსოფლიოში სიამოვნებით თამაშობენ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც. ამას გარდა, "ცხოველების ანბანი" შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა საბავშვო ბაღისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის. კოლოფში ბარათების ორი კომპლექტია. თითოეული კომპლექტი შედგება 33 ბარათისაგან, რომლებზეც გამოსახულია ცხოველები: აქლემი, ბუზი, გველი, დელფინი, ენოტი, ვირი, ზღარბი, თუთიყუში, იხვი, კიბორჩხალა, ლომი, მარტორქა, ნიანგი, ობობა, პინგვინი, ჟირაფი, რვაფეხა, სპილო, ტახი, ურჩხული, ფუტკარი, ქათამი, ღორი, ყვავი, შველი, ჩხიკვი, ცხენი, ძროხა, წერო, ჭიამაია, ხვლიკი, ჯიხვი და ჰიპოპოტამი. ბარათებს აწერია ქართული ანბანის შესაბამისი ასოები.
1. ლოტო: ბარათები იყოფა ორ კომპლექტად (თითოეულში 33 სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებაა). პირველი კომპლექტიდან მოთამაშეებს ურიგდებათ ბარათები თანაბარი რაოდენობით (ოთხ-ოთხი ან მეტი). თამაშის წამყვანი ამოიღებს ბარათს მეორე კომპლექტიდან და ასახელებს მასზე გამოსახულ ცხოველს. თუ რომელიმე მოთამაშეს ამოღებული ბარათის წყვილი აღმოაჩნდა, იგი ხმამაღლა აცხადებს ამას და წამყვანისგან იღებს ამოღებულ ბარათს. თუ ამოღებული ბარათი არავინ არ მოითხოვა, იგი გვერდზე იდება და წამყვანი ახალ ბარათს ამოიღებს. თამაში გრძელდება, სანამ რომელიმე მოთამაშე მისთვის დარიგებულ ყველა ბარათს არ დააწყვილებს. თამაში ხელს უწყობს ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გავარჯიშებას. ბავშვები შეისწავლიან ბარათებზე გამოსახული ცხოველების სახელებს. დარიგებული ბარათების რაოდენობა შეიძლება შეირჩეს ბავშვების ასაკისა და რაოდენობის შესაბამისად.
2. მემორი: ბარათები ლაგდება მაგიდაზე სახით ქვევით თანაბარი სიგრძის მწკრივებად, ისე რომ ამ მწკრივებმა მართკუთხედი შეადგინოს. პირველი მოთამაშე ყველას დასანახად სათითაოდ ატრიალებს ორ ბარათს. თუ ბარათები ერთნაირი აღმოჩნდა, მოთამაშეს მიაქვს წყვილი და უფლება აქვს, გახსნას კიდევ ორი ბარათი. თუ ბარათები სხვადასხვანაირია, ისინი ბრუნდება თავის ადგილზე სახით ქვევით და რიგი მომდევნო მოთამაშეზე გადადის. თამაში გრძელდება, სანამ მაგიდიდან ყველა ბარათი არ აიკრიფება. იმარჯვებს ის, ვინც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტ წყვილს დააგროვებს. თამაში ხელს უწყობს მეხსიერების, კონცენტრაციისა და ორიენტირების უნარის განვითარებას. ბავშვების ასაკის შესაბამისად, თამაშისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბარათების სხვადასხვა რაოდენობა. დიდ ჯგუფებში ბავშვები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად.
3. სიტყვობანა: თამაშის წამყვანი ბარათების საშუალებით წერს რაიმე სიტყვას. მოთამაშეები რიგ-რიგობით ცდილობენ ამ სიტყვაში გამოყენებული ბარათებისგან სხვა სიტყვები შეადგინონ. ვინც ახალ სიტყვას ვერ მოიფიქრებს, თამაშიდან გადის. იმარჯვებს ის, ვინც ყველა დანარჩენ მოთამაშეს თამაშიდან გააგდებს. თამაში ხელს უწყობს წერა-კითხვის ათვისებას და სიტყვათა მარაგის გაფართოვებას. საწყისი სიტყვა (სიტყვის შინაარსი, გამოყენებული ასოები და ასოების რაოდენობა) შეიძლება შეირჩეს ბავშვების ასაკისა და ცოდნის შესაბამისად. დიდ ჯგუფებში ბავშვები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად.
ISBN: 978-9941-15-525-3 კატეგორიები: სხვადასხვა ტეგები: გვერდების რაოდენობა: 0 ყდა: ფორმატი: 20.5x14 გამოცემის თარიღი: 2011 წონა: 0კგ
ფასი: 0 ლარი
გაზიარება







